Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია დიალოგს წყვეტს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 თებ.'08 / 13:27
სივილ ჯორჯია

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ აღარ მიიღებენ ხელისუფლებასთან დიალოგში მონაწილეობას მანამ, სანამ მათი სამი კონკრეტული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ოპოზიცია მოითხოვს 7 ნოემბრის მოვლენების დროს და შემდგომ პოლიტიკური მოტივებით დაკავებული პირების გათავისუფლებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის თამარ კინწურაშვილისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის თანამდებობებიდან დაუყოვნებლის გადაყენებას.

”სანამ არ შესრულდება ჩვენი სამი ეს მოთხოვნა, რომელსაც არ სჭირდება მუშა-ჯგუფი, გაწელვა და კანონმდებლობაში ცვლილება, მანამდე ჩვენ უაზრო ლაყბობაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ,”- განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა დღეს თბილისის მერიის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კონსერვატიული პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მმართველი პარტია 17-პუნქტიან მემორანდუმზე მოლაპარაკებების პროცესში ”აშკარად დროის გაყვანის ტაქტიკით მოქმედებს”.

”აღარ გვინდა მათთან საუბრის გაგრძელება,”- განაცხადა ძიძიგურმა, ”15 თებერვალს ჩვენ დავუძახებთ ჩვენ მხარდამჭერებს და იქნება პერმანენტული აქციები”.

ოპოზიციურმა კოალიციამ დღეს თბილისის მერიას ოფიციალური ცნობით მიმართა 15-დან 25 თებერვლამდე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მოწყობის გეგმებთან დაკავშირებით.  

”საპროტესტო აქცია გაიმართება მიუხედავად იმისა, ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება თუ არა,” - განაცხადა ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ. ”მაგრამ საპროტესტო აქციები შეწყდება იმავე დღეს, როგორც კი დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები; წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციები გაგრძელდება პერმანენტულად და დასრულდება მხოლოდ ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ”.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური კოალიციის განცხადება მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე ”უცნაური” და ”გაუგებარია”.

”წინა შეხვედრები [ოპოზიციასთან] იყო ძალიან კონსტრუქციული და ჩვენ წინ გადავდგით ნაბიჯები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. დღეს ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფი იყო წასული სწორედ იმ საკითხების გასარკვევად, რომელიც ეხება [7 ნოემბრის არეულობის დროს დაპატიმრებული] პატიმრების გათავისუფლებას,” განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 8 თებერვალს. ”შუა პროცესში მოლაპარაკებებისა, შეთანხმებისა და რაც მთავარია, ამ შეთანხმებების რეალიზაციისა, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ და ვემზადებით სამშაბათის შეხვედრისათვის, წინასწარ განცხადებების გაკეთება, რომ მოლაპარაკებები წყდება და ულტიმალუმის ტონზე გადასვლა უბრალოდ უცნაური უნდა იყოს.”

მან ასევე დასძინა: ”მე მინდა კიდევ ერთხელ იმედი ვიქონიო, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც კონსტრუქციულობას შეინარჩუნებს მით უმეტეს, რომ ჩვენ ამის სრულ საფუძველს მათ ნამდვილად ვაძლევთ.”

აქ მან სავარაუდოდ იგულისხმა მრეწველთა პარტიის ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადება, რომელმაც 8 თებერვალს განაცხდა: ”ვადა მიცემულია 15 თებერვლამდე და ამ ვადას უნდა დაველოდოთ. მე მგონი უფრო უპრიანი იქნება დაველოდოთ პასუხს და ამის შემდეგ მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება”.

მრეწველთა პარტია, ისევე როგორც ახალი მემარჯვენეები, ცხრა პარტიისგან შემდგარ ოპოზიციურ კოალიციაში არ შედიან, თუმცა ორივე პარტია ოპოზიციის ერთობლივ მემორანდუმს შეუერთდა. 

დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე მხოლოდ კოალიციას ეკუთვნოდა და მრეწველები და ახალი მემარჯვენეები შესაძლოა არ იზიარებენ მას.   

დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა მმართველი პარტიიდან ოპონენტების გადაწყვეტილებას ”გაუგებარი” უწოდა, რადგან არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის დიალოგის შეწყვეტა.  

”გაუგებარია დღევანდელი ასეთი რეაქცია. ფაქტიურად ღია კარის მტვრევა გამოდის,”- განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან, ”საზოგადოებამ დაუკვეთა პოლიტიკურ წრეებს, რომ შეთანხმება აუცილებლად უნდა იქნას მიღწეული ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ”.

”მზად ვართ და კონკრეტული ნაბიჯებიც უკვე იდგმება იმისათვის, რომ ეს შეთანხმება შედგეს,”- დასძინა მან.

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებით, უკვე დაწყებულია მუშაობა, რომ დაკმაყოფილდეს ოპოზიციის მოთხოვნები. მათ ამის მაგალითად მოჰყავთ 8 თებერვლის შეხვედრა ოპოზიციურ დეპუტატებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, სადაც მხარეებმა 7 ნოემბრის მოვლენების გამო დაპატიმრებული პირების გათავისუფლების საკითხი განიხილეს. მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებით, ამ საკითხს სამართლებრივი პროცედურები სჭირდება, რაც თავისთავად დროს მოითხოვს.   

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის საკითხს, მმართველი პარტიის წარმომადგენელთა თქმით, კინწურაშვილის გათავისუფლება ამ ეტაპზე ტექნიკურად შეუძლებელია, რადგანაც ტელეკომპანიაში სამეურვეო საბჭო არ არსებობს, რომელსაც გენერალურმა დირექტორმა გადადგომის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს. ახალი საბჭოს შექმნის პროცესი მიმდინარეობს და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, ეს თემა თებერვლის ბოლოს დასრულდება.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა 1 და 5 თებერვალს. პოლიტიკოსებმა ორივე მხრიდან განაცხადეს, რომ ახლოს არიან იმ საკითხებზე შეთანხმებასთან, რომელიც გაზაფხულზე პარლამენტის სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს. თუმცა ორივე რაუნდი დასრულდა ისე, რომ მხარეებს კონკრეტული შეთანხმებები არ გამოუცხადებიათ.  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9