პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სულ 8 საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციის ”უფლებამოსილ წარმომადგენელთან” და ერთ საკითხზე - საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციის თაობაზე - უკვე იქნა მიღწეული შეთანხმება.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დარჩენილი სამი წევრი (ფრიდონ თოდუა, რუსუდან სებისკვერაძე, მამუკა ხერხეულიძე)მზადაა დატოვოს თანამდებობები, რის შემდეგაც ეს ორგანო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ”შეთანხმებისა და გარკვეული პარიტეტის” საფუძველზე დაკომპლექტდება.
”ამ საბჭოს ექნება ძალიან სერიოზული ფუნქციები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით სერიოზულად აამაღლებს საზოგადოების ნდობას და პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენლისათვის მისაღები იქნება ის სტანდარტი, რომელიც დაწესდება,”- განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს და იქვე დასძინა, რომ საზოგადოებრივი არხის მუშაობასთან დაკავშირებით პირადად მასაც ჰქონდა შენიშვნები.
მან არ დააკონკრეტა შეეხება თუ არა ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას, თუმცა აღნიშნა, რომ რიგით ჟურნალისტებზე ”პოლიტიკური შეთანხმებები” არ გავრცელდება.
ოპოზიციური კოალიცია ბოლო დროს მუდმივად აკრიტიკებდა საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლებისადმი მიკერძოებულობის გამო და არხზე პირდაპირი ეთერით სარგებლობის საშუალებას მოითხოვდა, მათ შორის საპროტესტო აქციები გზითაც.
”მოლაპარაკებების რეჟიმში, რომელშიც ჩვენ ვართ, გამოიკვეთა დაახლოებით 8 საკითხამდე, რომლებიც ქვეყნისათვის ნამდვილად პოზიტიურია და რეალური შესაძლებლობები ამ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოებისა ნამდვილად არსებობს,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”მე იმედი მაქვს, რომ ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებითაც ასეთივე ნაბიჯებით ვივლით წინ”.
თუმცა მან არ დააკონკრეტა დანარჩენი 7 თემა, რაზეც ოპოზიციასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.