Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მომდევნო პარლამენტის სტრუქტურის სამი მოდელი
/ 20 მარ.'08 / 14:52
სივილ ჯორჯია

ახალი პარლამენტის სტრუქტურა, ოპოზიციის შიმშილობის აქციის ფონზე, პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი საკითხი გახდა. საკანონმდებლო ორგანოს აგებულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პარტიებისთვის, რადგანაც მიიჩნევა, რომ სწორედ ეს განსაზღვრავს მანდატების გადანაწილებას საკანონმდებლო ორგანოში.

სავარაუდოდ, 21 მაისს ასარჩევი პარლამენტის სტრუქტურის სამი ვარიანტი არსებობს: 1. თითო მაჟორიტარის არჩევა 75 ერთმანდატიანი ოლქიდან და 150-წევრიანი პარლამენტის დანარჩენი 75 ადგილის გადანაწილება პროპორციული წესით; 2. ერთი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა 75 მაჟორიტარული ოლქიდან და პროპორციული სისტემით ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა 75-დან 100 ან 110-მდე; 3. 75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა მრავალმანდატიან ოლქებში, ნაცვლად ერთმანდატიანი ოლქისა და პროპორციული სისტემით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობის შენარჩუნება 75-ზე.

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც პირველ ვარიანტს განსაზღვრავს და რომელსაც მმართველი პარტია უჭერს მხარს, უკვე მიღებულია პირველი მოსმენით. მმართველმა პარტიამ 19 მარტს ჩატარებული კენჭისყრისას კოდექსის სხვა მუხლებისგან განსხვავებით, მაჟორიტარების საკითხის მეორე მოსმენით მიღება 21 მარტამდე გადადო. პროექტი შესაბამისობაში მოდის იმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან, რომლითაც მოხდა პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობის შემცირება 100-დან 75-მდე, ხოლო მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობის 50-დან 75-მდე გაზრდა. ეს ვარიანტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მთავარი წყაროა, რამაც, ფაქტიურად უბიძგა ოპოზიციურ კოალიციას და ახალ მემარჯვენეებს შიმშილობის აქცია დაეწყოთ. ეს სისტემა მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს ოპოზიციის გეგმებს ახალ პარლამენტში უმრავლესობით შესვლის თაობაზე.     

მმართველ პარტიას მეტი შანსები აქვს დეპუტატობის საკუთარი კანდიდატები გაიყვანოს ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, თუმცა არანაკლებ 30%-ისა, პირველივე ტურში გაიმარჯვებს. რესპუბლიკური პარტია გამოდის ინიციატივით, რომ ეს ზღვარი 30%-დან 50%-მდე გაიზარდოს, თუმცა მმართველი პარტია ამ წინადადებას არ ეთანხმება, რადგანაც მეორე ტურის შემთხვევაში მას გაცილებით გაუჭირდება თავისი კანდიდატების გაყვანა.

ამასთან ოპოზიცია ეჭვობს, რომ მმართველი პარტია დამოუკიდებელი კანდიდატების მეშვეობით შეეცდება მაჟორიტარულ ოლქებში მანდატების მოპოვებას, თუმცა მათ ღიად არ დაუჭერს მხარს და შესაძლოა თავისი პარტიული კანდიდატებიც დაუყენოს ფორმალურად კონკურენტებად. ოპოზიციას კიდევ ერთ არგუმენტად მოჰყავს 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების გამოცდილება, როცა მაშინდელი ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით პოპულარობის პიკზე იყო, თუმცა შევარდნაძის ხელისუფლებამ მაინც გაიყვანა მაჟორიტართა შთამბეჭდავი უმრავლესობა პარლამენტში, რომლებიც უკვე დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის მხარდამჭერები არიან.

ოპოზიციის პროტესტის საპასუხოდ ხელისუფლება მას მეორე ვარიანტს სთავაზობს - 75 მაჟორიტარის შენარჩუნება, თუმცა სანაცვლოდ პროპორციული სიით დეპუტატთა რაოდენობის დამატება. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, დეპუტატთა საერთო რაოდენობა ახალ პარლამენტში 150-დან 175 ან 185-მდე გაიზრდება. 

მაგრამ ეს ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის 2003 წლის რეფერენდუმთან, სადაც ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას 235-დან 150-მდე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 18 მარტს ნათლად მიანიშნა, რომ ის მზადაა გადახედოს რეფერენდუმის შედეგებს მხოლოდ ამ ვარიანტზე ყველა პარტიას შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში. თუ ოპოზიცია დათანხმდება, მას მოუწევს პასუხისმგებლობის გაზიარება 2003 წლის რეფერენდუმის შედეგების უგულებელყოფაზე. რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა უკვე გააფრთხილა ოპოზიციური პარტიები, რომ არ დათანხმდება ამ წინადადებაზე. პარტიის თქმით, ეს არის ”პოლიტიკური ხრიკი”, რომელიც ”ოპოზიციის დისკრედიტაციას” ისახავს მიზნად.

რაც შეეხება მეორე ვარიანტს, მის განხორციელებას დასჭირდება საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რადგანაც მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს 150 დეპუტატის არჩევას. საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას წინ უსწრებს  სულ ცოტა ერთთვიანი სამართლებრივი პროცედურა.

მესამე ვარიანტი 75 მაჟორიტარი დეპუტატის მრავალმანდატიან ოლქებში არჩევის შესახებ, ნაცვლად ერთმანდატიანი ოლქისა, რესპუბლიკური პარტიის ინიციატივაა. ეს ინიციატივა ძალიან ჰგავს ე.წ. ”რეგიონალური პროპორციულ სიებს”, რომლის ინიციატივითაც ადრე ოპოზიცია გამოდიოდა და რაზეც შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს ის მმართველ პარტიას.  თუმცა, სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ამომრჩეველს მოუწევს მრავალმანდატიან ოლქში იმდენი კანდიდატისთვის ხმის მიცემა, რამდენი მანდატიცაა მოცემულ ოლქში. მმართველმა პარტიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს ამ წინადადებას.

ოპოზიციურ კოალიციას და ახალ მემარჯვენეებს, რომლებიც შიმშილობის აქციას განაგრძობენ, ამ ვარიანტებზე თავიანთი ნათელი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ. გაზეთი ”რეზონანსი” წერს 20 მარტს, რომ ”ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციაში ჯერჯერობით აზრთა სხვადასხვაობაა”. 

დღეს შიმშილობის მე-12 დღეა იმ ხუთი მოშიმშილესთვის ოპოზიციური კოალიციიდან, რომელთაც ათობით მხარდამჭერთან ერთად პირველებმა დაიწყეს ეს აქცია. მოგვიანებით მათ სხვებიც შეუერთდნენ. შვიდი დეპუტატი ახალი მემარჯვენეებიდან პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მისაღებში უკვე 11 დღეა შიმშილობს (ირაკლი იაშვილი თავის თანაპარტიელებს 13 მარტს შეუერთდა).

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
49