რამდენიმე დღის წინ შეწყალებულმა ხაჩიშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ არ დაუშვებს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას მოსვლას. მეორე დღეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში 8 პოლიტიკური პარტიის ლიდერი და წარმომადგენელი შეიკრიბა, რომლებმაც ყოფილი მხედრიონის წევრის განცხადება საჯაროდ დაგმეს და "კრიმინალურ-პოლიტიკური სისტემის დაუყოვნებლივი დემონტაჟი მოითხოვეს".
პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებული პიროვნებების გელაშვილისა და ხაჩიშვილის შეწყალებამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. 1990-იანი წლების დასაწყისში გასამხედროებული ორგანიზაციის "მხედრიონის" წევრების გათავისუფლება პოლიტიკურ ძალთა უმრავლესობამ ხელისუფლებისა და ქვეყნის კრიმინალიზაციის უტყუარ ფაქტად აღიქვა და ამ პროცესის წინააღმდეგ ერთობლივად გამოსვლა გადაწყვიტა.
"შევიკრიბეთ, რათა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა და ახლა მაინც შევძლოთ, რომ პოლიტიკური საკითხები არ წყდებოდეს ძალადობის, ტერორისა და ფიზიკური ზემოქმედების ქვეშ", განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ.
"ეს შეხვედრა არის მცდელობა, რათა პოლიტიკური სპექტრის ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთკონკურენციის ჩარჩო შეიქმნას, რომელიც შევარდნაძისა და აბაშიძისაგან იქნება დისტანცირებული", განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა. "ეს არის ქართული პოლიტკური სპექტრის გამოწვევა. ვერცერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ეცდება, ან შევარდნაძეს, ან აბაშიძეს ჩამოეკიდოს, ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს", დასძინა მან.
ქართული პოლიტიკური ძალების შეკრება ექსპერტების უმრავლესობამ პოლიტიკური პარტიების ხელისუფლებისაგან გამიჯვნის პროცესის ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნია. მოქკავშირის დაშლამდე გაბატონებული იყო შეხედულება, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შევარდნაძე-ჟვანიას კავშირი დაიშლებოდა, მაშინ სხვადასხვა პარტიებს შორის ჩამოყალიბდებოდა გარკვეული წონასწორობა, ხოლო პრეზიდენტი შევარდნაძე არბიტრის როლს შეასრულებდა. ზოგიერთი პარტიის ლიდერი კი მოქალაქეთა კავშირის ადგილის ჩანაცვლებასაც ვარაუდობდა. რეალურად, ჟვანიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ, შევარდნაძემ უპირატესობა კვლავ მოქკავშირის აღდგენას მიანიჭა და პარტიის თავმჯდომარედ თავისი ახალი ფავორიტი, სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე დანიშნა.
"ასეთმა განსაკუთრებულმა აქცენტმა მოქკავშირის, როგორც ნომენკლატურულ-სახელისუფლებო პარტიის აღდგენაზე, რიგი პოლიტიკური პარტიების ხელისუფლებისაგან გაუცხოება გამოიწვია. ეს შევარდნაძის გარკვეული შეცდომაა", მიიჩნევს გია ნოდია, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის დირექტორი.
პარტიების ხელისუფლებისაგან მკვეთრად გამიჯვნის პროცესი, ერთის მხრივ, პოლიტიკური ძალების დასერიოზულობაზე, ხოლო მეორეს მხრივ, გაცილებით ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის დაწყებაზე მიუთითებს, როდესაც ხელისუფლება და მასთან დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფები გამოკვეთილია. "ეს უფრო ახლოსაა ნორმალურ პოლიტიკურ სტრუქტურასთან, თუმცა, იგი გარკვეული პოლიტიკური რისკების შემცველია - ყოველთვის არსებობს იმის საფრთხე, რომ ეს დაპირისპირება კონტროლიდან გავა. ამდენად, ეს პოლიტიკური ელიტისათვის გარკვეული გამოცდაც არის, თუ რამდენად შეძლებს ის აგრესიულობისა და კეთილგონიოერების ერთგვარ შეხამებას".
მოქალაქეთა კავშირის დაშლამდე, ქართული პოლიტიკას ორი დირიჟორი ჰყავდა ედუარდ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის სახით. ორივე პოლიტიკოსი კულუარული პოლიტიკის წარმოების დიდოსტატია. მათი დამსახურებაა სწორედ, რომ დღემდე პოლიტიკური რიტორიკა და რეალური პოლიტიკური პროცესი ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. მმართველი პარტიის დაშლის ძირითადი შედეგი კი სწორედ ის იყო, რომ ოპოზიციური ძალების მკვეთრი გამიჯვნა მოხდა ხელისუფლებისაგან და საჯარო პოლიტიკა რეალურ პოლიტიკურ ბრძოლად გადაიქცა.
დავით ბერძენიშვილის აზრით, ამჟამად ისეთი ვითარება შეიქმნა, როდესაც პოლიტიკოსები კი აღარ კარნახობენ პირობებს ამომრჩევლებს, არამედ საზოგადოებად ქცეული ამომრჩეველთა დიდი მასები კარნახობენ პირობებსა და პოლიტიკას პოლიტიკოსებს. "ჩვენ ძლივს ვასწრებთ ამომრჩეველთა სოციალური შეკვეთის კარგად გააზრებას და მასზე ადეკვატური პასუხის გაცემას", ამბობს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე.
საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მეორე თვალშისაცემ ტენდენციას ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი მეთოდების ხშირი გამოყენება წარმოადგენს. აღარავისათვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ქვეყანაში რამდენიმე შეიარაღებული დაჯგუფება სრულიად დაუფარავად მოქმედებს და არც თუ ისე იშვიათად სატელევიზიო ეთერით ცალკეულ პოლიტიკურ გაერთიანებებს ღია მუქარას უთვლის. ეს განსაკუთრებით ნათლად 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას გამოჩნდა, როცა რეგიონებში ბიულეტენების გატაცებასა და საარჩევნო უბნებზე შეიარაღებულ თავდასხმებს ჰქონდა ადგილი.
ამას გარდა, რეგულარული ხასიათი მიიღო რელიგიურ უმცირესობებისა და ადამიანის უფლებების დამცველებზე თავდასხმამ. 10 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტის წევრების ცემა და ამის გამო ზოგიერთი პოლიტიკოსის ცუდად შენიღბული სიხარული მიუთითებს, რომ ძალადობა კვლავ საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების წარმმართველი ფაქტორი ხდება.
კავკასიური ინსტიტუტის დირექტორის გია ნოდიას აზრით, ხელისუფლება ვეღარ ხედავს თავისი რეიტინგის გაუმჯობესების შესაძლებლობას. ერთი მხრივ, ხელისუფლება შეშფოთებულია, რომ რეალური ოპოზიცია გაჩნდა, მისი რეიტინგი დაცემულია, ამიტომ თავს ვეღარ გრძნობს მყარად და ეს მისი მხრიდან მეტი აგრესიულობის საწინდარია; მეორე მხრივ, ოპოზიცია ხედავს, რომ მას შეუძლია რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ რაკი ისინი კარგად ჩამოყალიბებულ, სტრუქტუირებულ ძალებს არ წარმოადგენენ, ისინი თვლიან, რომ მათი შანსი პოლიტიკური რიტორიკის გამწვავებაში მდგომარეობს. ასე რომ, ვითარების ორმხრივი გამწვავება ხდება, მიიჩნევს გია ნოდია.
როგორც ჩანს, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისას, რომლისთვისაც ქართული პოლიტიკის ყველა მოქმედი პირი უკვე დღესვე ძალიან სერიოზულად ემზადება. პრეზიდენტმა შევარდნაძემ მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე განახლებულ პარტიას ორი ძირითადი ამოცანა - საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოგება - დაუსახა. ადგილობრივმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ ოპოზიციური პარტიებსაც ძალიან სერიოზული პრეტენზიები აქვთ და ადრინდელივით მცირე პოლიტიკური დივიდენდებს აღარ დასჯერდებიან.
"დღეს უარეს შემთხვევაში, [პოლიტიკური ძალები] შევძლებთ, რომ პოლიტიკური ვატერლოო გავუმართოთ შევარდნაძე-აბაშიძის ერთობლივ არმიას და უკეთეს შემთხვევაში, იმდენად დასუსტებული იქნება აბაშიზე-შევარდნაძის ალიანსი, რომ, ფაქტობრივად, ბრძოლა და კონკურენცია რეალურ პოლიტიკურ ძალებს შორის გაიმართება", აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
ასე რომ, ყველაზე დიდ გამოწვევას ქართული საზოგადოებისათვის მომავალი არჩევნების მშვიდობიანი ჩატარება წარმოადგენს. ის, თუ როგორ განხორციელდება ძალაუფლების გადაცემა, განსაზღვრავს საქართველოს ცხოვრებას მომავალი ათწლეულის განმავლობაში.