სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი ლიდერის ედუარდ კოკოითის ”დრო იწურება”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბაქოში 19 ივნისს გამართული სუამის ლიდერთა სამიტის შემდეგ.
პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში თბილისი დაიწყებს მოლაპარაკებებს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან დიმიტრი სანაკოევთან საქართველოს შემადგენლობაში რეგიონის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრის მიზნით.
”ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს დიმიტრი სანაკოევთან ავტონომიის თაობაზე. ოსებს საქართველოში ყველაფერს მივცემთ, რაზეც კი მათ ოდესმე უოცნებიათ,” - განაცხადა სააკაშვილმა.
”ეს არის უახლოესი რამდენიმე თვის საკითხი. საქართველოს ყველა რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ ეს საკითხი მშვიდობიანად, მაგრამ დროულად და ჩქარა მოაგვაროს,” - დასძინა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თბილისი ამ პროცესის მუდმივად გადადებას არ აპირებს, რადგან ”მოთმინება იწურება”.
მისი თქმით, ქართველ და ოს ხალხს შორის ურთიერთობებში პრობლემა არ არსებობს, თუმცა პრობლემა ჯერ ისევ არსებობს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომელსაც, პრეზიდენტის თქმით, კრიმინალური წარსული აქვს.
სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა სეპარატისტულ კონფლიქტებს, რომელიც სუამის სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოს და მოლდოვას მთავარი გამოწვევაა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 19 ივნისს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სუამს არ აქვს კონფლიქტების მოგვარების ფორმალური მექანიზმები, ორგანიზაციის მზარდმა საერთაშორისო მნიშვნელობამ არსებითი როლი უნდა შეასრულოს ამ კუთხით.
”სუამის როლი ამ კუთხით განისაზღვრება მისი მზარდი პოლიტიკური მნიშვნელობით და ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის ზრდით,” - განაცხადა ალიევმა.
”სუამს... რომელიც სულ უფრო მეტ პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს, მკაფიო პოზიცია აქვს ამ კუთხით: ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სეპარატიზმის განადგურება,” - დასძინა მან.
მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ვასილ ტარლევმა განაცხადა, რომ სეპარატისტული კონფლიქტები ”გარედან მხარდაჭერილი ხელოვნული პრობლემებია”.
სუამის ლიდერების (მოლდოვას პრემიერ-მინისტრი წარმოადგენდა) მიერ ხელმოწერილი ერთობლივი კომუნიკე კიდევ ერთხელ ადასტურებს წევრი სახელმწიფოების ერთიან მიდგომას ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საფუძველზე კონფლიქტის მოგვარებისადმი.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, რომ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრაზე სააკაშვილმა სუამის ერთობლივი სამშვიდობო კონტინგენტის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
”ასევე, სამომავლოდ განიხილება კონფლიქტის ზონებში სუამის ფორმატით სამშვიდობო კონტიგენტის ჩანაცვლება,” - განაცხადა პრეზიდენტის პრესსამსახურმა 18 ივნისს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ აღნიშნა, რომ სუამის სამშვიდობო კონტინგენტი გაეროს ან ეუთოს ეგიდით უნდა ჩამოყალიბდეს.
სუამის წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი სამშვიდობო კონტინგენტის შექმნაზე აქტიური განხილვა გასულ წელს დაიწყეს, თუმცა დღემდე ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის.