პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საზოგადოებრივ წრეებთან ფართო კონსულტაციების საფუძველზე ”სამი თაობის კომპეტენტური ადამიანებით” დაკომპლექტებული ”საფუძვლიანად გადახალისებული” მთავრობა წარადგინა.
ძალოვანი მინისტრები: შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ახალ მთავრობაში პოსტებს ინარჩუნებენ, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი, ფინანსთან მინისტრი ნიკა გილაური და ენერგეტიკის მინისტრი ალეკო ხეთაგური.
იუსტიციის მინისტრის პოსტს გენერალური პროკურორის ამჟამინდელი მოადგილე ნიკა გვარამია დაიკავებს, ხოლო იუსტიციის მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი გენერალური პროკურორი გახდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად წავა გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი. შესაბამის გეგმებს პრეზიდენტი სააკაშვილი გაახმოვანებს.
ახალ მთავრობაში არასამთავრობო სექტორის ორი ცნობილი სახე მოხვდა. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ხოლო სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი თემურ იაკობაშვილი სახელმწიფო მინისტრი გახდება რეინტეგრაციის საკითხებში. ეს სახელი დაერქმევა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე საგარეო საქმეთა სამინიტროს ჩაიბარებს. გურგენიძის განცხადებით, საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილი კერძო ბიზნესში გააგრძელებს მოღვაწეობას.
მთავრობაში სამი სტრუქტურული სიახლეა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი გახდება სახელმწიფო მინისტრი, ასევე მთავრობას დაემატება კიდევ ერთი უპორტფელო მინისტრის თანამდებობა - სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ქართულ პოლიტიკაში ახალი სახე იულონ გაგოშიძე გახდება. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით ტყეშელაშვილი რეგიონალური მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს ჩაიბარებს, რაც ასევე ახალი სტრუქტურული წარმონაქმნია საქართველოს მთავრობაში.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, როგორც ეს მისმა ახლო მეგობარმა ლადო გურგენიძემ ადრე გაახმოვანა, ამერიკაში მოღვაწე სანდრო კვიტაშვილი გახდება.
”ეს არის ნამდვილი პროფესიონალი, რომელსაც გააჩნია ძალიან ფართო გამოცდილება ჯანდაცვის სექტორის მართვისა,”- განაცხადა გურგენიძემ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ზაზა გამცემლიძე, ბოტანიკის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ჩაიბარებს. კულტურის, სპორტის და ძეგლთა დაცვის მინისტრი კი ამჟამინდელი მინისტრის გოკა გაბაშვილის მოადგილე ნიკა ვაჩეიშვილი გახდება.
ეკონომიკის განვითარების სამინისტროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეკა შარაშიძე ჩაიბარებს, რომელიც ამ თანამდებობაზე გიორგი არველაძეს შეცვლის. არველაძე, ოფიციალური ცნობით, კერძო ბიზნესში გადადის.
გიორგი ბარამიძე ახალ მთავრობაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს. იგი პირველი ვიცე-პრემიერის ტიტულს მას შემდეგ მიიღებს, რაც კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით ეს თანამდებობა დაკანონდება.
ახალი მთავრობის სტრუქტურაში აღარ იქნება ორი სახელმწიფო მინისტრი. - სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ზინაიდა ბესტაევა და სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე.
ლადო გურგენიძის განცხადებით, კახა ბენდუქიძე მთავრობის კანცელარიის უფროსად დაინიშნება შეცვლის რა ამ პოსტზე პეტრე მამრაძეს, რომელიც ამ თანამდებობაზე შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან მუშაობს. გურგენიძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო სამსახურში გააგრძელებს მუშაობას ზინაიდა ბესტაევაც.
ლადო გურგენიძის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობა შეირჩა ”პროფესიული და სამოქალაქო ღირებულებების ნიშნით და არა პოლიტიკური, თუ პარტიული კუთვნილების ნიშნით”.