Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სამხრეთ ოსეთზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი ”მაქსიმალურად სწრაფად” დაამტკიცებს
/ 2 აპრ.'07 / 19:42
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტის ინიციატივა, ”საქართველოს კანონის პროექტი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ” უკვე შევიდა პარლამენტში. მას რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით 5 აპრილს განიხილავენ. 

კანონპროექტი, რომელიც სამ გვერდს მოიცავს, განსაზღვრავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ფორმასა და წესს კონფლიქტის ზონაში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე. ასევე იმ ფუნქციებს, რომელიც დროებით ადმინისტრაციას დაეკისრება.

”ამ კანონის მიზანია ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენასა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და მათი ინტერესების უზრუნველყოფას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქისათვის სტატუსის განსაზღვრისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას,”- ნათქვამია კანონპროექტში, რომლის ტექსტიც რიგგარეშე სხდომაზე განხილვამდე შესაძლოა შეიცვალოს კიდეც.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით კანონპროექტი დეკლარაციული, ზოგადი ხასიათისაა, რათა სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესს შეექმნას სამართლებრივი საფუძველი და ერთგვარი ბიძგი მიეცეს მას. 

”უნდა დაინიშნოს შესაბამისი არჩევნები და მოხდეს ლეგიტიმაცია... ალტერნატიულ ხელისუფლებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია  და ფაქტია, რომ იურიდიული ვაკუუმი ლეგიტიმაციის საკითხებთან დაკავშირებით არსებობს. სწორედ ამ კანონპროექტის მიღება და შემდგომი პროცესები შექმნის ამ ლეგიტიმირების საშუალებას და გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა შემდგომი პროცესებიც,”- განუცხადა ბეჟაშვილმა ”სივილ ჯორჯიას” 2 აპრილს.  

კანონპროექტის თანახმად, დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ქმნის საქართველოს პარლამენტი.

”ჯერ-ჯერობით ამ კანონში ადმინისტრაციის სამოქმედო ფარგლები განსაზღვრული არ არის. ამ კანონის საფუძველზე პრეზიდენტი განსაზღვრავს ამ ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვრებს, წარმოუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად და ეს იქნება უკვე ოფიციალური საზღვრები ამ დროებითი ადმინისტრაციისა,”- აცხადებს ბეჟაშვილი.

კანონის პროექტის თანახმად, ”დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო მმართველობის განხორციელების უფლებამოსილება შეთანხმების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეიძლება მიენიჭოს ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებს”.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ზურაბ დეკანოიძის განცხადებით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადგილობრივი მოსახლეობის ნომინირებითა და ხელისუფლებასთან კონსულტაციების  შედეგად შეირჩევა და ”გაფორმდება მემორანდუმი, რომელსაც  შემდეგ პრეზიდენტი დაამტკიცებს. ასეთია პროცედურა”.

სავარაუდოდ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგილს სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი ალტერნატიული პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევი დაიკავებს, მაგრამ ამაზე ჯერ ღიად არავინ საუბრობს. თუმცა ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს გარკვეული მინიშნებები სანაკოევზე, როგორც მისაღებ პიროვნებაზე.

”ეს ადმინისტრაცია ტიპიური სტრუქტურა არ იქნება გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს იქნება გარკვეული დამოუკიდებლობის და ავტონომიური შინაარსის მქონე სტრუქტურა და დამოუკიდებლად გადაწყვეტს რაღაც საკითხებს, თუმცა გარკვეული კონსულტაციები იქნება სახელისუფლებო ორგანოებთანაც, მაგრამ კლასიკური ტიპის დაქვემდებარება არ იქნება,”- განუცხადა ზურაბ დეკანოიძემ ”სივილ ჯორჯიას”.

კანონპროექტის თანახმად, ”დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ძირითადი ფუნქციებია:

• სახელმწიფო მმართველობის განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
• კონფლიქტის ზონის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება;
• თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გასატარებლად;
• კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით შესაბამისი გეგმებისა და პროექტების შემუშავება და მათი მომზადების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის უზრუნველყოფა;
• სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო პროცესების დაჩქარების მიზნით სხვა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
• კონფლიქტის ზონის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის ურთიერთნდობის განმტკიცებისათვის ხელშეწყობა;
• ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების კოორდინაცია;
• ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
• საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება”.

ზურაბ დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტი დელეგირებას მოახდენს გარკვეული დამატებითი უფლებამოსილებების, ძირითადად იმ საკითხებზე, რაც კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას ეხება. 

”კონკრეტული ფუნქციები გადასახადების აკრეფასთან, ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებით და ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის საკითხები შემდგომი მოლაპარაკებების საგანი იქნება,”- დასძენს ლევან ბეჟაშვილი. 

ხელისუფლება  პრეზიდენტის ახალი საკანონმდებლო ინიციატივის საბოლოო მიღებას მომავალი კვირისთვის ვარაუდობს. კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კანონპროექტს აფასებს, როგორც ”ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმულ ნაბიჯს კონფლიქტის დარეგულირების გზაზე”.

”ჩვენ ღიად ვაცხადებთ, რომ ჩვენ მზად ვართ ვესაუბროთ ყველა მხარეს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ის  წარმოადგენს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ინტერესებს. ჩვენ მზად ვართ ვესაუბროთ როგორც კოკოითის ასევე სანაკოევის ე.წ ხელისუფლებას  და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად და პოლიტიკური გზით დარეგულირდეს,”- განაცხადა პარლამენტის ბიუროს 2 აპრილის სხდომაზე ბურჯანაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთიან პოზიციას დაიკავებს დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის საკითხზე, ”რათა, როგორც ქვეყნის მოსახლეობამ, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობამ იცოდეს, რომ არის პრინციპული საკითხები, სადაც ჩვენ ვახერხებთ საერთო ენის გამონახვას.”

ოფიციალურმა მოსკოვმა მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტ სააკაშვილის ახალი ინიციატივა დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნასთან დაკავშირებით, ასევე თბილისის მიერ დიმიტრი სანაკოევის ”პროპაგანდა” და მოუწოდა ქართულ მხარეს თავი შეიკავოს ”არაშორსმჭვრეტელური” გეგმებისაგან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გავრცელებულ ოფიციალურ კომენტარში განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული ორი მხარეა და ”ეცადო არსებულ ვითარებაში ჩარგო ახალი მონაწილეები, გადაჭარბების გარეშე, დანაშაულია”.

”ორი-სამი დღის წინ ერთ-ერთმა უწყებამ ისტერიული განცხადება მიუძღვნა ჩვენს გადაწყვეტილებას მივიღოთ კანონი დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვიმუშავეთ ავტონომიის აღდგენაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. როდესაც მე წავიკითხე ეს ისტერიული კომენტარები, მაშინ მივხვდი, რომ აბსოლუტურად სწორ გზაზე ვდგევართ და ბოლომდე გავაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2 აპრილს სენაკის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას.    

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24