აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუს სამშვიდობოებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებს შორის არსებული დაძაბულობა 30 ოქტომბერს მას შემდეგ განიმუხტა, რაც რუსმა სამშვიდობოებმა იმავე დღეს დაკავებული სულ ცოტა სამი ქართველი პოლიციელი გაათავისუფლეს.
ინციდენტი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ განმუხურში მოხდა. სოფელი თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან საზღვარზე მდებარეობს.
ინფორმაცია ინციდენტის თაობაზე პირველად დღის 14 საათზე გახმოვანდა, როდესაც ქართულმა ტელევიზიებმა გადასცეს, რომ ჯავშანტექნიკით შეიარაღებულმა რუსმა სამშვიდობოებმა ალყა შემოარტყეს სოფელ განმუხურში მდებარე პატრიოტთა ბანაკს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის სულ ცოტა სამი წარმომადგენელი აიყვანეს ბანაკის ტერიტორიიდან. სხვა ინფორმაციით, ხუთი პოლიციელი იქნა დაკავებული; თუმცა, რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურმა სერგეი ჩაბანმა განაცხადა, რომ ოთხი პოლიციელი დააკავეს.
ქართული ტელევიზიების მიერ გადაცემულ პირველ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ეკამათებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ზაზა გოროზია და ქართველი პოლიციელები რუს სამშვიდობოებს და დაკავებულების დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. დეტალები ინციდენტის თაობაზე მაშინ არ გავრცელებულა.
დაახლოებით 15 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ განმუხურის პატრიოტული ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთის მხრიდან შემოიჭრა მძიმე ტექნიკით შეიარაღებული სამშვიდობო ძალების რაზმი, რომელთაც მძევლად აიყვანეს და სასტიკად სცემეს რამდენიმე ქართველ პოლიციელს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ქართულ ძალებს და რუს სამშვიდობოებს შორის ორმხრივი სროლა დაფიქსირდა.
ამ განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ ქართულმა ტელევიზიებმა ახალი კადრები გადასცეს, სადაც ჩანს, როგორ დგანან შსს-ს სპეცრაზმის წარმომადგენლები და რუსი სამშვიდობოები ერთმანეთის პირისპირ და ერთმანეთს იარაღს უღერებენ. კადრებში ასევე ჩანს, როგორ გაისროლეს სამშვიდობოებმა რამდენჯერმე ჰაერში. თუმცა ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დაახლოებით 30 წუთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ განმუხურში პრეზიდენტი სააკაშვილი ჩავიდა.
მოგვიანებით ტელეკომპანიებმა უჩვენეს პრეზიდენტი სააკაშვილი, ”კალაშნიკოვის” ტიპისავტომატებით შეიარაღებული დაცვის თანამშრომლების გარემოცვაში, რომელსაც ასევე ახლდა გაეროს რამდენიმე დამკვირვებელი. სააკაშვილი ინციდენტის ადგილის მახლობლად რუსული სამშვიდობო ძალების შტაბის უფროსს საყვედურობდა.
”რა არის ეს? მე თქვენ გეკითხებით, რა არის ეს?,” - მიმართა სააკაშვილმა რუს ოფიცერს და ერთ-ერთ ნაცემ ქართველ პოლიციელზე მიანიშნა, რომელსაც დასისხლიანებული სახე ჰქონდა. ეს უკანასკნელი რუსი სამშვიდობოების მიერ დაკავებული ერთ-ერთი პოლიციელი იყო.
შემდეგ სააკაშვილმა განაგრძო: ” სამშვიდობოები, იმის მაგივრად რომ იცავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, უფლებას აძლევდნენ აქ, წლების განმავლობაში ადამიანების მკვლელობაზე, გატაცებაზე და ფულის გამოძალვაზე. ჩვენ ავაშენეთ ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. გავხსენით პოლიციის პოსტი მის დასაცავად. თქვენ დღეს დილით თავს დაესხით პოლიციას, მანდატის დარღვევით, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით, მანდატის დარღვევით მათ შორის გაეროს დამკვირვებელთა მისიის, რომელიც ასევე უმოქმედო იყო და თქვენ სცემეთ ჩვენ პოლიციელებს, რომლებიც იცავდნენ აქ მოქალაქეების მშვიდობიან ცხოვრებას.”
”მოვითხოვ დაუყოვნებლივ გაიყვანოთ ყველა სამხედრო პირი და აქ აღარასდროს არ ჩამოვიდნენ, რადგან გავეცით ბრძანება, რომ თავდასხმის შემთხვევაში თავი ყველა საშუალებით დაიცვან,” - განაცხადა სააკაშვილმა.
”გადაეცით თქვენს გენერალს, ბატონ ჩაბანს, რომ ვაცხადებ მას არასასურველ პერსონად საქართველოში. უახლოეს დღეებში მან უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია,” - განაგრძო პრეზიდენტმა, ”მე თქვენ გაცნობებთ, რომ სოხუმი იგივე საქართველოა, როგორც განმუხური, როგორც ზუგდიდი, როგორც თბილისი... დაუყოვნებლივ მოიყვანეთ ყველაფერი თქვენი მანდატის ფარგლებში. ჩვენ ველით ბოდიშს ჩვენი შინაგანი ჯარის წარმომადგენლების და პოლიციელების ცემის გამო და ასევე ველით ყველანაირი პროვოკაციის შეწყვეტას. ეს არის საქართველოს ხელისუფლების მტკიცე პოზიცია. სამშვიდობოების მომავალი ბედის შესახებ განცხადებას ჩვენ შემდგომში გავაკეთებთ”.
”მაგრამ თუ კიდევ ერთხელ ასეთი რამ განმეორდება, თქვენ საქართველოს და რუსეთს დიდ პროვოკაციაში ჩართავთ. მე თქვენ გაფრთხილებთ პროვოკაცია თქვენ აქ აღარ გაგივათ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტს განმუხურში ასევე ახლდნენ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა.
ადგილობრივმა პოლიციელმა პრეზიდენტ სააკაშვილს განუცხადა, რომ რუსი სამშვიდობოების თავდასხმა ქართული მხარის პროვოცირებული არ ყოფილა.
რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობამ ინციდენტის თაობაზე ქართული მხარის ინფორმაციისგან განსხვავებული ვერსია გაავრცელა.
რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურის სერგეი ჩაბანის თქმით, რუსმა სამშვიდობოებმა გალის რაიონის ქვემო ნაწილის და ზუგდიდის რაიონის ტერიტორიების პატრულირებისას დააკავეს და განაიარაღეს ოთხი ქართველი პოლიციელი, რომლებიც იარაღის გამოყენებით რუს სამშვიდობოებს ემუქრებოდნენ.
როგორც სერგეი ჩაბანმა საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” განუცხადა, რუსი სამშვიდობოები მზად იყვნენ გაეთავისუფლებინათ ქართველი პოლიციელები, თუმცა ორსაათნახევრის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესს აფერხებდა.
”მთელი ორსაათნახევარი ჩვენ ველოდით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, თუ ვინ წაიყვანდა პოლიციელებს. საბოლოოდ, მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ინციდენტის ადგილზე ჩამოსვლის შემდეგ გადაწყდა საკითხი. მის გარეშე ადგილობრივი ხელისუფლება, რომელსაც აშკარად მითითება ჰქონდა მიღებული, არ აპირებდა თავისი წარმომადგენლების წაყვანას”, - განაცხადა ჩაბანმა.
იმავდროულად, აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ”ინტერფაქსს” განუცხადა, რომ აფხაზური მხარე გალის რაიონში თავის საგუშაგოებს აძლიერებს.
”ჩვენ დამატებით ძალებს ვაგზავნით გალის რაიონში საქართველოსთან [ადმინისტრაციულ] საზღვარზე, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო პროვოკაციები ქართული მხრიდან,” - განაცხადა მან, ”რუსი სამშვიდობოები თავიანთ მოვალეობებს მანდატის ფარგლებში ასრულებენ და ქართულმა მხარემ არ უნდა შეუქმნას მათ დაბრკოლებები, სანამ ისინი ტერიტორიის პატრულირებას ახორციელებენ”.