Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოს პარლამენტს მიმართა
/ 11 მაი.'07 / 19:03
სივილ ჯორჯია

კონფლიქტის მოგვარების საფუძველი უნდა გახდეს ოსი ხალხისთვის ფართო ავტონომია მყარი პოლიტიკური და კულტურული გარანტიებით ერთიანი საქართველოს ფარგლებში, განუცხადა დიმიტრი სანაკოევმა ქართველ დეპუტატებს 11 მაისს საქართველოს პარლამენტში ოსურ ენაზე სიტყვით გამოსვლისას.  
 
როგორც მოსალოდნელი იყო, 38 წლის დიმიტრი სანაკოევს, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 მაისს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელად დანიშნა, პარლამენტში თბილი დახვედრა მოუწყვეს.  
 
მან ქართველ დეპუტატებს განუცხადა, რომ სურს იცხოვროს ”თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ჩვენი და ჩვენი ბავშვების მომავალი იქნება დაცული ”.
 
”მე ვფიქრობ, რომ ჩემი ერის ასეთი მომავალი ერთიან, დემოკრატიულ და სტაბილურ საქართველოშია,” - განაცხადა სანაკოევმა.
 
მისი თქმით, მან და მისმა თანამოაზრეებმა გრძელი და რთული გზა გაიარეს, სანამ ამ იდეამდე მივიდოდნენ.
 
”ბევრმა [ოსმა] იარაღი აიღო ხელში. მეც მათ შორის ვიყავი. მაგრამ ყველამ დავინახეთ, რომ შეიარაღებულმა დაპირისპირებამ უბედურების მეტი არაფერი მოუტანა ჩვენს ხალხებს. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჩიხში მოვექეცით,”-  განაცხადა სანაკოევმა.
 
დიმიტრი სანაკოევი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი 2001 წელს მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში იყო, მაშინდელი ლიდერის ლუდვიგ ჩიბიროვის მთავრობაში. მაგრამ 2001 წლის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ედუარდ კოკოითის მოსვლის შემდეგ სანაკოევი რუსეთში წავიდა.
 
2001 წლის ივნისში ჩიბიროვმა სანაკოევი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დააწინაურა. რუსული პრესა წერდა, რომ სანაკოევს დიდ პატივს სცემდნენ  სამხრეთ ოსეთში იმის გამო, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობას იღებდა. 
 
სანაკოევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთში 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარ შეიარაღებული კონფლიქტს ”სათავე დაუდო მანკიერმა საბჭოთა მემკვიდრეობამ ორივე მხარის მიერ დაშვებულმა მძიმე შეცდომებმა და გარეშე ძალის პოლიტიკამ, რომელიც იმპერიულ პრინციპს - ”გათიშე და იბატონე” - ეყრდნობოდა”.
 
სანაკოევმა ასევე განუცხადა დეპუტატებს, რომ მიუხედავად მისი მაღალი თანამდებობისა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებაში, მან ვერ შეძლო მხარეებს შორის ნდობის დამყარება და გარღვევა კონფლიქტის მოგვარების პროცესში, რადგანაც ”ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა”.
 
”გამოსავალი ერთადერთია – პირდაპირი დიალოგი ქართველ და ოს ხალხებს შორის, გარე და შიდა დესტრუქციული ძალების განეიტრალება, მისი ჩანაცვლება საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის ჯანსაღი და ეფექტური თანადგომით. ნდობის მშენებლობისა და ეკონომიკურ რეაბილიტაციაში განსაკუთრებით დიდია ევროკავშირის როლი. საჭიროა, რომ ანტი-დემოკრატიულ პროპაგანდა-აგიტაციას დავუპირისპიროთ ჩვენი მოძრაობის გაბედული სამშვიდობო ინიციატივები და ეკონომიკური განვითარების პროექტები,” - დასძინა სანაკოევმა.
 
”ვიცი, რომ საჭირო იქნება გარკვეული კომპრომისებიც, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ,”- განაცხადა მან.
 
მან ასევე აღნიშნა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მისამართით, რომ ”ერთიან საქართველოში ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ შესუსტდება კავშირები ჩრდილოეთ ოსეთთან”.
 
ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანია დამოუკიდებლობა და შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება.
 
სანაკოევის თქმით, ცხინვალის ხელისუფლება, მათი ”უცხოელი ზედამხედველების” მითითებებით ცდილობს ჩაშალოს ნდობის აღდგენის პროცესი და ორ ხალხს შორის შუღლის პროვოცირება მოახდინოს.
 
”ჩვენი ოსი ბავშვები იზრდებიან გაუთავებელი კონფლიქტის პირობებში, მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში ... მათ არ იციან, რა ხდება ავტომატიანი ჯარისკაცების მიერ გამაგრებული შლაგბაუმებისა და ბლოკპოსტების მიღმა... თვალსა და ხელს შუა ვკარგავთ თაობებს,”- განაცხადა სანაკოევმა.
 
”მე ამას არ დავუშვებ! ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ!” - დასძინა მან.
 
”ეს არის ჩვენი დღევანდელი გამოწვევა! ეს არის ჩვენი დღევანდელი მიზანი! შევქმნათ ახალი ოსეთი, ძლიერი და ლაღი, ძალადობისგან თავისუფალი და თავისუფალი ხალხის ოსეთი,”- განაცხადა სანაკოევმა.
 
დასასრულს მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას აამოქმედოს კანონი ქონების რესტიტუციის შესახებ სამხრეთ ოსეთის მსხვერპლთათვის, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2006 წლის დეკემბერში მიიღო.
 
პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიესალმა სანაკოევის სიტყვას და მას ”ემოციური და გულწრფელი” უწოდა.
 
”ეს გამოსვლა გვაიმედებს, რომ ნამდვილად სწორ გზაზე ვდგავართ და რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი მთავარი ამოცანის განხორციელებას: მშვიდობიანად აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა,” - განაცხადა ბურჯანაძემ.
 
სანაკოევის გამოსვლის პარლამენტში ასევე დაესწრნენ საქართველოში აკრედიტირებული უცხოელი ელჩები. თუმცა, არ დასწრებია რუსეთის ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო. რუსეთმა რამდენჯერმე გააფრთხილა საქართველო, რომ სანაკოევის მხარდაჭერისკენ მიმართულმა პოლიტიკამ შესაძლოა შეარყიოს რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარება.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28