Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი და მოსკოვი მიესალმებიან აფხაზეთზე გაეროს რეზოლუციას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ოქტ.'07 / 10:13

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 15 ოქტომბერს აფხაზეთის შესახებ მიღებული რეზოლუცია ”დიპლომატიური გარღვევაა”.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი პირველად აღიარებს აფხაზეთიდან დევნილთა ქონებრივ უფლებებს.

უშიშროების საბჭო თავის რეზოლუციაში აცხადებს, რომ მას ”ფუნდამენტალურად მნიშვნელოვნად მიაჩნია დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთში დაბრუნების უფლება”.

”[რეზოლუცია] ადასტურებს ამ ხალხის თავიანთ სახლებში და მათი საკუთრების დაბრუნების მნიშვნელობას და ასევე იმას, რომ საკუთრების ინდივიდუალურ უფლებაზე არ იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ მესაკუთრეებს მოუხდათ თავიანთი სახლების დატოვება კონფლიქტის დროს და რომ ამ სახლების მესაკუთრეთა უფლებები დაცული იქნება,” - ნათქვამია რეზოლუციაში.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთში ქონების შეძენის ნებისმიერი მცდელობა, ”მათ შორის რუსეთის ზოგიერთი ოფიციალური პირის მიერ, როგორიცაა კრასნოდარის გუბერნატორი” ალექსანდრე ტკაჩოვი, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევის ტოლფასი იქნება.   

”შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც გაეროსგან ვითხოვთ არის არა ზოგადად იმის თქმა, რომ ამ ხალხს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია, არამედ იმის თქმა, რომ ეს იყო ეთნიკური წმენდა შესაბამისი სამართლებრივი შედეგითა და ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ამ წმენდის ჩამდენი ყველა პირის მიმართ. ამ მხრივ, წინ კიდევ ბევრი სამუშაო გველოდება,” - განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 15 ოქტომბერს.

მისი თქმით, თბილისის პრინციპული პოზიციის გამო რეზოლუციაში არაფერია ნათქვამი განმუხურის პატრიოტული ბანაკის შესახებ.

საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ რეზოლუციის მიღების შემდეგ ნიუ-იორკში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დოკუმენტი ”ძალიან დაბალანსებულია”.

”და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, დევნილთა ფუნდამენტური უფლება რომ დაბრუნდნენ და მათი ქონების უფლება ადეკვატურად იქნა ასახული რეზოლუციაში,” - დასძინა მან.   

რეზოლუციის მიღების შემდეგ რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ ეს ”კარგი რეზოლუციაა”.

”ჩვენ კმაყოფილი ვართ რეზოლუციის შინაარსით. მიგვაჩნია, რომ ის სწორ გზავნილებს შეიცავს, კერძოდ ქართული მხარისადმი,” - განაცხადა ჩურკინმა, ”ეს რეზოლუცია სრულიად შეესაბამება რუსეთის პოლიტიკას, რომელიც სიტუაციის სტაბილიზაციისკენაა მიმართული”.

”მაგალითად, ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დსთ-ს სამშვიდობოების და UNOMIG-თან მათი თანამშრომლობის მნიშვნელობას... ის მაღალ შეფასებას აძლევს რუსეთის ფედერაციის, როგორც მოლაპარაკებების პროცესიის ხელშემწყობის, როლს. ის მოუწოდებს ქართულ მხარეს უზრუნველყოს, რომ ვითარება ზემო კოდორის ხეობაში შეესაბამებოდეს 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებას [ძალთა დაშორიშორებისა და ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე]. ის მოუწოდებს მხარეებს რაც შეიძლება სწრაფად მოამზადონ ორი შეთანხმება ძალადობის თავიდან აცილებისა და დევნილთა დაბრუნების თაობაზე,” - განაცხადა ჩურკინმა.

რეზოლუცია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული და აფხაზური მხარეების ”ძირითადი ვალდებულებაა” უზრუნველყონ შესაბამისი უსაფრთხოება და გაეროს დამკვირვებელთა და რუსი სამშვიდობოების თავისუფალი გადაადგილება კონფლიქტის ზონაში.   

რუსეთის ელჩის ვიტალი ჩურკინის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ”ყურადღებით წაიკითხავს რეზოლუციას” და შეასრულებს მის მოთხოვნებს. 

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მხარეებს დაასრულონ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მომზადება. თუმცა, ქართული მხარის განცხადებით, ის მხოლოდ სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის შემთხვევაში მოაწერს ამგვარ შეთანხმებას ხელს.

რეზოლუცია ”სერიოზულ შეშფოთებას” გამოხატავს 11 მარტის და 20 სექტემბრის ინციდენტების გამო, თუმცა პასუხისმგებლობებს არც ერთ კონკრეტულ მხარეს არ აკისრებს.

რეზოლუციამ ექვსი თვით, 2008 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელა გაეროს დამკვირვებელთა მისიას მანდატი საქართველოში.

იმავდროულად, ქართული მხარე კვლავ ცდილობს დაარწმუნოს უშიშროების საბჭო, რომ საჭიროა სამშვიდობო პროცესის გადახედვა, განაცხადა საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ.

26 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა ”სამშვიდობო პროცესის ყველა ასპექტის ზედმიწევნითი ანალიზის დაწყება”. პრეზიდენტის თქმით, ამ ანალიზის შედეგი უნდა იყოს ”ფუნდამენტალური ცვლილებები”, პირველ რიგში, მოლაპარაკებების ფორმატსა და სამშვიდობო ოპერაციაში, ”რომელიც ინერტული და კონტრპროდუქტიულია”.

”ჩვენ ვიმუშავეთ გაეროს სამდივნოსთან ამ ანალიზის ფორმებზე,” - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს, თან იქვე დასძინა, რომ უშიშროების საბჭოს წევრების უმეტესობა, გენერალური მდივნის პან გი მუნის ჩათვლით, მხარს უჭერს ამ იდეას.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18