Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გენერალური პროკურატურა ოქრუაშვილის განცხადებებს პასუხობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 ნოე.'07 / 12:14

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დღემდე რჩება ბრალდებულად და თუ ის საქართველოში პირველივე მოთხოვნისთანავე  მართლმსაჯულების წინაშე არ წარდგება, მასზე გამოცხადდება ძებნა, განაცხადა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გენპროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ.

”მისთვის არავის არ მოუხსნია ბრალი, იგი არის აღმკვეთის ღონისძიების სახით ”უპრეცედენტო” გირაოთი გარეთ,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ, ”იმ შემთხვევაში, თუ პირველივე მოთხოვნისთანავე ის არ იქნება გამოცხადებული საქართველოში, გირაო ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე, მას აღმკვეთის ღონისძიება შეეფარდება უფრო მძიმე აღმკვეთის ღონისძიებით და მასზე გამოცხადდება ძებნა”.

გვარამიამ ასევე გააკეთა განმარტებები ირაკლი ოქრუაშვილის მიერ 5 ნოემბერს ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე.

გირაო

ოქრუაშვილმა 10 მლნ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას და მის არცერთ მეგობარს გირაო არ გადაუხდია. მისი თქმით, გირაო გადაიხადა ”სააკაშვილის კარის მოლარემ” ბიზნესმენმა ”ვინმე” თამაზ ნიჟარაძემ, რომელსაც ფოთის პორტთან აქვს კავშირი. 

გვარამიამ განმარტა, რომ გირაოს ნაწილი - 6,5 მლნ ლარი -  გადაიხადა ოქრუაშვილის მეგობრის ქიბარ ხალვაშის სამშენებლო კომპანიამ ”ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანიმ”, ხოლო დანარჩენი ნაწილი დაფარა თამაზ ნიჟარაძემ, ოქრუაშვილის ”მეგობარმა და ბიზნესპარტნიორმა”. 

”2006 წელს ნიჟარაძესა და ოქრუაშვილს შორის შედგა 135 სატელეფონო ზარი, 2007 წლის 5 თვეში 76 სატელეფონო ზარი. ”ვინმეებთან” ასეთი სიხშირით არ რეკავენ”, - განაცხადა გვარამიამ, ”ამას გარდა, ბატონი ოქრუაშვილისთვის გამოძიების პერიოდში მასზე დადგენილი მანქანა ”Volkswagen Phaeton”, რომლითაც ის სარგებლობდა, სწორედ ბატონი ნიჟარაძის ფირმის საკუთრებაშია”.

”საინტერესოა ვინმეები სხვის მაგივრად იხდიან 10 მლნ ლარს საქართველოში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში? ეს ისე, რიტორიკული შეკითხვის სახით,” - განაცხადა გვარამიამ.

ბრალდებები პრეზიდენტის წინააღმდეგ

ნიკა გვარამიას განცხადებით სიცრუეა ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება თითქოს მის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მან თავადვე უარყო მოგვიანებით,  გამოძიება არ მიმდინარეობს.

”მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ გამოძიება დაიწყო და ამჟამადაც გრძელდება,”- განაცხადა გვარამიამ, ”გამოძიების ფარგლებში მოწმდება ყველა ის ბრალდება, რომელიც გამოთქმული იქნა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ”.

მისი ინფორმაციით, გაერთიანებული შტაბის უფროსი ზაზა გოგავა იქნა დაკითხული. ოქრუაშვილმა ადრე განაცხადა, რომ მან ბადრი პატარკაციშვილის შესაძლო ლიკვიდაციის თაობაზე ამერიკელებთან გზავნილის გადაცემა ზაზა გოგავას თხოვა. 

”მის [გოგავას]  მიერ უარყოფილია ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს მას აცნობა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის თაობაზე. ამისი მტკიცებულება ასევე არის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის [ჯონ ტეფტის]   მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება,”- განაცხადა გვარამიამ.

”ანუ მიმდინარეობს ამ ბრალდებების სრულფასოვანი გამოძიება და ეს ყველაფერი ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომ მოწმის სახით დაკითხვისას ცრუ ჩვენებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა უარყო მის მიერ გაკეთებული ყველა ბრალდება,”- განაცხადა გვარამიამ, ”და ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომ  არც დაპატიმრებამდე, არც პატიმრობაში ყოფნის პერიოდში და არც შემდეგ, მათ შორის არც გუშინდელ ეთერში ირაკლი ოქრუაშვილის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი რაიმე სახის მტკიცებულება და არ გაკეთებულა არცერთი სახის მინიშნება მტკიცებულებების მოპოვების რამოდენიმე წყაროზე”.

ოქრუაშვილმა 5 ნოემბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ გაჟღერებული მისი ბრალდებები სიმართლეა, თუმცა მას ამის დამტკიცების საშუალება საქართველოში არსებული მართლმსაჯულების პირობებში არ მიეცემა. 

”ერთადერთი რაც ჩვენ მოვისმინეთ არის ის, რომ თავად [ირაკლი ოქრუაშვილი] არის მტკიცებულება,”- განაცხადა გვარამიამ, ”შეიძლება ბევრი რამის მტკიცებულება იყოს, მაგრამ არა მის მიერ წამოყენებული ბრალდებების”. 

როგორ დატოვა ოქრუაშვილმა საქართველო

ირაკლი ოქრუაშვილმა 5 ნოემბერს სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის აიძულეს დაეტოვებინა საქართველო და გაურკვეველია რა ვითარებაში გაიცა მასზე საფრანგეთის საელჩოში ვიზა. მან ასევე განაცხადა, რომ 9 ოქტომბერს მიმართა გამოძიებას საზღვარგარეთ გასვლის უფლებასთან დაკავშირებით.

პროკურატურამ განაცხადა, რომ ოქრუაშვილის შეტყობინება საქართველოს დატოვების თაობაზე 29 ოქტომბრით თარიღდება.

”მან მიიღო ამაზე [ქვეყნის დატოვებაზე] თანხმობა გამომდინარე გირაოს უპრეცედენტო ოდენობიდან,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი ინფორმაციით, ოქრუაშვილმა ვიზისთვის ჯერ მიმართა დიდი ბრიტანეთის საელჩოს, თუმცა უარი მიიღო და შემდეგ საფრანგეთის საელჩოს.

”როგორც ჩვენთვის ცნობილია, მან მიიღო ვიზა ყველა სათანადო პროცედურის დაცვით, მათ შორის საელჩოში მისი სავალდებულო გამოცხადების ჩათვლით”- განაცხადა გვარამიამ, ”გამოძიების მონაწილეობა ამ პროცესში შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ ჩვენ მიერ გაცემული თანხმობა ოფიციალურად გადაეცა საფრანგეთის საელჩოს”.

ზეწოლა ოქრუაშვილზე პატიმრობის პერიოდში

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, პატიმრობის დროს სასურველი ჩვენების მისაღებად მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა ოფიციალური პირების მხრიდან და ასევე ”ადამიანური ფაქტორების” გამოყენებით. თუმცა მან არ დააკონკრეტა რა იგულისხმა ამ ფაქტორებში.

გენერალურმა პროკურატურამ უარყო, რომ ოქრუაშვილის ჩვენების მიცემა როგორც ბრალდებულის, ასევე მოწმის სტატუსის შემთხვევებში ზეწოლით განხორციელდა.

”ყველა საპროცესო მოქმედებას ესწრებოდა მის მიერ მოწვეული ადვოკატი,”- განაცხადა გვარამიამ,  ”მისივე თხოვნით ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, მათ შორის ალტერნატიული ექსპერტიზა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა თანდასწრებით... მას არანაირი დაზიანებები არ ჰქონია, არ ყოფილა ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ”.

გვარამიას განცხადებით, სიცრუეა ოქრუაშვილის განცხადებები, რომ მასთან საკანში იმყოფებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები. ერთადერთი ვინც ოქრუაშვილს მისივე მოთხოვნით შეხვდა, იყო გენერალური პროკურორის მოადგილე კახა კობერიძე, აცხადებს გვარამია. 

”ოქრუაშვილი კახა კობერიძეს ესაუბრა გამოძიებასთან მისი თანამშრომლობის პირობებზე, რაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური”, - განაცხადა გვარამიამ.

ოქრუაშვილის ”ტესტი”

ირაკლი ოქრუაშვილმა 5 ნოემბერს თავის სატელევიზიო ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ მას სურდა საქართველოში დაბრუნება და ამისთვის მიმართა გარკვეულ ”ტესტს”, კერძოდ შეხვდა მიუნჰენში ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც თბილისში ჩასვლისთანავე დააკავეს.

”აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს იმ ნაწილში, რომ ვინმე დააკავეს თბილისში,”- განაცხადა გვარამიამ, ”რასთან გვაქვს საქმე: ირაკლი ოქრუაშვილის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა დავით ჯიბღაშვილის პლასტიკური ბარათი, რომლითაც ოქრუაშვილი სარგებლობდა ლონდონში ყოფნის დროს. ამ გარემოების გამო გამოძიება დაინტერესდა ამ პერსონით  - დავით ჯიბღაშვილით - და კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით მიმდინარეობდა მისი ფარული მიყურადება. ოქრუაშვილის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ჯიბღაშვილი მყისიერად დაუკავშირდა ოქრუაშვილის თანაპარტიელს ნანა ლეჟავას, რომელთანაც გამოთქვა პრეტენზია, რომ სწორედ ის იყო ის ადამიანი, რომელიც ოქრუაშვილმა მოიხსენია ”ტესტად” და გაავრცელა არასწორი ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ”.

გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი  ჯიბღაშვილსა და ლეჟავას შორის, სადაც ჯიბღაშვილი აცხადებს, რომ იგი ოქრუაშვილის თხოვნით ლონდონიდან მიუნხენში ჩავიდა იმის გამო, რომ ჩაეტანა მისთვის თანხა, რომელიც ვინმე ”ბადრიამ” გაატანა.

”ამჟამად, მიმდინარეობს ამ საკითხზე გამოძიება და ჯიბღაშვილი დაბარებულია მოწმის სახით,”- განაცხადა გვარამიამ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ და სხვა მისმა კოლეგებმა უმრავლესობიდან ღიად განაცხადეს, რომ ”ბადრია”, რომელმაც ფული გაუგზავნა ოქრუაშვილს, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილია

”სამწუხაროდ ბატონი ოქრუაშვილი კონკრეტული ანაზღაურების სანაცვლოდ მზად არის ემსახუროს ბადრი პატარკაციშვილის ინტერესებს,”- განაცხადა პარლამენტის სხდომაზე გივი თარგამაძემ. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16