დღეს პარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 9 ახალი წევრის არჩევას პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 27 კანდიდატურიდან.
სამეურვეო საბჭოს ახალი წევრები გახდნენ:
ბაკურ სულაკაური- გამომცემელი;
გიორგი ანჩაბაძე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ერეკლე ტრიპოლსკი - სტუდია "მარაო-" ს დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი;
ირმა სოხაძე - მომღერალი, ევრაზიის ტელევიზიისა და რადიო აკადემიის ნამდვილი წევრი;
ზურაბ ხარატიშვილი - საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG აღმასრულებელი დირექტორი;
მიხეილ ჭიაურელი - კინოსტუდია „ქართული ფილმი" და ტელეფილმების დამდგმელი რეჟისორი; საქართველოს საპარტიარქოს ტელევიზია ”ივერია"-რეჟისორი;
მარინა ვეკუა - საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
ლევან გახელაძე - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
მამუკა ფაჩუაშვილი - გაზეთ "24 საათის" მთავარი რედაქტორი.
აღნიშნული კანდიდატურები მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ორდღიანი კონსულტაციების შედეგად შეათანხმეს.
არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია ერეკლე ტრიპოლსკის, ირმა სოხაძის და მიხეილ ჭიაურელის კანდიდატურებს უჭერდა მხარს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 26 თებერვალს განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი გადადგომის თხოვნით მიმართავს ახლადარჩეულ სამეურვეო საბჭოს, რის შემდეგაც საბჭო გამოაცხადებს ღია კონკურსს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატებად მოიაზრებიან ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმოხილველი ია ანთაძე და გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუში.