Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მინისტრების და გუბერნატორების უმეტესობა შეიცვლება - სააკაშვილი
/ 18 იან.'08 / 18:48
სივილ ჯორჯია

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 18 იანვარს განაცხადა, რომ ის მინისტრების და გუბერნატორების ”აბსოლუტური უმრავლესობის” შეცვლას აპირებს.

”ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ მინისტრების და არა მხოლოდ მინისტრების, ადგილობრივი მმართველების - გუბერნატორების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში შეიცვალოს უახლოეს დღეებში. ამას მე ვაკეთებ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმის გამო, რომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგეტიკა, ახალი ენერგია, ახალი მუხტი და ძალიან მასშტაბური ამოცანების ახალი ძალებით მკვეთრი გადაწყვეტა,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”ცვლილებები საჭიროა იმ დიდი გამოწვევების გამო, რომელიც საქართველოს აქვს წინ. ყოველთვის საჭიროა ცვლილებები, იმისათვის, რომ იყოს ახალი სისხლი და არ დაჭაობდეს გარემო და იყოს მოძრაობა.  მოძრაობას სჭირდება, რომ არ იყოს ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე ხალხი სულ ერთი და იგივეს არ აკეთებდეს. ყველაფერმა იცის მობეზრებაც და შეჩვევაც და მოდუნებაც, ამიტომ საჭიროა მუდმივი გადახალისება. ჩვენი პრინციპი არის არა განახლება თავისთავად განახლების გამო, არამედ ამ განახლებას მოჰყვეს განახლება საზოგადოებაში, კიდევ უფრო ეფექტური მუშაობა და ბევრად უფრო ეფექტური მუშაობა საქართველოს ხელისუფლების”. 

პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 17 იანვარს განაცხადა, რომ დაგეგმილი საკადრო ცვლილებები მინისტრების ნახევარზე მეტს შეეხება.

მისი თქმით, თანამდებობას დატოვებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე. ”არველაძე კერძო ბიზნესში აპირებს წასვლას,” - განაცხადა გურგენიძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ზე გადაცემა Primetime-ში საუბრისას.

გურგენიძემ ასევე განაცხადა, რომ ახალ მთავრობაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის შემდეგ დაკომპლექტდება, ის მოიწვევს ”ახალ სახეს” სანდრო კვიტაშვილს. სანდრო კვიტაშვილი, დღემდე უცნობი პიროვნება, საქართველოში ნიუ-იორკიდან დაბრუნდება, სადაც ექვსი წელი დაჰყო და მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, თუმცა ამ პიროვნებაზე დეტალური ინფორმაციის მოწოდებისგან მან თავი შეიკავა.  ”ეს არის, რისი თქმაც ამ ეტაპზე შემიძლია,” - განაცხადა მან.

ბოლოს სანდრო კვიტაშვილს, რომელსაც ლადო გურგენიძესთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს, ნიუ-იორკში EastWest Institute (EWI)-ის ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მისი კარიერა უკავშირდება ჯანდაცვის სფეროს და ის იყო თბილისში საერთაშორისო ფონდის ”კურაციო” პრეზიდენტი. EWI-ში მუშაობის დაწყებამდე მას გაეროს განვითარების პროექტში ჯანდაცვის, განათლების და სოციალური სფეროების ექსპერტის, ასევე სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის ექსპერტის პოზიცია ეკავა. იგი ასევე მუშაობდა კონსულტანტად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და აშშ-ში.

თავის სატელევიზიო ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ მთავრობის სტრუქტურული რეფორმაც იგეგმება, რომლის დროსაც რამდენიმე ვიცე-პრემიერის პოსტი იქნება შემოღებული; ამჟამად ერთი ვიცე-პრემიერის პოსტი არსებობს. გურგენიძემ  სამი ვიცე-პრემიერის შესახებ მიანიშნა.

გურგენიძემ უარყო ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დაყოფა იგეგმება. ”პირადად მე ამგვარი დაყოფის წინააღმდეგი ვარ,” - დასძინა მან. 

სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძემ ასევე განაცხადა 17 იანვარს, რომ წინააღმდეგია შრომის,  ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ სამინისტროდ გაყოფის, რომელთაგანაც ერთი სოციალურ საკითხებს გაუწევს კურირებას, ხოლო მეორე ჯანდაცვის სფეროს. ”ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი,” - განაცხადა ბენდუქიძემ.

ამასობაში, ქართული მედია კვლავ ავრცელებს ვარაუდებს მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე. ამ ვარაუდების თანახმად, თანამდებობების დატოვება მოუწევთ კახა ბენდუქიძეს, ჯანდაცვის მინისტრს დავით ტყეშელაშვილს და კულტურის, ძეგლთა დაცვისა  და სპორტის მინისტრს გოკა გაბაშვილს. ასევე ვრცელდება ვარაუდები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩაუდგეს სათავეში. გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია თავის თანამდებობას საპარლამენტო არჩევნებამდე შეინარჩუნებს, ხოლო არჩევნების შემდეგ დიპლომატიურ სამსახურში გადავა. ამავე ვარაუდებით, დეპუტატ გიგა ბოკერიას ან დიპლომატიურ სამსახურს შესთავაზებენ, ან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

მედია არაფერს ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრზე, ვანო მერაბიშვილზე. ასევე უცნობია, შეეხება თუ არა დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც უშიშროების სამსახურსაც მოიცავს. ოპოზიცია დიდი ხანია მოითხოვს ამ ორი ორგანოს განცალკევებას; ოპოზიცია ამჟამინდელ შინაგან საქმეთა სამინისტროს ”მონსტრს” უწოდებს და მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენებას უკვე დიდი ხანია ითხოვს. 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29