საქართველოს ხელისუფლების მიერ 7 ნოემბრის არეულობის შემდეგ გადადგმულმა ნაბიჯებმა გააქარწყლა უცხოელი ინვესტორების შიშები საქართველოსთან დაკავშირებით, განაცხადეს ქართველმა ბიზნესმენებმა.
”საქართველოს ბანკის აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ოქტომბერში 15%-ით დაეცა და ეს იყო ინვესტორთა შიშების ნათელი მაჩვენებელი,” - განაცხადა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლადო გურგენიძემ 10 ნოემბერს.
”თუმცა 7, 8 და 9 ნოემბერს ფასები დასტაბილურდა და ცოტა გაზრდაც დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ტენდენცია მკვეთრად შეიცვალა,”- აღნიშნა მან.
ლადო გურგენიძემ ეს განცხადება 10 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილთან ბიზნესმენების შეხვედრაზე გააკეთა.
საქართველოს ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლის ნოემბერში განთავსდა. 10 ნოემბერს ბანკმა განაცხადა, რომ მისი აქციბის ფასი 0.8%-ით გაიზარდა გასული კვირის მაჩვენებელთან - 33.2 აშშ დოლართან - შედარებით, და სულ 530,700 აქცია გაიყიდა.
”ჩვენ რამდენიმე საინვესტიციო ფონდს ვაკეთებთ - საერთო ჯამში 100 მილიონი ლარის ოდენობით - რათა ჩვენი ინვესტიციების დივერსიფიცირება მოვახდინოთ სხვადასხვა სექტორებში, იქნება ეს აგრობიზნესი თუ საცალო ვაჭრობა,” - განაცხადა მან, ”ერთ-ერთ ფონდში დასავლელმა ინვესტორმა გადმორიცხა 4.8 მილიონი აშშ დოლარი ზუსტად 8 ნოემბერს. ამიტომ პირველი ნიშნები იმისა, თუ როგორ აღიქვა საინვესტიციო სამყარომ ბოლოდროინდელი მოვლენები და სტაბილიზაცია, უკვე სახეზეა”.
ამის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განუცხადა გურგენიძეს, რომ აქციების ფასის თავდაპირველი შემცირების მიზეზი იყო გაურკვევლობა იმის თაობაზე, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები საქართველოში.
”თქვენი აქციები დაეცა მარტივი მიზეზების გამო: ყოველთვის, როდესაც ხალხი მივიდა რუსთაველზე ასეთი ლოზუნგებით, ამას ყოველთვის მოყვა არეულობა და მოლოდინი იყო კატასტროფისკენ,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”ნახავთ, რომ 5 იანვრის შემდეგ თქვენი აქციების ფასი გაორმაგდება”.
იმავდროულად, Standard and Poor’s სარეიტინგო სააგენტომ განაცხადა, რომ საქართველოს ბოლოდრიუნდელი მოვლენები არ იმოქმედებს მის 'B+/B' რეიტინგზე, იტყობინება Thomson Financial.
თუმცა, Standard and Poor’s ასევე აცხადებს, რომ საქართველოში შემოღებულმა საგანგებო მდგომარეობამ გააჩინა ვარაუდები, რომ ხელისუფლებას შესაძლოა მკაცრი ზომები მიეღო ოპოზიციის წინააღმდეგ, რასაც გარკვეული ზეგავლენა ექნებოდა ქვეყნის დადებით პერსპექტივებზე.