Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბურჯანაძე მისი როლის დაკნინებით უკმაყოფილოა
/ 4 სექ.'07 / 17:14
სივილ ჯორჯია

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 4 სექტემბერს მწვავედ და ღიად გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ არ ყოფილა ჩართული კონსულტაციებში, რომელიც სამთავრობო ცვლილებებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევას უკავშირდებოდა. იგი ასევე პირადად პრეზიდენტ სააკაშვილსაც დაუპირისპირდა, როდესაც ახალი მთავრობის პროგრამა გააკრიტიკა.  

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საუბრისას ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა, მისთვის მიუღებელია, რადგან ვერ იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკის გამტარებელი ახალ თანამდებობაზე. 

”მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირადად ჩემი დამოკიდებულება ამ კანდიდატურის მიმართ, რომელიც დასახელებულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, არის უარყოფითი. არა იმიტომ, რომ პირადად ლექსო ალექსიშვილის მიმართ მაქვს უარყოფითი დამოკიდებულება, მე მასთან ვთანამშრომლობდი, როგორც ფინანსთა მინისტრთან, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბატონი ლექსო ვერ იქნება ბოლომდე დამოუკიდებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ის იქნება უფრო მთავრობის პოზიციის სრულად გამტარებელი, ვიდრე ოპონენტი, კარგი გაგებით, როგორც ეს უნდა იყოს ეროვნული ბანკის შემთხვევაში, რომლის პრეზიდენტმაც პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს ყოველთვის უნდა მიაწოდოს ძალიან აწონილი და ბალანსირებული პოზიცია,”- განაცხადა ბურჯანაძემ 4 სექტემბერს. 

მან ალექსიშვილი მოიხსენია, როგორც  ”ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატურა”.

”მე მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკი უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი სტრუქტურა... აქედან გამომდინარე ნამდვილად მიმაჩნდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით სერიოზული კონსულტაციები უნდა შემდგარიყო, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ეს ასე არ მოხდა და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს არის ჩემთვის მიუღებელი,” - აღნიშნა მან, ”ეროვნული ბანკი არის ის სტრუქტურა, რომელსაც აქვს საქართველოს პარლამენტთან განსაკუთრებული დამოკიდებულება და განსაკუთრებული ფუნქციები”.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ”მიუღებელი” უწოდა იმ ფაქტს, რომ აქტიურად არ იყო ჩართული სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ კონსულტაციებში.

”როდესაც საქმე ეხება პარლამენტის პრესტიჟს და პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, როგორც ინსტიტუტს, მე ყოველთვის ვაფიქსირებ იმ პოზიციას, რაც მიმაჩნია სწორად და მნიშვნელოვნად. ჩემთვის ნამდვილად არ არის მისაღები და ვერ ჩავთვლი მისაღებად, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ იყოს ჩართული დეტალურად იმ კონსულტაციებში, რომელიც მთავრობაში ასეთ სერიოზულ გადაადგილებასთან არის დაკავშირებული,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

ლექსო ალექსიშვილი, რომელმაც ფინანსთა მინისტრის თანამდებობა მთავრობაში ცოტა ხნის წინ განხორციელებული ცვლილებების დროს დაკარგა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაასახელა. მისი წინამორბედის რომან გოცირიძის გადადგომას მედია ჯერ კიდევ მაისის თვეში ვარაუდობდა, როდესაც იგი ”ნაციონალური მოძრაობის”  დეპუტატებმა გააკრიტიკეს. მედია ვარაუდობდა, რომ ბურჯანაძეს ამ თანამდებობაზე პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი ირაკლი კოვზანაძე უნდოდა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გააკრიტიკა მთავრობის პროგრამა და მოუწოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას უკეთესი ვარიანტი წარმოადგინოს.

”ეს არის განზრახულობათა დეკლარაცია და მე მოხარული ვიქნები, თუ მთავრობა მეტი სერიოზულობით მიუდგება პარლამენტთან დამოკიდებულებას და წარმოადგენს უფრო სერიოზულ პროგრამას”, -  განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის მიერ გაკეთებული განცხადება ძირითადად ანალოგიურია ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებული კომენტარებისა, რომელთაც მთავრობის ახალ პროგრამას ”სურვილების და სადღეგრძელოების კრებული”  უწოდეს, რომელიც, მათი თქმით, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას არ შეიცავს.

მაშინ როცა ბურჯანაძე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საუბრობდა, პრეზიდენტი სააკაშვილი ოპონენტებს მთავრობის ახალი პროგრამის გაკრიტიკების გამო საყვედურობდა.

”ამ დღეებში შევიდა მთავრობის ახალი პროგრამა პარლამენტში დასამტკიცებლად და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, როგორც ჩანს, ცხოვრების წესიდან გამომდინარე მაშინვე გაიხსენა სადღეგრძელო... ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დონეზე მიდის პოლიტიკური გარჩევები,”- განაცხადა პრეზიდენტმა მარნეულში ახალი სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნისას.

”თუ 100 სოფლის მეურნეობის საწარმო, 200 სოფლის გზა, 100 ახალი საავადმყოფო - ძალიან თანამედროვე, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ასევე ის რომ ყველა სკოლა საქართველოში იქნება როგორც გერმანიაში და ჰოლანდიაში, ის რომ  საქართველოში სოციალური დაცვის ბევრად უკეთესი გარანტიები შეიქმნება - თუ ყველაფერი ეს მხოლოდ სადღეგრძელოებად ეჩვენებათ, მაშინ ისე აუხდეს ყველას თავის სადღეგრძელოები, როგორც აქამდე ჩვენ ყველა ჩვენი საპროგრამო დებულება შევასრულეთ, გადაჭარბებით შევასრულეთ  და კიდევ უფრო მეტად შევასრულებთ მომავალში,”- განაცხადა პრეზიდენტმა.

”არის ხალხი, რომლის ფუნქციაა ლაზღანდარობა და არის ხალხი, რომლის ფუნქციაა აი ასეთი რაღაცეების გახსნა. და  ეს აღარ არის ფანტაზიები და სადღეგრძელოები, ეს არის კონკრეტული ქმედება,”-  მიუთითა მან ახალ საწარმოზე.

ქართულმა მედიამ უკვე შეაფასა ნინო ბურჯანაძის განცხადება, როგორც ”მოულოდნელი”. თუმცა, აშკარაა, რომ მისი და პარლამენტის როლი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დააკნინა. მედიის ვარაუდებით, ცოტა ხნის წინ ბურჯანაძემ ვერ შეძლო საკუთარი კანდიდატურის გაყვანა კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტზე.

”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ბურჯანაძემ პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჯარო განცხადება მეორედ გააკეთა. 2005 წელს მან მწვავედ გააკრიტიკა ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. თუმცა, მოგვიანებით მას უკან დახევა და ნოღაიდელის კანდიდატურისთვის მხარის დაჭერა მოუწია.

კანონის თანახმად, პარლამენტმა რომან გოცირიძის გადაყენებას უნდა დაუჭიროს მხარი, ხოლო შემდეგ ახალი კანდიდატურა დაამტკიცოს. ბურჯანაძის განცხადების შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებზეც დაიწყოს მსჯელობა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12