პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეაქო შინაგან საქმეთა სამინისტრო ზემო კოდორის ხეობაში ”დივერსანტების და ტერორისტების ჯგუფის მოგერიებისთვის” და დაავალა სამართალდამცავ სტრუქტურებს ”შეიარაღებული პასუხი” გასცენ მათ პროვოკაციის განმეორების შემთხვევაში.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ ზემო კოდორის ხეობაში მომხდარი შეტაკების შედეგად ორი აფხაზი მებრძოლი დაიღუპა, ორი დაშავდა, შვიდი კი ქართულმა მხარემ დააკავა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ექვსი მებრძოლი იყო დაკავებული. მერაბიშვილმა ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია პრეზიდენტ სააკაშვილს 21 სექტემბერს ქუთაისში გამართულ მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.
მინისტრის თქმით, 15 სექტემბერს სამართალდამცავებმა სვანეთის კოდორის ხეობასთან დამაკავშირებელი მშენებარე გზის მახლობლად 15-16 კაციანი ჯგუფი შენიშნეს, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ მუხებით, ტყვიამფრქვევებით, ცეცხლსასროლი იარაღით.
მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ იმ ადგილას, სადაც ჯგუფი იქნა აღმოჩენილი, ასევე საჰაერო გზაც გადის.
”ეს ჯგუფი გზის უშუალო სიახლოვეს აწარმოებდა მინიმუმ სადაზვერვო საქმიანობას,” - განაცხადა მერაბიშვილმა, ”ეს არის ე.წ აფხაზეთის უშიშროების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმი, რომლებიც მსახურობენ სოხუმში”.
მისი თქმით, შეტაკების დროს მოკლული ერთი დივერსანტი ჯგუფის მეთაური იყო.
მანამდე, ტელეკომპანია ”რუსთავი 2” იტყობინებოდა, რომ სულ ცოტა ოთხი დაკავებული ეთნიკური რუსი იყო; თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ არაფერი თქვა.
აფხაზური მხარის განცხადებით, ინციდენტი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა მას შემდეგ, რაც ქართული ძალები თავს დაესხნენ აფხაზი მესაზღვრეების საწვრთნელ ბანაკს ტყვარჩელის რაიონში.
”უნდა მადლობა ვუთხრათ და აღვნიშნოთ ჩვენი სპეციალური სამსახურებისა და პოლიციელების ძალიან ოპერატიული და ზუსტი მოქმედება,”- განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპერაცია ”დივერსანტების და ტერორისტების” ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელდა. ”თუ ვინმეს უნდა თქვას, რომ ესენი არიან მეორე მხარე, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ ჩვენ ვიცით, ეს რა ხალხია. ესენი არიან დივერსანტები და ტერორისტები,” - განაცხადა მან.
”ყოჩაღ! რაც გააკეთეთ და მომავალშიც ასე გააგრძელეთ მომავალში,” - მიმართა სააკაშვილმა მერაბიშვილს.
მან ასევე განაცხადა, რომ თბილისი მშვიდობიანი დიალოგის მომხრეა და არ დაუშვებს ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაღვივებას, მაგრამ ”საქართველოს სახელმწიფო ორგანოები საკმარისზე უკეთესად არიან მომზადებულები იმისათვის, რომ პასუხი გასცენ ყველა სახის პროვოკაციებს”.
”მე ვფიქრობ, ჩვენი არაკეთილმოსურნეები ვერ მიხვდნენ დღემდე თავისი გონებაშეზღუდულობის გამო, რომ ჩვენ თამაშებს აღარ ვთამაშობთ და ნუ გვეთამაშებიან ამ იაფფასიან თამაშებს. ჩვენ ვართ ძალიან სერიოზულად განწყობილები, კარგად მომზადებულები და ძალიან კარგად მოტივირებულები იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა... თუ ვინმეს სურს, რომ საქართველო გადააქციოს რაღაც სახის მუდმივი კონფლიქტის ზონად, კბილებში მოხვდათ რამდენჯერმე და მოხვდებათ კიდევ უფრო მძლავრად,” - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ”უცხოელების მიერ გაწვრთნილი ” დივერსანტების ჯგუფის გამოგზავნა პროვოკაციის პირველი შემთხვევა არ იყო აფხაზეთში.
სააკაშვილმა 11 მარტს ზემო კოდორის ხეობის დაბომბვის ფაქტი გაიხსენა და განაცხადა, რომ ”მოხდა ვერტმფრენებით, მოდით პირდაპირ ვთქვათ, რუსეთიდან გადმოსული ვერტმფრენებით დაბომბვა”.