Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბან გი-მუნი თბილისსა და სოხუმს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს
/ 24 ივლ.'07 / 11:55
სივილ ჯორჯია

ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ” უნდა გააორმაგონ თავიანთი მცდელობები საომარი მოქმედებების განახლების გამომწვევი ქმედებების თავიდან ასაცილებლად”, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან გი-მუნმა უშიშროების საბჭოსადმი თავის მოხსენებაში.

მოხსენება, რომელიც 23 ივლისს გამოქვეყნდა, ასახავს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში აპრილის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმ მოლოდინისა, რომელიც თებერვალში, ჟენევაში გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების შეხვედრაზე გაჩნდა, დიალოგი მხარეებს შორის კვლავ შეწყვეტილია.

თუმცა, გაეროს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ორივე მხარე გაითვალისწინებს ივნისში ბონში გამართული ”მეგობართა ჯგუფის” შეხვედრის შედეგებს და ”კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ამ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესასრულებლად”. 

სოხუმი თბილისთან დიალოგის აღსადგენად გარკვეულ წინაპირობებს აყენებს: კერძოდ, ზემო კოდორის ხეობიდან ქართული შეიარაღებული ძალების და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის გაყვანას ითხოვს; ასევე უკავშირებს დიალოგის აღდგენას გალის ადმინისტრაციის თანამშრომლის დავით სიგუას გათავისუფლებას. სიგუა, რომელიც ეთნიკური ქართველია, 2007 წლის თებერვალში გაუჩინარდა. თბილისი უარყოფს რაიმე კავშირს ამ ფაქტთან.

თავის მოხსენებაში, ბან გი-მუნმა, რომელიც 29 ივნისს თბილისს ხანმოკლე ვიზიტით ეწვია, ქართულ მხარეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან ”პატრიოტთა” ბანაკის გაყვანისკენ მოუწოდა.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული ბანაკი პრეზიდენტმა სააკაშვილმა სოფელ განმუხურში - სოხუმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში - 26 მაისს საზეიმოდ გახსნა. 23 ივლისს ბანაკს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ესტუმრა.   

”ინციდენტების შესაძლებლობის თავიდან აცილების მიზნით, გაერო უერთდება მეგობარი ქვეყნების ჯგუფს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამოიყვანოს ბანაკი უსაფრთხოების ზონიდან,” - განაცხადა ბან გი-მუნმა.

თან იქვე დასძინა, რომ ”კულტურული ღონისძიებები ისე უნდა განხორციელდეს, რომ ამან არ გამოიწვიოს გაუგებრობა, შეცდომები და, შედეგად, ძალადობა”.

იგი ასევე დაეთანხმა მოწოდებებს ზემო კოდორის ხეობის სოფელ აჟარაში  გაეროს სადამკვირვებლო პუნქტის გახსნის თაობაზე.

ზემო კოდორის ხეობაზე 11 მარტს განხორციელებული თავდასხმის შესახებ მოხსენებაში, გაეროს დამკვირვებელთა მისია სადამკვირვებლო პუნქტის ამოქმედების ინიციატივით გამოდის.  მისი რეკომენდაციით, ასეთი პუნქტი უნდა  აღიჭურვოს უპილოტო თვითმფრინავებით და საარტილერიო რადარით, რომელსაც გაეროს დამკვირვებელთა მისია მართავს.

ბან გი-მუნი დაეთანხმა ამ რეკომენდაციას და აღნიშნა, რომ ”ამგვარი ღონისძიებები უეჭველად გაზრდის მისიის სამოქმედო შესაძლებლობებს, მათ შორის მისიის მონიტორინგის და დაკვირვების შესაძლებლობებს მათი მოქმედების არეალში”.

ქართული მხარე მიესალმა გაეროს მისიის სადამკვირვებლო პუნქტის შექმნის ინიციატივას;  თუმცა, სოხუმმა ეს წინადადება კატეგორიულად უარყო. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ სოხუმი მხოლოდ მაშინ განიხილავს ამ წინადადებას, თუ ქართული ძალები ზემო კოდორის ხეობას დატოვებენ.

თავის მოხსენებაში გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნდობის აღდგენის ღონისძიებებთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ დაადასტურა თებერვალში გამოხატული მზადყოფნა ხელი შეუწყოს კონტაქტებს სოხუმსა და თურქეთის აფხაზურ დიასპორას შორის.

”ასევე მზადდება სოხუმსა და ტრაბზონს შორის საზღვაო კავშირის დამყარების პირობების განხილვა,” - ნათქვამია მოხსენებაში.  

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 13 ივლისს განაცხადა, რომ საზღვაო კავშირის პირობების გარშემო საკამათოა ის საკითხი, თუ ვინ შეამოწმებს გემებს და სად.

”[თურქეთთან საზღვაო კავშირის შემთხვევაში] საქართველო დაჟინებით მოითხოვს აფხაზეთში მომავალი გემების შემოწმებას ფოთის ან ბათუმის პორტებში. თუმცა, ჩვენ ამის წინააღმდეგ წავედით. შემდეგ ქართულმა მხარემ მოითხოვა გემების შემოწმება საერთაშორისო წყლებში. თუმცა, ეს წინადადებაც მიუღებელია,” - განაცხადა შამბამ.

სოხუმი გემების მხოლოდ რუსი სამშვიდობოების ან გაეროს დამკვირვებლების მიერ შემოწმებაზე დათანხმდება.

თურქეთსა და აფხაზეთს შორის საზღვაო კავშირის ლეგალიზების საკითხი პირველად 2005 წელს დაისვა; თუმცა, მას შემდეგ ეს საკითხი არ განხილულა, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ.
  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17