Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქვეყანა ლიბერალიზმისკენ და ჰუმანიზმისკენ შემოაბრუნე - მიმართავს სუბარი სააკაშვილს
/ 14 იან.'08 / 19:09
სივილ ჯორჯია

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილისადმი გაგზავნილ ღია წერილში ულოცავს მას პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას და საუბრობს მისი მმართველობის 4 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში დაშვებულ შეცდომებზე, რომელმაც ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა და რომელთა გამოსწორება, სახალხო დამცველის აზრით, ახალი პრეზიდენტის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

თავის წერილს სუბარი იწყებს სააკაშვილის სიტყვების გახსენებით, რომ  სახალხო დამცველი ”არაკეთილგანწყობილი” იყო ხელისუფლების მიმართ. ”სამწუხაროა, რომ არაკეთილგანწყობად აღიქმებოდა ჩემი ყველა მცდელობა, შემესწავლა და სააშკარაოზე გამომეტანა ადამიანის უფლებათა დარღვევის ის ფაქტები, რომლებზეც ხელი მიმიწვდებოდა,” - აცხადებს სუბარი, ”ამგვარი დამოკიდებულების ნიშანდობლივი გამოხატულება იყო ის, რომ 7 ნოემბერს სპეცრაზმელები ხელკეტებს მირტყამდნენ სწორედ როგორც სახალხო დამცველს. მათ გააკეთეს ის, რა დავალებაც მიიღეს ხელისუფლებისგან. იმედია, გჯერათ, რომ ეს მაგალითი პირადი წყენის გამო არ მოვიყვანე და მინდა დაგარწმუნოთ იმაშიც, ხელკეტები ჩემს შეხედულებებს ვერ შემაცვლევინებს.”

შემდეგ ის წერს, რომ ადამიანის უფლებათა უგულებელყოფა ”სახელმწიფოს მშენებლობის” მოტივით გახდა დევიზი ”სახელისუფლო ბომონდისა, რომელსაც ჭეშმარიტების ფლობაზე და უცდომელობაზე მონოპოლია აქვს გამოცხადებული”. ”ვინც მათ არ ეთანხმებოდა, შერაცხული იყო სახელმწიფოს მტრად. ვფიქრობ, დღეს ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ეს ”ბომონდი” დათვურ სამსახურს უწევდა ქვეყანასაც, თქვენც და საკუთარ თავსაც”.

”ჩვენ ვერ დავძლევთ სიღარიბეს, ვერ განვავითარებთ წარმოებას, ვერ გავხდებით უკეთესი ქვეყანა, თუ არ დავიცავით მთავარი - ადამიანი და მისი უფლებები, ”- აცხადებს სუბარი ღია წერილში, ”შეცდომების დანახვა და აღიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც სათანადოდ აფასებს ქართული საზოგადოება და ამასთან ელის მთავარს - პოლიტიკურ ნებას და სურვილს, რომ ეს შეცდომები გამოსწორდება და აღარ განმეორდება. საპარლამენტო სიაში მხოლოდ ძველი სახეების ახლებით შეცვლა არ არის საკმარისი, უნდა შეიცვალოს მოქალაქეებისადმი, მათი უფლებებისადმი და ღირსებისადმი დამოკიდებულებაც”.

ცოტა ხნის წინ თავის სატელევიზიო ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არა მხოლოდ მთავრობის და მისი პოლიტიკური გუნდის შეცვლა იგეგმებოდა, არამედ მისი პარტიული სიის განახლებაც საპარლამენტო არჩევნების წინ.

სოზარ სუბარი ღია წერილში ურჩევს სააკაშვილს ახალ ხელისუფლებაში აღარ მოიყვანოს ის ადამიანები, რომელთა სახელებიც უკავშირდება ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებს. იგი ამ კონტექსტში მოიხსენიებს შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს და მაღალჩინოსნებს დათა ახალაიას, ერეკლე კოდუას.

”საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ მხოლოდ ტაქტიკურ გადანაცვლებებს განახორციელებთ, ძალაუფლების რეალურ ბერკეტებს კი იმავე პიროვნებებს შეუნარჩუნებთ, ხოლო მათ ადგილებზე ფორმალურად მათივე მარიონეტებს დანიშნავთ... იმედია ასე არ მოხდება,”- მიმართავს სუბარი სააკაშვილს.

”სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ,” - განაგრძობს სუბარი, ”ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია არა აბსტრაქტულმა თუ კონკრეტულმა ქვეყნის მტრების ქმედებებმა (ისინი, რასაკვირველია, ეცდებიან ამ კრიზისის სათავისოდ გამოყენებას), არამედ ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის ლამის ყოველდღიური ცხოვრების წესად ქცევამ.”

სახალხო დამცველი მოუწოდებს სააკაშვილს უარი თქვას ძალადობის პოლიტიკაზე, რომელსაც ხელისუფლებაში არსებული გავლენიანი ჯგუფი ემხრობა, რათა ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში დაკარგული ნდობა აღდგეს. იგი სააკაშვილს კონკრეტული დამნაშავე ჩინოვნიკების დასჯისკენ მოუწოდებს.

”2 ნოემბერი შედეგი იყო მკვლელობებისა, შეურაცხყოფებებისა, ცემა-ტყეპისა, საკუთრების ხელყოფებისა, ნგრევებისა, შევარდნებისა, წართმევებისა, დაშინებებისა და შემდეგ ტელევიზიით ყველაფერ ამის ცინიკური ღიმილით გამართლებისა,”- აცხადებს სახალხო დამცველი, ”არსებული პრაქტიკის გაგრძელება მძიმე შედეგს მოუტანს როგორც ქვეყანას, ისე თავად ხელისუფლებას. თუმცა, ძალადობის პოლიტიკის სამუდამოდ დასრულების ერთადერთი ნიშანი იქნება დასჯა მათი, ვინც უკანონოდ ანგრევდა, ართმევდა, ღვრიდა და ა.შ. ამის უამრავი კონკრეტული ფაქტია, კონკრეტული გვარ-სახელებით. ჯერ ერთი, ისინი სრულად იმსახურებენ სასჯელს, მეორეც - ეს იქნება შთამბეჭდავი გაფრთხილება მომავალი მოხელეებისთვის”.

ის ასევე წერს, რომ მისი პრეტენზიები ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ, რომლებიც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისადმი გაგზავნილ ”ათობით და ათასობით”  წერილში აისახა, უპასუხოდ და რეაგირების დარჩა. 

”ყველაფერი ეს წვეთ-წვეთად დაგროვდა და ხალხი ქუჩაში გამოვიდა, რასაც ხელისუფლებამ უპასუხა აშკარად გადამეტებული სისასტიკით,” - აცხადებს იგი.

სახალხო დამცველი კორუფციასა და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებების პარალელურად ასევე ახსენებს მიხეილ სააკაშვილს, რომ ხელისუფლებაში ჩამოყალიბდა ”ელიტარული” კორუფცია ადამიანების ჯგუფის მიერ, რომელთათვისაც ”ყველაფერი დაშვებულია”.

”რა თქმა უნდა, ”ნეოქურდებს” არ აწყობთ ძველი ქურდები, რაც დადებითი მომენტია, თუმცა, მათ ასევე არ აწყობთ არც დამოუკიდებელი სასამართლო, არც ევროკავშირი, არც ნატო - არცერთი სტრუქტურა და ორგანიზაცია, რომელიც მათ ძალაუფლებას შეზღუდავს. შეუძლებელია, ვერ ამჩნევდეთ, რომ ხელისუფლებაში პირის რეალურ გავლენას განსაზღვრავს არა თანამდებობა, არამედ მისი ადგილი ”ნეოქურდულ”  იერარქიულ კიბეზე. ეს აუცილებლად მოსაგვარებელი პრობლემაა,”- მიმართავს სუბარი სააკაშვილს.

სახალხო დამცველი ასევე საუბრობს სხვადასხვა გზებით საზოგადოებაში ”შეგნებულად და მიზანმიმართულად” დანერგილ შიშზე ძირითადად პოლიციის, უშიშროების და პროკურატურის მეშვეობით და იმავდროულად, სამართლიანი სასამართლოს არ არსებობაზე, რასაც ”ხელისუფლებაც აღიარებს”.

”ჩემდა სამწუხაროდ უნდა დაგიდასტუროთ, რომ საზოგადოებაში ნამდვილად დაისადგურა შიშის სინდრომმა,” - წერს სუბარი, ”დღეს ძნელია ვისაუბროთ საქართველოში თავისუფალი საზოგადოების არსებობაზე. ამის დანახვა გაუჭირდებათ უცხოელ დამკვირვებლებს, ვერც მე შევძლებ იმის დოკუმენტურად დასაბუთებას, თუ როგორ უფრთხიან ადამიანები საკუთარი აზრის გამოთქმას ყოველდღიურ ცხოვრებაში, სამსახურში. როგორ იღებენ ტელეფონებიდან ელემენტებს და ჩურჩულით საუბრობენ”.

მისი თქმით, ოპოზიციის ხმამაღალი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა. ”რიგით მოქალაქეებს ეშინიათ, რომ მათ არასასურველ პირად შერაცხავენ, სამსახურიდან გააგდებენ, გალახავენ, ნარკოტიკს ჩაუდებენ, ახლობელს დაუჭერენ; ჰგონიათ, რომ ყველა ტელეფონი ისმინება”. 

იგი ასევე ვარაუდობს, რომ შიშის სინდრომის დათესვა გაზნრახ ხდება. ”როგორც ჩანს, ხელისუფლების ერთ ნაწილში დომინირებს აზრი, რომ ასე უფრო იოლია ქვეყნის მართვა, თუმცა, ისტორია გვასწავლის, რომ შეშინებული ხალხი პირველ რიგში ისევ ხელისუფლებისთვის არის საშიში,” - აცხადებს სუბარი.

წერილში ასევე საუბარია სასამართლო სისტემაში არსებულ სიტუაციაზე.

”სასამართლო გადაქცეულია ნოტარიუსად და უუფლებო დანამატად პროკურატურისა, რომელიც გადაიქცა მონსტრად, რომლის წინაშეც სრულიად დაუცველია მოქალაქე. ასეთ ვითარებაში გარდაუვალია პროკურატურის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება,”- ნათქვამია წერილში, ”მნიშვნელოვანწილად დღეს სწორედ პროკურატურა მართავს ქვეყანას, რა თქმა უნდა, არაოფიციალურად... რთულია ამის დოკუმენტურად დამტკიცება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ასეა და დავხუჭოთ ამაზე თვალი?”

მისი თქმით, 5 იანვარს ჩატარებული პლებისციტის დროს ქართველმა ხალხმა თანხმობა განაცხადა ნატოში გაწევრიანებაზე, თუმცა საზოგადოება ასევე სვამს კითხვას: ”ნამდვილად სურს თუ არა თავად ხელისუფლებას ნატოში შესვლა? ნატოს ერთი უმთავრესი მოთხოვნა - ქვეყანაში შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო და ჩამოყალიბდეს სამართლებრივი სახელმწიფო - დღემდე შეუსრულებელ მოთხოვნადვე რჩება”. 

წერილში სოზარ სუბარი ყურადღებას ამახვილებს გირგვლიანის საქმეზე და მას ხელისუფლებისთვის ”დიდ შავ ლაქას” უწოდებს. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინა, მმართველმა ელიტამ დაიცვა მინისტრი და მას ”სახელმწიფოს ხერხემალი” უწოდა.

”რა კომენტარს იმსახურებს ის, რომ დღემდე არაფორმალურად თავის თანამდებობაზეა დათა ახალაია?!,” - წერს სუბარი, ” თავი ვალდებულად მიმაჩნია, გირჩიოთ, რომ ახალ ხელისუფლებაში აღარ მოიყვანოთ ის პიროვნებები, რომელთა სახელებიც უკავშირდება ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებს”. 

სახალხო დამცველი ასევე საუბრობს მედიის თავისუფლების სფეროში შექმნილ ”არასახარბიელო” ვითარებაზე და გამოდის ინიციატივით საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაუყონებლივ შეიქმნას მართლაც დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ”გაითვალისწინებს მთელი საზოგადოების და არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს”.

”თუ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ არხი, რომელიც საზოგადოების ხარჯზე ფინანსდება, მართლაც დამოუკიდებელი იყოს, ეს ძალიან სწრაფად და ადვილად გადაწყვეტადი საკითხია. თუ ასეთი ნება არ არსებობს, გაგრძელდება მტკიცება, რომ საზოგადოებრივი არხი დამოუკიდებელია, თუმცა, საზოგადოება ამას არ დაიჯერებს და კამათი და დებატები გადაინაცვლებს ქუჩაში,”- აცხადებს სუბარი. 

იგი ასევე მოუწოდებს სააკაშვილს უარი თქვას მომავალში არჩევნების ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით ჩატარებაზე.

”ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში ნაკლებად მოდის ის ფაქტი, რომ თქვენს საარჩევნო შტაბს რეალურად   ხელმძღვანელობდა შს მინისტრი, რომელიც თათბირებს უტარებდა და საარჩევნო ინსტრუქციებს აძლევდა ადგილობრივ პარტიულ ხელმძღვანელებს... არანორმალური ფაქტია, როდესაც დედაქალაქში თითქმის მთელი ტრანსპორტი მმართველმა პარტიამ იქირავა და თავისი მომხრეები გადაჰყავდა... ეს არ არის  ევროპისკენ მიმავალი ტრანსპორტი,”- აცხადებს სუბარი.

თავის ღია წერილში იგი ასევე აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზაფხულზე გაიმართება, მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებით გულის დამშვიდება არ იქნება საკმარისი, რადგან  ”გადამწყვეტია ქართველი ხალხის შეფასება”.

”პრობლემათა ნუსხა ამით არ ამოიწურება, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში კიდევ უამრავი საჭირბოროტო თემაა, რომელთა გადაწყვეტაც შესაძლებელია თანდათან, თუ გადაწყდება მთავარი - სახელმწიფო ლიბერალიზმისკენ და ჰუმანიზმისკენ შემობრუნდება,”- აცხადებს სახალხო დამცველი.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31