Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოქრუაშვილი დუმილს პრეზიდენტზე შეტევით არღვევს
/ 25 სექ.'07 / 16:15
სივილ ჯორჯია

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 25 სექტემბერს პირველად დაარღვია თითქმის ერთწლიანი პოლიტიკური დუმილი. მან  კრიტიკის მთავარ სამიზნედ პრეზიდენტი სააკაშვილი აირჩია და ყოფილ თანამოაზრეს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და  მკვლელობების შეკვეთებშიც კი დასდო ბრალი. ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა:

  • ”მე არაერთხელ მიმიღია პრეზიდენტ სააკაშვილისგან დავალება ამა თუ იმ გავლენიანი და მნიშვნელოვანი ადამიანის ლიკვიდაციის შესახებ”;
  • ”მე დავაკავე პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია და პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნით ის გავათავისუფლე”;
  • ”სააკაშვილს შინაგანი ზიზღი ამოძრავებს ქართული ეკლესიის მიმართ”;
  • ”ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებდა ერთ-ერთი დაკარგული ტერიტორიის შემოერთებამდე რომ არა პრეზიდენტის უუნარობა, სიმხდალე და ხელისუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი სააკაშვილის უსუსურობა მიეღო პოლიტიკური და ისტორიული გადაწყვეტილება”.

ეს განცხადებები ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს საკუთარი პარტიის  - ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” - პრეზენტაციაზე გააკეთა, სადაც მის გვერდით წარმოდგენილნი იყვნენ ასევე ახალი ოპოზიციური გაერთიანების პოლიტიკური სახეები: თეო ტლაშაძე, ქეთევან მახარაშვილი, კოკა გუნცაძე, გია ცაგარეიშვილი, გია თორთლაძე (დეპუტატები), ნათია ლაზაშვილი, ნანა ლეჟავა(ჟურნალისტები), ლევან ნიკოლაიშვილი (თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე), დავით კოღუაშვილი (ყოფილი დეპუტატი ”ახალი მემარჯვენეებიდან”), ეკა ბესელია (ადვოკატი).

გთავაზობთ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოქრუაშვილის გამოსვლის სრულ ტექსტს:

”დღეს დღის განმავლობაში, ხვალ პირდაპირ ეთერებში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ყველა კითხვას პასუხს გავცემ, არცერთ კითხვას არ დავტოვებ პასუხგაუცემელს.

ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, ფაშისტურმა ტენდენციებმა და ხელისუფლების მხრიდან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულმა ნაბიჯებმა იძულებული გაგვხადა ამ შემადგენლობით და ჩვენი პოზიციით წარვმდგარიყავით საზოგადოების წინაშე.

სააკაშვილის მმართველობის სტილმა, რომელმაც ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა, ცხოვრების ყოველდღიურ წესად აქცია უზნეობა, უსამართლობა, ადამიანების ჩაგვრა, ყოველდღიური რეპრესიები, სახლების და ეკლესიების ნგრევა, ძარცვა, ადამიანების ”გაკულაკება” და კაცის კვლა, ამას მინდა ხაზი გავუსვა, კაცის კვლა, იქცა ხელისუფლების ჩვეულებრივ წესად.

ამან შედეგიც გამოიღო, თავისთავად მიზანი გახლდათ ადამიანების დაშინება და დღეს ბევრი ადამიანი საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლას აშკარად ერიდება. მიმდინარეობს მოჩვენებითი ბრძოლა კორუფციასთან და პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობა აშკარად შერჩევითი აღმოჩნდა: ეს ვრცელდება მხოლოდ უქონელთა მიმართ, როგორც ეს შევარდნაძის რეჟიმის დროს ხდებოდა, ხოლო ”აქლემის  ქურდები” ხელისუფლებაში ზიან, იგივე კაცის მკვლელები და მათში ყოველდღე დაუსჯელობის სინდრომი დღითიდღე მატულობს.

კორუფცია დასაშვები გახდა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისათვის, ხელისუფლების მაღალი ეშელონებისათვის, სააკაშვილის ოჯახისათვის და მისი უახლოესი გარემოცვისათვის. მაშინ როდესაც მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ჩადენილი დანაშაულისათვის საპატიმროებია გადავსებული, ხოლო ხელისუფლებაში მოკალათებულნი არიან ადამიანები, რომლებმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოლიონები დააგროვეს, მაშინ როდესაც ისინი ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ.

ცნობისათვის ერთ ფაქტს გეტყვით, 3 წლის წინ, როდესაც გახლდით შინაგან საქმეთა მინისტრი, გამოძალვის და 200 ათასი დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე მე დავაკავე პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია და პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნით ის გავათავისუფლე.

ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი - მე მიწევს სიტყვა ”ჩვენი” ვიხმარო, რადგან ერთ დროს მეც იმ გუნდის წევრი გახლდით და შესაბამისად, გარკვეულ შეცდომებზე პასუხისმგებლობა მეც ვიზიარებ   - ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი გახლდათ უსამართლობის აღმოფხვრა და სამართლიანი ხელისუფლების იმიჯის დამკვიდრება, რაც სააკაშვილმა ბოლო წლების განმავლობაში ფეხქვეშ გაათელინა მერაბიშვილს და მის ოჯახს.

მიმდინარეობს გამალებული ბრძოლა ავტორიტეტების წინააღმდეგ, როგორც სოფლის რიგითი ავტორიტეტის, ასევე  კულტურის თუ ჩვენი ცხოვრების სხვა სფეროში მოღვაწე სახელოვანი ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოცხადებულნი არიან მეორეხარისხოვან მოქალაქეებად და რომლებიც თითქოს საფრთხეს უქმნიან ”ვარდების რევოლუციის” მონაპოვარს.

სააკაშვილი ცდილობს ფეხქვეშ გათელოს ადამიანის მთავარი ფასეულობა  - ღირსება. გადახედეთ მის გარემოცვას და ყველა კარგად აღმოაჩენს, რომ არცერთი ღირსების მქონე ადამიანი მის გარემოცვაში არ არის და ისინი სწორედ ამ კრიტერიუმით იყვნენ თავის დროზე შერჩეული, რათა თავიანთი ბელადის სიდიადე არ დაეჩრდილათ.

მოზარდებს მიზანმიმართულად ასწავლიან წინა თაობების უპატივცემულობას და ჩვენი მშობლების, ჩვენი ბებიების და ბაბუების თაობები გაიგივებულები არიან შევარდნაძესთან და სახელმწიფო დონეზე 40-50 წლის ასაკის ადამიანები გამოცხადებული არიან მეორეხარისხოვან მოქალაქეებად.

შევარდნაძის დროს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები არ იყვნენ მიჩნეული სრულფასოვან მოქალაქეებად, საერთოდ არ იყვნენ მიჩნეულნი ადამიანებად, მათ ხელისუფლება ისე უყურებდა, როგორც აპარტეიდის რეჟიმი ზანგებს და სააკაშვილმა ეს ტრადიცია წარმატებით გააგრძელა.

საზოგადოება დაყოფილია ორ კატეგორიად: ”ჩარეცხილებად” და ”მრეცხავებად”, ”გაფარჩაკებულებად” და ”გამფარჩაკებლებად” და ეს უშუალოდ ჟღერდება პრეზიდენტის მხრიდან. ის, ვისაც კრიტიკული აზრი გააჩნია, გამოცხადებულია ქვეყნის მტრად და ბუნებრივია, ხელისუფლება   მათთან არანაირ დიალოგზე არ მიდის.

ასევე ხელისუფლების მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ბრძოლა ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების წინააღმდეგ.

მიზანმიმართული კამპანიაა გაჩაღებული ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. აშკარაა მცდელობა მოხდეს საქართველოს ისტორიის გადაწერა. ყოველდღიურად მკვიდრდება აზრი, რომ არაფერი ქართული ”ვარდების რევოლუციამდე” არ არსებობდა და ახლა იქმნება ყველაფერი ახალი სააკაშვილის თაოსნობით, რომელსაც შინაგანი ზიზღი ამოძრავებს ქართული ეკლესიის მიმართ, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის მიმართ. ის მასში კონკურენტის გარდა, არაფერს არ ხედავს. ვიყავი რა მისი გარემოცვის უახლოესი წევრი მე ხშირად მიწევდა მისი მხრიდან ისეთი იდეების მოსმენა, რომელიც ეკლესიის დანაწევრებას და სასულიერო პირების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

მე მწამდა და დღესაც მწამს, რომ საქართველო იქნება მთლიანი მხოლოდ ერთიანი საზოგადოების პირობებში. საქართველო იქნება მთლიანი მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც მთელი საზოგადოება იქნება მოწადინებული გაერთიანდეს ქვეყანა, იქნება იმ პრეზიდენტი პირობებში, რომელიც საკუთარ საზოგადოებას, საკუთარ ხალხს შეურაცხყოფას არ აყენებს. ჩემი საქმიანობა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მხოლოდ აქეთ იყო მიმართული.

მე სხვა არაფერი გამიკეთებია ქვეყნისათვის, თუ არა სასიკეთო. და ბუნებრივია, ყოველგვარი მცდელობა მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია არის წყლის ნაყვა და მეტი არაფერი.

ხელისუფლებიდან წასვლისას, როგორ სასაცილოდაც არ უნდა მოგჩვენებოდათ პრეზიდენტის განცხადება ჩემი სასწავლებლად წასვლის შესახებ, მე შევეცადე არ შემექმნა დისკომფორტი სააკაშვილისათვის, ეს მისი თხოვნაც იყო ხმაურით არ დამეტოვებინა თანამდებობა და მე ამას გაგებით მოვეკიდე. ამას მე მავალებდა ჩემი მოქალაქეობრივი შეგნება და ამას მე მთხოვდნენ შეიარაღებული ძალების ის ოფიცრები, რომლებსაც მე დღესაც მეგობრებად მივიჩნევ, და ისინი მე მთხოვდნენ, რომ ჩვენში მტერს ბზარი არ უნდა დაენახა. და მე ეს ნაბიჯი შეგნებულად გადავდგი.

წავედი უხმაუროდ და ერთი წლის განმავლობაში ვცდილობდი ობიექტური თვალით მედევნებინა თვალყური ხელისუფლების მოქმედებისათვის, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ასევე სხვა საკითხების გადაწყვეტისას.

ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებდა ერთ-ერთი დაკარგული ტერიტორიის შემოერთებამდე, რომ არა პრეზიდენტის უუნარობა, სიმხდალე და ხელისუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი სააკაშვილის უსუსურობა მიეღო პოლიტიკური და ისტორიული გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვაპირებდით თვითშემოქმედებას ამ საკითხში, ჩვენ არ ვაპირებდით იმ გადაწყვეტილების მიღებას, რაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მისაღებია. ჩვენი თვითშემოქმედება ამ საკითხში, ბუნებრივია, შეარყევდა ქვეყნის სტაბილურობას და ჩვენ ამაზე არ წავიდოდით.

მე იმედი მქონდა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის [პრეზიდენტი] გამოიჩენდა ნებას და მიიღებდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ისტორიულ გადაწყვეტილებას ქვეყნის გამთლიანებისა, მოახდენდა თუნდაც რუსი სამშვიდობოების საქართველოში ლეგალურად ყოფნის ყველა ხელშეკრულების დენონსაციას, მაგრამ შედეგი არ ჩანს, გარდა ერთისა: ოს ხალხში სრულიად უავტორიტეტო ვინმე სანაკოევისა, კარიკატურული პერსონის, რომელიც ისეთივე ფიქცია და მოჩვენებითი მცდელობაა ქვეყნის გამთლიანების, როგორც არაერთი ფასადი გვინახია სააკაშვილის მიერ გახსნილი.

მაშინ როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყანას მიაქანებს უფსკრულისაკენ და ქართველ ხალხს უკარგავს რეალურ შანსს აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებისა; მაშინ როდესაც მიზანმიმართულად ხდება ჩვენი მოსახლეობის შეურაცხყოფა, მისი არაერთი გამონათქვამი შეგიძლიათ გაიხსენოთ; მაშინ როდესაც ყოველდღიურ სპექტაკლებს დგამს ქვეყნის აღმშენებლობის ფასადებად, ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია თუ არა გამოვჩნდეთ საზოგადოებრივ ასპარეზზე.

ამ სიტუაციაში, მიგვაჩნია, რომ სიჩუმე, ჩრდილში ყოფნა და მოვლენების გარედან თვალყურის დევნება, დანაშაულია.

ჩვენ ვიწყებთ ”მოძრაობას ერთიანი საქართველოსთვის”, სადაც იქნება მთელი ერი მთლიანი, მთელი საზოგადოება მთლიანი და ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას იმისათვის, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ღირსეული მომავალი ამ ქვეყანაში და არა მხოლოდ პრეზიდენტის ბებიას და ბაბუას.

ამ მოძრაობაში მონაწილეობა, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის ვალია.

შემოგვიერთდით, თუ გწამთ, რომ საქართველო ”უპირველეს ყოვლისა”; შემოგვიერთდით, თუ გწამთ, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით.
ნუ გეშინიათ ლომაიების, ნუ გეშინიათ ბოკერიების, ნუ გეშინიათ მერაბიშვილების, ნუ გეშინიათ სააკაშვილის.   ჩვენ ერთხელ დავძლიეთ უიმედობა, მოვიკრიბეთ ძალები და შევარდნაძის ხელისუფლებას სათანადო ადგილი მივუჩინეთ.

ახლა კვლავ დადგა ჟამი კიდევ ერთხელ მოვიკრიბოთ ძალები და ეს უწმინდურები გავაცილოთ ხელისუფლებიდან. აი ეს იყო განცხადება, რომელსაც ჩვენი გუნდი ერთსულოვნად აკეთებს.

დანარჩენი სპეკულაციური თემები [ახალი პარტიის] ოფისთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მე მექნება დღეს საღამო პირდაპირი ეთერით საშუალება ყველაფერზე გითხრათ ჩემი აზრი.

გითხრათ ჩემი აზრი, ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც ხდებოდა ხელისუფლებაში,  ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც იყო დაგეგმილი ხელისუფლების მხრიდან და მე არაერთხელ მიმიღია პრეზიდენტ სააკაშვილისგან დავალება ამა თუ იმ გავლენიანი და მნიშვნელოვანი ადამიანის ლიკვიდაციის შესახებ, რაზეც მე ხელი არასოდეს არ მომიწერია. მე დღეს საზოგადოებას ყველაფერზე გავცემ პასუხს. დიდი მადლობა”.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15