Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია ხელისუფლებას 17-პუნქტიან მოთხოვნებს უყენებს
/ 29 იან.'08 / 15:57
სივილ ჯორჯია

ოპოზიციური პარტიები 29 იანვარს გამოქვეყნებულ ერთობლივ მემორანდუმში ხელისუფლებას 17 პუნქტად ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს შორის უყენებენ საპარლამენტო არჩევნების აპრილში გამართვის და არჩევნებისთვის თავისუფალი პოლიტიკური და მედია გარემოს უზრუნველყოფის მოთხოვნებს. თებერვლის შუა რიცხვებამდე  მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ოპოზიცია პერმანენტული საპროტესტო აქციების მეორე ტალღას გეგმავს.

”15 თებერვალს 2 საათზე მთელ საქართველოს ვუხმობ პარლამენტის წინ საპროტესტო მიტინგზე,”- განაცხადა ოპოზიციური კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ პრესკონფერენციაზე, ”თუ ეს მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, მიტინგი მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და ჩვენ დავიწყებთ ეროვნული დემოკრატიული მოძრაობის მეორე ტალღას საქართველოში სამართლიანობის აღდგენისთვის”.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ ლევან გაჩეჩილაძე და ოპოზიციური კოალიციის ცხრავე პარტიის ლიდერი, ახალი მემარჯვენეების ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი დავით გამყრელიძე, მომავლის პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი გია მაისაშვილი და მრეწველთა პარტია. ოპოზიციის ერთიან მოთხოვნებს არ შეუერთდნენ ლეიბორისტები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიცია არ ცნობს პრეზიდენტ სააკაშვილის ”ლეგიტიმურობას”, უარს ამბობს მასთან თანამშრომლობაზე და განაგრძობს წინააღმდეგობის კამპანიას ”მშვიდობიანი პროტესტის საშუალებების გამოყენებით”.

ოპოზიცია კვლავაც მოითხოვს საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით სადავო ოლქებში 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ამომრჩეველთა ხმების გადათვლას, კენჭისყრის დროს აღმოჩენილი დარღვევების გამოძიებას და დამნაშავეების სისხლის სამართლის წესით დასჯას.

იმავდროულად, ოპოზიცია გამოდის ახალი კონსტიტუციური ცვლილების ინიციატივით, რომლის თანახმადაც ახლადარჩეულმა პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს. მოქმედი კონსტიტუცია მთავრობის ხელახლა დამტკიცებას მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ითვალისწინებს.

ოპოზიცია ითხოვს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების თანაბარი წარმომადგენლობით დაკომპლექტებას, ცესკოს თავმჯდომარის მხარეებს შორის შეთანხმებით დანიშვნას, ხოლო საოლქო და საუბნო კომისიის თავმჯდომარეების, მოადგილეების და მდივნების თანამდებობების საარჩევნო სუბიექტებს შორის გადანაწილებას.

გარდა ამისა, მემორანდუმის თანახმად, საარჩევნო კოდექსში შემდეგი ცვლილებები უნდა განხორციელდეს: მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა (მოგებულს ყველაფერი რჩება) უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ მანდატები განაწილდეს მიღებული ხმების პროპორციულად; აიკრძალოს საარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტის და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობა; ყველა საარჩევნო უბანი აღიჭურვოს ვიდეო-თვალით; განისაზღვროს ეგზით პოლების გამოქვეყნების, ამომრჩეველთა სიების შედგენის და დარღვევების გასაჩივრების ეფექტური მექანიზმები.

ოპოზიცია ასევე ითხოვს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდეს არა შემოდგომაზე, არამედ ივლისში, მოქმედი საკანონმდებლო ორგანოს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით ოპოზიცია ითხოვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭო შემჭიდროებულ ვადებში დაკომპლექტდეს პარიტეტის პრინციპით და გენერალური დირექტორი დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით; ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისია დაკომპლექტდეს პარიტეტის საფუძველზე და კერძო ტელევიზიებზე ამოქმედდეს მონიტორინგის სისტემა. ხელისუფლებამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების თაობაზე, რომლის ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების მიზნით კონკურსი უკვე მიმდინარეობს.

ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნაა სასამართლოში აღდგეს სხდომების საჯაროობა და მედიის დასწრების თავისუფლება. პარლამენტმა სასამართლოს შენობასა და სხდომათა დარბაზებში ვიდეო, ფოტო და კინო გადაღების აკრძალვა ივლისში დააკანონა.

იმავდროულად, ოპოზიცია ითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტიკური მოტივებით დაკავებული ადამიანები პატიმრობიდან და გამოძიებული იყოს 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის ფაქტი.

ოპოზიცია მემორანდუმში ცალკე პუნქტად აყალიბებს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის და გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის გადაყენების მოთხოვნას. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განახლებულ მთავრობაში, რომელიც პარლამენტმა ამ კვირაში უნდა დაამტკიცოს, კვლავაც წარადგინა ვანო მერაბიშვილის კანდიდატურა. თუმცა ზურაბ ადეიშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე უკვე მიიღო პოსტის დატოვების გადაწყვეტილება და მის ნაცვლად წარდგენილია იუსტიციის ყოფილი მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის კანდიდატურა.

ოპოზიციის მოთხოვნაა პარიტეტულ საწყისებზე  შეიქმნას სამართალდამცავ სისტემაზე მონიტორინგის სისტემა, კერძოდ, პარლამენტის საგამოძიებო კომისია და მონიტორინგის რეგიონული საბჭოები, რომლებიც ”გამოიძიებენ ძალოვანი სტრუქტურების უკანონო ქმედებებს”.

”ეს განცხადება ჩვენი კოორდინირებული მუშაობის შედეგად შეიქმნა,”- განაცხადა 29 იანვარს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ”ჩვენი საერთო პოზიცია არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა დააგვირგვინა არჩევნების გაყალბებით და მეორე ტურის მოპარვით, რომელიც მან მოპარა საკუთარ ხალხს... ყველას ჩვენ გვჭირდება ძალიან მყარი გარანტიები იმისა, რომ საქართველოში ვეღარავის ვერასოდეს ვერ გააყალბებს არჩევნებს და ვერავინ ვერ მიითვისებს ხალხის ხმებს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ქვეყანა და რა პოლიტიკური პერსპექტივა აქვს საქართველოს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაჯერებთ ჩვენს პოზიციებს ამ განცხადებაში”.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 29 იანვარს განაცხადა, რომ მემორანდუმი შეიცავს რამდენიმე ”უპირობო თემებს”, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება. ”მაგალითად, ჩვენი მოთხოვნა საარჩევნო ადმინისტრაციების პარიტეტულ საფუძველზე დაკომპლექტების თაობაზე უკომპრომისოა,” - განაცხადა უსუფაშვილმა. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მემორანდუმის ზოგიერთი საკითხი შესაძლოა გახდეს ხელისუფლებასთან კონსულტაციების საგანი. ”მაგალითად, ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ხელისუფლების წინადადებებს იმის თაობაზე, თუ რა სახის მონიტორინგი შეიძლება დაწესდეს სამართალდამცავ სტრუქტურებზე და მზად ვართ მივიღოთ მათი წინადადებები, თუ ისინი რაიმე უკეთესს შემოგვთავაზებენ,” - დასძინა უსუფაშვილმა.
 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15