Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირის წარმომადგენელი კონფლიქტებზე საუბრობს
/ 12 ივნ.'07 / 16:24
სივილ ჯორჯია

საქართველოში არსებული კონფლიქტები რეგულარულად განიხილება ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან მიმართებაში მოლაპარაკებების და სამშვიდობო ფორმატების შეცვლის საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას, განაცხადა 11 ივნისს თბილისში მყოფმა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ.   

თბილისს სურს, რომ მისი დასავლელი პარტნიორები უფრო აქტიურად ჩაერთონ სამშვიდობო პროცესში, რათა დაბალანსდეს რუსეთის დომინანტური როლი; თბილისი მოლაპარაკებების ფორმატების შეცვლასაც ითხოვს, სადაც რუსეთს ასევე წამყვანი პოზიციები უკავია. 

აფხაზეთი

შვედი დიპლომატი, პიტერ სემნები, რომელიც გასული წლის თებერვლიდან სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელია, აცხადებს, რომ ევროკავშირი მხოლოდ ”ახლა იწყებს სერიოზულად ჩართვას” კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ღონისძიებებში. ეს კი უკვე თავისთავად იმაზე მიანიშნებს, რომ ევროკავშირი ”უფრო მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს” თამაშობს საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში.

პიტერ სემნები 11 ივნისს სოხუმს სტუმრობდა, სადაც აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ევროკავშირის წინადადებების პაკეტი განიხილა, რომელთა მიზანიც მხარეებს შორის ნდობის აღდგენაა. ეს წინადადებები აფხაზეთში ევროკავშირის შემსწავლელი მისიის მიერ იანვარში განხორციელებული ვიზიტის შედეგების საფუძველზე მომზადდა. მისია მიზნად ისახავდა იმ შესაძლებლობების შესწავლას, თუ როგორ შეიძლებოდა ესარგებლა თვითგამოცხადებულ რეგიონს საქართველოსთან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკიდან.

პიტერ სემნების თქმით, აფხაზური მხარე ”მზად არის განაგრძოს მუშაობა ამ ღონისძიებებზე”.

”ჩვენ ხანგრძლივად ვიხილავდით სხვადასხვა ღონისძიებებს და ამ ხანგრძლივი განხილვის შემდეგ- რაც ადვილი არ იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, ძალიან პროდუქტიული გამოდგა -  ჩემი შთაბეჭდილებით, აფხაზური მხარე აცნობიერებს, რომ ღონისძიებების ეს პაკეტი მათ ინტერესებში ჯდება,” - განაცხადა მან.

თუმცა, ამ შეხვედრის შემდეგ სოხუმმა განაცხადა, რომ ის მზად არის განიხილოს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული წინადადებები, მხოლოდ მას შემდეგ, რაც თბილისი გაიყვანს თავის ძალებს და თავის ”მარიონეტულ მთავრობას” ზემო კოდორის ხეობიდან. აფხაზური მხარე ამ მოთხოვნას თბილისთან მოლაპარაკებების განახლების წინაპირობად აყენებს. 

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგის არარსებობა ”ძალიან პრობლემატურია” და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთების წყაროს წარმოადგენს.

”თავისთავად დიალოგის თემა  არ უნდა იყოს მოლაპარაკებების საგანი,” - განაცხადა პიტერ სემნებიმ. 

ცხინვალის რეგიონი

პიტერ სემნების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლა აქტიურად არ განიხილება, სამხრეთ ოსეთში ახალი ”პოლიტიკური ორგანოს” შექმნა, როგორც უკვე არსებული ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) დამატება, შესაძლოა სასარგებლოც გამოდგეს.

”[სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში] ჩვენ რეალურად არ გვაქვს ფორმატი, რომელსაც იმის ხარისხის პოლიტიკური ძალა გააჩნია, რომ კონფლიქტის მოგვარება უზრუნველყოს. შსკ ბევრ საქმეს აკეთებს, მაგრამ ეს ორგანო მოწოდებულია უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა და ეს არის ამ ფორმატის პასუხისმგებლობის არეალი,” - განაცხადა მან.

”ეს არ ნიშნავს, რომ შსკ უნდა გაუქმდეს; ის კვლავაც შეიძლება იყოს ორგანო, რომელსაც ცეცხლის შეწყვეტის გაკონტროლება შეეძლება, თუმცა მასთან ერთად უნდა გაჩნდეს პოლიტიკური ორგანოც,” - დასძინა სემნებიმ.

თუმცა, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.

”[განხილვის] მთავარ საკითხს წარმოადგენს კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც დააახლოებს მხარეებს, რათა მათ ერთმანეთთან ურთიერთობა დაამყარონ... ამჟამად მთავარია დაინტერესებულ მხარეთა ნება, იყვნენ ერთად და თავიანთი პოლიტიკური წონადობა მოგვარების უკან დააყენონ და როცა ეს მოხდება, ვფიქრობ, რომ ფორმატის საკითხიც, ასე თუ ისე, მოგვარდება,” - განაცხადა სემნებიმ.

”პიროვნებებზე აქცენტირება უსარგებლოა”

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში უპირატესობის მოპოვების მიზნით თბილისმა კონფლიქტის ზონაში თავისი დროებითი ადმინისტრაცია ჩამოაყალიბა, რამაც არსებული სტატუს კვო ცალმხრივად შეცვალა. ადმინისტრაციას დიმიტრი სანაკოევი ჩაუდგა სათავეში, რომელსაც 2001 წლამდე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებაშიც საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავა.  

პიტერ სემნების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი სანაკოევს სამხრეთ ოსეთის საზოგადოების ნაწილად მიიჩნევს, ”სასარგებლო არ იქნებოდა” პიროვნებებზე აქცენტის გაკეთება.

მისი თქმით, ”პიროვნების გარშემო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე” მეტად მნიშვნელოვანია ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რომელიც ეფუძნება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ”ფუნდამენტალურ მისწრაფებებს და სურვილებს”.

”ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველოს შემოთავაზებას საინტერესოს ხდის საქართველოს პარტნიორების თვალში, არის ის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფართო დიალოგს სამხრეთ ოსეთის საზოგადოებასთან ან მის შიგნით. და თუ ასეთი დიალოგი შედგება, სწორედ ეს გახდის ამ შემოთავაზებას საინტერესოს სხვებისთვის და სწორედ ეს მისცემს საქართველოს საშუალებას მხარდაჭერა მოიპოვოს ამ ინიციატივის ირგვლივ,” - განაცხადა სემნებიმ.

”მთავარი აქ არ არის სანაკოევის პიროვნება ან [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ] კოკოითის პიროვნება; მთავარია, შეძლებს თუ არა საქართველო ამ გზით მივიდეს სამხრეთ ოსეთის საზოგადოების ყველა ნაწილამდე, მათ შორის ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებამდეც,” - დასძინა მან

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16