აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ სოხუმი არ განაახლებს მოლაპარაკებებს თბილისთან, სანამ ქართული ძალები ზემო კოდორის ხეობაში დარჩებიან, იტყობინება ”აფსნიპრესი” 14 მარტს.
მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე წინაპირობა მოლაპარაკებების განახლებისთვის არის გალის რაიონის აფხაზური ადმინისტრაციის თანამშრომლის დავით სიგუას ადგილმდებარეობის დადგენა.
სიგუა 2007 წლის თებერვლიდან გაუჩინარდა. აფხაზური მხარე აცხადებს, რომ იგი ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს აფხაზეთის ხელისუფლებასთან მისი თანამშრომლობის გამო შურისძიების ნიშნად. თუმცა, თბილისი უარყოფს კავშირს სიგუას გაუჩინარებასთან.
”ამ ორი საკითხის - კოდორის ხეობა და დავით სიგუას ადგილმდებარეობა - მოგვარების გარეშე, საქართელოსთან მოლაპარაკებები არ იქნება,” - იტყობინება ”აფსნიპრესი” შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.