Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აზერბაიჯანის და საქართველოს უთანხმოება საზღვრის ”დავით გარეჯის” მონაკვეთზე გრძელდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 აპრ.'07 / 14:59

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის იმ მონაკვეთზე არსებულ 
უთანხმოებას, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, ორი პარტნიორი ქვეყნის ოფიციალურ პირებს შორის უჩვეულოდ კრიტიკული განცხადებები მოყვა.

საინფორმაციო სააგენტო News-Azerbaijan, რომელიც რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” შემადგენლობაში შედის, იტყობინებოდა 27 მარტს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხალაფ ხალაფოვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ბაქო არ დათმობს კავკასიელი ალბანელების (ხალხი, რომელიც ცხოვრობდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე) ისტორიულ მონუმენტს ”კეშიკჩის”  - ამ სახელით აზერბაიჯანელები მოიხსენიებენ სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილს, რომელიც საზღვრის მათ მონაკვეთზე მდებარეობს და რომელიც საქართველოში დავით გარეჯის სახელწოდებითაა ცნობილი.

ხალაფოვმა, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის თანათავმჯდომარეა, ასევე განაცხადა, რომ ”ალბანური მონასტერი ”კეშიკჩი” კვლავ საზღვრის ერთ-ერთ საკამათო მონაკვეთად რჩება”. ამ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის საკმაოდ მწვავე რეაქცია მოყვა.

”ჩემთვის გაუგებარია კოლეგამ რატომ გააკეთა ასეთი შეფასება. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხის ისტორიულ ნაწილში ის არ უნდა შეჭრილიყო იმიტომ, რომ ის არ არის მისი მანდატი და მისი კომპეტენცია, ვინაიდან საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის მანდატი არ არის ამ ძეგლის წარმომავლობის საკითხი, არამედ სასაზღვრო ზოლის დადგენა და გაუგებარია მისი ისტორიული შეფასებები. მე ვურჩევ მას მსოფლიო ისტორია წაიკითხოს,”- განუცხადა 3 აპრილს გელა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს.

ორ ქვეყანას შორის საზღვრის 35% ჯერ კიდევ შესათანხმებელია, მათ შორისაა ”დავით გარეჯის” მონაკვეთიც. კლდეში გამოკვეთილი ეს სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ნაწილია.

”ეს არის სასულიერო ძეგლი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წმინდა ადგილი საქართველოსთვის. შესაბამისად, აი ამ პოზიციებიდან გამომდინარე მუშაობს საქართველოს მხარე ამ [დემარკაცია-დელიმიტაციის] კომისიაში და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს  კეთილგანწყობის, მეგობრობისა და ძმობის ის დონე, , რომ ასეთი ტიპის საკითხები გადაწყდეს ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ”- განაცხადა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტი მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა 3 აპრილს.

2006 წლის თებერვალში ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტი სააკაშვილი შეეცადა შეერბილებინა აზერბაიჯანთან არსებული სასაზღვრო უთანხმოება, განაცხადა რა, რომ ”ეს არ არის დავა”.

მისი თქმით, საბჭოთა პერიოდში ”დავით გარეჯის” სამონასტრო კომპლექსი მაშინდელ აზერბაიჯანის და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციულმა საზღვარმა გაყო. სააკაშვილის თქმით, ”ამან სამართლებრივი პრობლემები გამოიწვია,” რისი მოგვარებაც ახლა კონსულტაციების გზით ხდება.

საქართველოს ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის, მათ შორის კონსერვატიული პარტიის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დათმო პოზიციები მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა საქართველოს 200 მილიონი აშშ დოლარის სესხი გამოუყო ბაქო-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობისთვის. თუმცა, ოფიციალურმა პირებმა ამ განცხადებებს აბსურდული უწოდეს.

მარტის ბოლოს ამ დავაში ასევე ჩაერთო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და კატეგორიულად გააპროტესტა, ვითომდა, საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ შემოთავაზებული წინადადება კომპლექსის ”ღია ტურისტულ ზონად” გამოცხადების თაობაზე. თუმცა, სამინისტრომ კატეგორიულად უარყო მისი ამგვარი ინიციატივა.

თბილისმა აზერბაიჯანს ტერიტორიების გაცვლა შესთავაზა; თუმცა, ქართული მედიის ცნობით, ბაქომ უარყო ეს წინადადება იმ მიზეზით, რომ ის სიმაღლეები, რომლის ნაწილზეც ”დავით გარეჯის” სამონასტრო კომპლექსია განთავსებული სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38