პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 22 ნოემბერს დეპუტატებს განუცხადა, რომ მას მოსწონს მთავრობის არსებული ეკონომიკური გუნდი, თუმცა მან არ გამორიცხა გარკვეული ცვლილებები 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
ერთ-ერთ თავის პირველ ინტერვიუში გურგენიძემ განაცხადა, რომ არ იქნება ”აბსოლუტურად მართალი” იმის თქმა, რომ ის ”დიდ პოლიტიკაში” მოვიდა. ”ეს უფროა ჩემი მენეჯერული უნარების და გამოცდილების გამოყენება; მე ვგულისხმობ, ტექნოკრატიულ მომენტებს, რათა ჩვენ რეფორმებს ახალი იმპულსი შევძინოთ,” - განაცხადა მან.
მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ლადო გურგენიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი და მისი მთავრობის მთავარი მიზანი იქნება სოციალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილება და იმავდროულად, რეფორმების და ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება.
გურგენიძის თქმით, ამჟამად ”პაუზაა” უცხოური ინვესტიციების შემოდინებაში საქართველოში.
”რადგანაც ნებისმიერ არასტაბილურობა, თუნდაც მოჩვენებითი, აფერხებს ინვესტიციებს,” - განაცხადა მან, ”ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ ეს წინასაარჩევნო საინვესტიციო პაუზა რაც შეიძლება მალე შეწყდეს
სტაბილურობის და რეფორმების გაგრძელების გზით”.
მისი თქმით, საქართველომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე უზარმაზარ წარმატებას მიაღწია უცხოური ინვესტიციების და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ”ეს სასწაულს ჰგავდა,” - განაცხადა მან, თუმცა იქვე დასძინა, რომ ”ეს წარმატება ახლა უნდა გადანაწილდეს ჩვენ მოქალაქეებს შორის, რაც ჯერ არ მომხდარა”.
”წინა წლებში ბიუჯეტი ძირითადად გამოიყენებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაზე და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, რაც თითქმის დასრულებულია. ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ბიუჯეტი უფრო სოციალურად-ორიენტირებული გავხადოთ,” - განაცხადა მან.
პარლამენტს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა 22 ნოემბერს უნდა დაეწყო, თუმცა პრემიერ-მინისტრის კანდიდატის თხოვნის საფუძველზე ის ორი კვირით გადაიდო. მისი თქმით, ბიუჯეტს გარკვეული კორექტივები სჭირდება.
გურგენიძემ განაცხადა, რომ 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და ეს მოხდება ”ინფრასტრუქტურის და სოციალური დანახარჯების ოპტიმიზაციის” ხარჯზე.
”გპირდებით 2009 წელს პროფიციტული ბიუჯეტის შემოტანას,” - განაცხადა მან, ”პროფიციტულ ბიუჯეტს საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს. სტაბილური განვითარება წარმოუდგენელია პროფიციტული ბიუჯეტის გარეშე”.
მისი თქმით, პროფიციტული ბიუჯეტი საშუალებას მისცემს ქვეყანას შექმნას ე.წ. მომავალი თაობების ფონდი.
იმავდროულად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ 2008 წელს გარდაუვალი იქნება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის განხორციელება. ”ამას, თავის მხრივ, ექნება დროებითი ნეგატიული ზემოქმედება ზრდის ტემპზე. მაგრამ, ამ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ ვაკონტროლოთ ისედაც მაღალი ინფლაცია,” - განაცხადა მან.
მან აღნიშნა, რომ შეუძლებელი იქნება ”ფისკალური ბერკეტების” გამოყენება მომავალ წელს ინფლაციის გასაკონტროლებლად ”ჩვენი სოციალური პოლიტიკის გამო,” რაც გულისხმობს პენსიების ზრდას და ახალ დასაქმების პროგრამას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს 45 მილიონი ლარი უჯდება.
”შეუძლებელია ყველა ამ პროცესის წარმართვა ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის გარეშე, რასაც ასევე გპირდებით,” - განაცხადა გურგენიძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, რომელიც საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციას ეყრდნობა, ოქტომბრის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ 11.2% შეადგინა.
ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ ”ნდობის დონე” სტატისტიკის დეპარტამენტის მიმართ, რომელიც ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ”არ არის მაღალი”.
მისი თქმით, 2008 წლის ზაფხულში მისი მთავრობა აპირებს გამოვიდეს სტატისტიკის დეპარტამენტის რეფორმირების ინიციატივით.
”ამ სტრუქტურის რეფორმირების სამი ძირითადი ვარიანტი არსებობს,” - განაცხადა მან, ”ან დარჩეს სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა გაჩნდეს საზოგადოებრივი კონტროლის ქმედითი რგოლი, ან გადავიდეს ეს დეპარტამენტი პრეზიდენტის დაქვემდებარებაში ან გახდეს დამოუკიდებელი სტრუქტურა”.
ახალი მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტია საქართველოს ექსპორტის წილის ზრდა, განაცხადა გურგენიძემ.
”ამჟამად საქართველოს ექსპორტის წილი მთელ ეკონომიკაში იგივე დონეზეა - 31%, როგორც ის 2004 წელს იყო. ეს პრობლემას წარმოადგენს. სტაბილური განვითარება შეუძლებელი იქნება, თუ ექსპორტის წილი არ გადააჭარბებს 40%-ს. სერიოზულ წარმატებაზე საერთოდ შეუძლებელი იქნება საუბარი, თუ ეს მაჩვენებელი საშუალო ვადიან პერსპექტივაში 50%-ს არ მიაღწევს,” - განაცხადა მან.
მისი თქმით, ხუთ სექტორს წარმატების ყველაზე მეტი შანსი აქვს ექსპორტის გაზრდის თვალსაზრისით. ესენია: სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა, ჰიდროენერგეტიკა, სატრანსპორტო სექტორი - და ამ კუთხით, მისი თქმით, ფოთში დაგეგმილ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ტურიზმი და ფინანსური ინსტიტუტები.
გურგენიძის განცხადებით, 2008 წლის ზაფხულში მისი მთავრობა ფინანსური ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოვა, რაც ქვეყნის განვითარებადი ფინანსური სექტორის შემდგომ გაძლიერებას ისახავს მიზნად.
”მე არ ვგულისხმობ ამ ეტაპზე სინგაპურთან ან შვეიცარიასთან კონკურენციას,” - განაცხადა გურგენიძემ, ”თუმცა, ჩვენი შეფასებებით, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის შემთხვევაში, არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობა იმისა, რომ ამ ფინანსურ ცენტრში მოხდეს 10 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ფინანსური აქტივების მოზიდვა”.
ამჟამად, საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები 6 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 3.7 მილიარდი აშშ დოლარია.
გურგენიძემ ასევე განაცხადა, რომ მისი მთავრობა დეკემბერში აპირებს კანონპროექტის წარდგენას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საფონდო ბირჟის ეფექტურობის და მოქნილობის ზრდას. ”გპირდებით, რომ 2008 წელს ბევრად მეტი ფინანსური ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას ამ ბირჟის მეშვეობით ჩვენთან მიმდინარე საინვესტიციო პროცესებში,” - განაცხადა მან.
მან ასევე პირობა დადო, რომ ”სიმბოლურად” მაინც შეამცირებს ზოგიერთი გადასახადის განაკვეთს 2009 წლიდან და ”ხოლო 2010 წლიდან საგრძნობ კლებას გპირდებით”.