ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ 9 იანვარს შეხვდა თავის კონკურენტს მიხეილ სააკაშვილს და გააფრთხილა, რომ არ დაიხევს უკან არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.
10 იანვარს გვიან ღამით ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ზე გადაცემა Primetime-ში საუბრისას გაჩეჩილაძემ განაცხადა: ”გუშინ მე შევხვდი სააკაშვილს, რადგანაც მე მაწუხებს ჩემი ქვეყნის ბედი და ავუხსენი მას, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, რომ იყოს დაპირისპირება ხელისუფლებას და ხალხს შორის”.
გაჩეჩილაძემ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ შეხვედრის ორგანიზებაში.
”ჩვენ არ გვქონია რაიმე კონკრეტული საუბარი; მე მხოლოდ ხაზი გავუსვი იმას, თუ როგორ უნდა ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება,” - განაცხადა გაჩეჩილაძემ, ”მე ვთქვი, რომ უსამართლობის შემთხვევაში დაძაბულობის და არასტაბილურობის რისკი მაღალია”.
გაჩეჩილაძემ შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ ის არ აპირებს სააკაშვილთან თანამშრომლობას ”არსებული უსამართლობის” გამო.
”უსამართლობაზე” საუბრისას, მას მხედველობაში ჰქონდა ოპოზიციის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შედეგების მანიპულირება ხდება, მათ შორის შემაჯამებელი ოქმების გაყალბების გზით.
გაჩეჩილაძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი არსებული სიტუაციიდან არის მეორე ტურის ჩატარება.
”მე პირველი ვიქნები, ვინც მიულოცავს სააკაშვილს, თუ ის მეორე ტურში გაიმარჯვებს, მაგრამ მას არ აქვს უფლება საპრეზიდენტო უფლებამოსილება აიღოს თავის თავზე პირველი ტურის შემდეგ,” - განაცხადა მან, ”მოვუწოდებ მხარდამჭერებს 13 იანვარს 2 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა პროტესტი გამოვხატოთ უსამართლობის წინააღმდეგ. სხვა გზა არ არსებობს. უსამართლობას ვერ დავუშვებთ”.
მან ასევე განაცხადა, რომ მზად არის პასუხისმგებლობა იკისროს შემდგომ მოვლენებზე და დასძინა, რომ ”აბსოლუტურად დაუშვებელია” 90-იანი წლების მოვლენებში დაბრუნება, როდესაც საქართველო სამოქალაქო დაპირისპირებაში იყო ჩაფლული. ”თუმცა, მივდა ვთქვა, რომ არსებული უსამართლობა არის დაპირისპირების მთავარი წყარო და საქართველო ამჟამად სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე დგას, ამიტომ უსამართლობა უნდა შეწყდეს,” - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ შეხვდა ოპოზიციურ კჯანდიდატებს: დავით გამყრელიძეს, შალვა ნათელაშვილს და ირინა სარიშვილს. გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრა არ იყო დაგეგმილი. ”მან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა,” - განაცხადა გაჩეჩილაძემ პატარკაციშვილის შესახებ, რომელსაც 10 იანვარს პროკურატურამ შეთქმულებისა და ტერორისტული აქტის დაგეგმვაში დასდო ბრალი.
ამასობაში, ოთხივე ოპოზიციური კანდიდატი ასევე შეურთდა მოწოდებებს მეორე ტურის ჩატარების თაობაზე. მათი თქმით, ხელისუფლება არჩევნების შედეგების მანიპულირება მოახდინა, რათა გამარჯვება მიხეილ სააკაშვილისთვის პირველ ტურშივე ერგუნათ.