საკანონმდებლო ორგანომ 146 ხმით 1-ის წინააღმდეგ 2008 წლის სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტს დაუჭირა მხარი, სადაც ასახულია ყველა ის დაპირება და პროგრამა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა თავის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაახმოვანა.
”ეს ბიუჯეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ ჩვენ დავძლიოთ სიღარიბე, შევქმნათ დასაქმება და მივაღწიოთ საქართველოს სიღარიბის გარეშე,” - განუცხადა დეპუტატებს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 28 დეკემბერს ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ.
2008 წლის ბიუჯეტში ინფლაციის დონე 8%-ით განისაზღვრა; ეკონომიკური ზრდა კი 6%-ით არის დაგეგმილი იმ ფონზე, როცა ეს მაჩვენებელი 2007 წელს 12%-ს შეადგენს. მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2008 წელს გამოიხატება 12 მლრდ აშშ დოლარში, რაც ერთ სულ მოსახლეზე 2 700 აშშ დოლარს შეადგენს.
2008 წელს ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვრა 5,155 მლრდ ლარით, რაც 275 მლნ ლარით მეტია 2007 წლის შესაბამის მონაცემზე. მომავალი წლის მთლიან შემოსავლებში პრივატიზაციის სეგმენტს 6% უკავია.
2008 წელს ბიუჯეტში ხარჯვითი ნაწილი 5,705 მლნ ლარით არის განსაზღვრული.
ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა 28 დეკემბერს დეპუტატებს განუცხადა, რომ პირველად საქართველოს სინამდვილეში ბიუჯეტი ფისკალურ ნაწილში პროფიციტულია, რაც ”სიმბოლურ” თანხას - 275 ათას ლარს შეადგენს, თუმცა იქვე დასძინა, რომ მონეტარულ ნაწილში 2%-იანი დეფიციტია.
ბიუჯეტის ხარჯვისას მთავარი აქცენტი სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე კეთდება, ნაცვლად წინა წლების პრიორიტეტებისა, როცა ყურადღება ინფრასტუქტურის რეაბილიტაციას, ენერგეტიკას, გზების მშენებლობას ეთმობოდა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის თუ 2007 წელს 996 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2008 წელს მისი დაფინანსება 28,8%-ით იზრდება და 1,284 მლრდ ლარი ხდება. აქედან ჯანდაცვის პროგრამებზე 74 მლნ ლარი, ხოლო სოციალურ პროგრამებზე 991 მლნ ლარი მოდის.
მომავალ წლის 1 ოქტომბრიდან მინიმალური პენსია 76 ლარამდე მოიმატებს 1 დეკემბერს 55 ლარამდე გაზრდილი ნიშნულიდან, რასაც ჯამში 240 მლნ ლარი მოხმარდება. ამასთან, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა პენსიების გასაზრდელად, რომელიც პენსიონერთა ცალკე კატეგორიას განეკუთვნება, 300 ათასი ლარი გამოიყოფა.
2008 წელს 733 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანი მიიღებს სამედიცინო დაზღვევას, რისთვისაც 38 მლნ ლარია გამოყოფილი.
პროგრამა ”ღირსეული დასაწყისის” ფარგლებში, რომელსაც მთავრობა ბიზნესთან ერთად ახორციელებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებულ ახალშობილზე 1000 ლარის ერთჯერად დახმარებას ითვალისწინებს, ბიუჯეტში 15 მლნ ლარია გათვალისწინებული.
იმავდროულად, ხელმოკლე დევნილების სტატუსის მქონე ადამიანების სოციალური შემწეობის სახით ბიუჯეტში 25 მლნ ლარია ჩადებული.
მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე და სოციალური პროგრამებზე 253 მლნ ლარია გამოყოფილი, ნაცვლად 2007 წელს დახარჯული 200 მლნ ლარისა. კერძოდ, პედაგოგების დაზღვევაზე გამოყოფილია 8,4 მლნ ლარი; ხელფასების ზრდაზე - 7,3 მლნ ლარი; აკადემიკოსთა ხელფასების ზრდაზე - 1,1 მლნ ლარი; წარჩინებული მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველყოფაზე - 2 მლნ ლარი; წარჩინებული სტუდენტების სტიპენდიების დაფინანსებაზე - 1,9 მლნ ლარი.
მთლიანობაში 293 მლნ ლარი გამოიყოფა სააკაშვილის მიერ ინიცირებულ ”იაფი კრედიტის” პროგრამაზე, რომელიც 7 კომპონენტისაგან შედგება: ”საგადასახადო კრედიტი” - ახალი დარეგისტრირებული კომპანიებისათვის 2000 ლარის საგადასახადო სესხი; რეინვესტირების პროგრამა - არსებული სახელმწიფო სესხის 5-წლიანი შეღავათიანი გადავადება; ”ექსპორტის წახალისება” - 25 მლნ ლარი; ”რეგიონული ტურიზმისა და ხალხური რეწვის განვითარება” - 10 მლნ ლარი; ”100 ქართული ბიზნეს-პროექტი 2008” – 5 მლნ ლარი; ”სოფლის მექანიზაციის პროგრამა” - 30 მლნ ლარი; და პროგრამა ”ცოდნის კარი”, რომლის ფარგლებშიც სტუდენტთა საზღვარგარეთ სწავლებაზე 3 მლნ ლარი გამოიყოფა. ყველა ამ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სესხების საპროცენტო განაკვეთი 4-10%-ის ფარგლებში იქნება.
მომავალ წელს გაგრძელდება ასევე დეკემბრის თვეში დაწყებული დასაქმების პროგრამა, რომელიც 25-65 წლის ასაკის უმუშევართა პროფესიულ გადამზადებას და სამი თვის მანძილზე 600 ლარის ოდენობით სახელმწიფო სტიპენდიის გაცემას ითვალისწინებს. ამ პროგრამაზე მომავალ წელს 47,1 მლნ ლარია გათვალისწინებული.
2008 წლის ბიუჯეტში, წლევანდელთან შედარებით, თანხები უმცირდება თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს.
თავდაცვის ბიუჯეტი 1,495 მილიარდი ლარიდან მომავალ წელს 394 მლნ ლარით მცირდება და შეადგენს 1,100 მილიარდ ლარს, თუმცა ხარჯების განაწილების მთლიან სქემაში ამ სფეროს 19%, ხოლო მშპ-სთან მიმართებაში 5,7% უჭირავს.
მთლიანობაში, სამინისტროების მიხედვით 2008 წელს ხარჯები შემდეგნაირად ნაწილდება:
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 1,284 მლრდ ლარი (2007 წელი - 996,9 მლნ ლარი);
თავდაცვის სამინისტრო – 1,1 მლრდ ლარი (2007 წელი - 1, 494 მლრდ ლარი);
ფინანსთა სამინისტრო – 1, 064 მლრდ ლარი (2007 წელი - 781, 9 მლნ ლარი);
ეკონომიკის განვითარების სამინისტრო – 387,7 მლნ ლარი (2007 წელი - 406,7 მლნ ლარი);
ენერგეტიკის სამინისტრო – 61,4 მლნ ლარი (2007 წელი - 226,4 მლნ ლარი);
იუსტიციის სამინისტრო – 129,6 მლნ ლარი (2007 წელი - 144,5 მლნ ლარი);
საგარეო საქმეთა სამინისტრო – 59 მლნ ლარი (2007 წელი - 57,5 მლნ ლარი);
შინაგან საქმეთა სამინისტრო – 600 მლნ ლარი (2007 წელი - 467,4 მლნ ლარი);
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 490 მლნ ლარი (2007 წელი - 418,7 მლნ ლარი);
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო –70,3 მლნ ლარი (2007 წელი - 74,8 მლნ ლარი);
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო – 60,2 მლნ ლარი (2007 წელი -60,9 მლნ ლარი);
სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 78,1 მლნ ლარი (2007 წელი -78,8 მლნ ლარი);
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 38,7 მლნ ლარი(2007 წელი -40,3 მლნ ლარი);
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 610 ათასი ლარი (2007 წელი -1 მლნ ლარი);
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1 მლნ ლარი (2007 წელი -1 მლნ ლარი);
რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 440 ათასი ლარი (2007 წელი 240 ათასი ლარი);
სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 242 ათასი ლარი (2007 წელი 200 ათასი ლარი).
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის დაფინანსება 2007 წელს გამოყოფილი 13 მილიონი ლარიდან, მომავალ წელს 17 მლნ ლარამდე გაიზრდება.
2008 წელს საქართველოს საპატრიარქოს საბიუჯეტო დაფინანსება 126%-ით იზრდება და 9,5 მლნ ლარს შეადგენს; ასევე გაიზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 20 მლნ ლარამდე.
2007 წელთან შედარებით 42 მლნ ლარით შემცირდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხარჯები და მომავალ წელს 308 მლნ ლარს შეადგენს.