ევროპული ტიპის ავტონომია ერთიან ქართულ სახელმწიფოში უნდა გახდეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საფუძველი, განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის რიგით მე-9 სხდომაზე 26 ივნისს.
ამავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სტამბოლში გამართული BSEC-ის ლიდერთა სამიტი გამოიყენა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გამოეხატა მხარდაჭერა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის მიმართ.
ორივე ეპიზოდი განიხილება როგორც თბილისის დიპლომატიური შეტევა, რომელიც სანაკოევისა და მისი ადმინისტრაციისთვის საერთაშორისო ნდობის მოპოვებას ისახავს მიზნად.
სანაკოევის სიტყვის პათოსი, რომელიც მან ოსურ ენაზე წარმოთქვა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტში 11 მაისს მისი გამოსვლის ანალოგიური იყო.
”ერის გადარჩენის ერთადერთ გზად მიმაჩნია რეგიონის სრული დემილიტარიზაციის დაუყოვნებლივი დაწყება, თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით ოსებისა და ქართველების პირდაპირი დიალოგის წამოწყება და ორმხრივი კომპრომისების ხარჯზე ურთიერთნდობის აღდგენა... ჩვენ გვინდა ნამდვილი ევროპული ტიპის ავტონომია, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის სამხრეთ ტიროლში... ერთიან საქართველოში..., სადაც შენდება ლიბერალური დემოკრატია,” - განაცხადა სანაკოევმა.
”ყოველთვის, თვით შეიარაღებული დაპირისპირების უმძიმეს წლებშიც კი, ევროპა რჩებოდა ჩვენთვის, როგორც შორეული ოცნება. ოცნება იმაზე, როგორი უნდა იყოს ჩვენი შვილების მომავალი. დღეს ეს ოცნება ისე ახლოა, როგორც არასოდეს... საქართველოსთან ერთად ევროპაში უნდა დაბრუნდეს ჩემი კუთხეც, სამხრეთ ოსეთი,” - განაცხადა სანაკოევმა.
მან ასევე გააკრიტიკა ”ცხინვალის რეჟიმი” და განაცხადა, რომ ის აფერხებს სამშვიდობო პროცესს ხელს უშლის რა ნდობის აღგენას ქართველ და ოს ხალხს შორის სტატუს კვოს შენარჩუნების სურვილით.
25 ივნისს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) ორგანიზაციის ლიდერთა სამიტზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაგრძო ბაქოში სუამის სამიტზე დაწყებული რიტორიკა და განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება ახლოვდება.
მისი თქმით, სანაკოევის დროებითი ადმინისტრაცია რეგიონის მოსახლეობას მშვიდობის იმედს აღუძრავს. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საზღვრების მთლიანობის დარღვევა შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისთვის დამანგრეველი იქნება.
ცხინვალმა, იგრძნო რა, რომ თბილისი გარკვეულ წარმატებას აღწევს დიპლომატიურ მცდელობებში, დაგმო სანაკოევის ვიზიტი ბრიუსელში და განაცხადა, რომ სანაკოევის საერთაშორისო დონეზე წარდგინება ”ცინიკური და არაპერსპექტიულია”.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 ივნისს ასევე განაცხადა, რომ ”ზოგიერთი უცხოური ქვეყნის და საერთაშორისო სტრუქტურის” მიერ საქართველოს მხარდაჭერა უბიძგებს თბილისს ”გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისკენ”.
ანალოგიურად კრიტიკულია მოსკოვი დროებითი ადმინისტრაციის მიმართ. მაისის ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ განაცხადა, რომ თბილისის მხარდაჭერა სანაკოევისადმი ”საშიშია” და ”არასწორი მიმართულებაა”.
ევროკავშირი კი მაინც ფრთხილ მხარდაჭერას გამოხატავს თბილისის პოლიტიკის მიმართ.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ 11 ივნისს თბილისში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი სანაკოევს სამხრეთ ოსეთის საზოგადოების ნაწილად მიიჩნევს, მხოლოდ ერთ პიროვნებაზე ფოკუსირება არც თუ ისე ”სასარგებლო” იქნებოდა.
”ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველოს შემოთავაზებას საინტერესოს ხდის საქართველოს პარტნიორების თვალში, არის ის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფართო დიალოგს სამხრეთ ოსეთის საზოგადოებასთან ან მის შიგნით. და თუ ასეთი დიალოგი შედგება, სწორედ ეს გახდის ამ შემოთავაზებას საინტერესოს სხვებისთვის და სწორედ ეს მისცემს საქართველოს საშუალებას მხარდაჭერა მოიპოვოს ამ ინიციატივის ირგვლივ,” - განაცხადა სემნებიმ.
14 ივნისს ვენაში ეუთოს მუდმივ საბჭოზე გაკეთებულ განცხადებაში ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის მცდელობებს ”ყოვლისმომცველ საკონსულტაციო პროცესში” ჩაერთოს სამხრეთ ოსეთში არსებულ ყველა ძალასთან.