Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პატრიარქის წარუმატებელ შუამავლობას ურთერთბრალდებები მოყვა
/ 21 მარ.'08 / 14:29
სივილ ჯორჯია

არსებულ პოლიტიკურ კრიზისში რაიმე გარღვევის მიღწევის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ოპოზიცია და ხელისუფლება ახლა ერთმანეთს ადანაშაულებენ იმაში, რომ პატრიარქის მოწოდება არ გაითვალისწინეს.

იციან რა საქართველოს პატრიარქის ნდობის მაღალი დონე ქართულ საზოგადოებაში, ორივე მხარე აშკარად ცდილობს ერთმანეთის დისკრედიტაციას ამგვარი ბრალდებების წაყენებით.

20 მარტს საქართველოს პატრიარქმა მოუწოდა ოპოზიციას შეწყვიტონ შიმშილობის აქცია, ხოლო მმართველ პარტიას დაძაბულობის განმუხტვის მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ურჩია.

იმავე დღეს ოპოზიციამ უარი თქვა შიმშილობის შეწყვეტაზე მმართველი პარტიის მხრიდან დათმობის გარეშე, ხოლო მმართველმა პარტიამ უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნის განხილვაზე ამ უკანასკნელის მიერ შიმშილობის აქციის შეწყვეტამდე.

ოპოზიციის ეს განცხადებები პატრიარქის ”აბუჩად აგდებად” შეაფასა თბილისის მერმა გიგი უგულავამ და და ოპოზიცია სიტუაციის ხელოვნურად რადიკალიზაციაში დაადანაშაულა.

”გუშინ რაც ვიხილეთ მთელმა საზოგადოებამ, არის საკმაოდ სახიფათო ტენდენცია. ჩვენ ვნახეთ, რომ პატრიარქმა მოუწოდა მოშიმშილეებს, მისცა მათ კურთხევა შეეწყვიტათ შიმშილობა, მაგრამ შედეგად  ჩვენ ვიხილეთ ის, რომ მათ პოლიტიკური მოთხოვნები აუფრიალეს წინ და პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენეს და უარი უთხრეს უწმინდესის კურთხევას, რაც არის სახიფათო ტენდენცია და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ხელოვნურად ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ახდენენ სიტუაციის დაძაბვას და რადიკალიზაციას,”- განაცხადა დღეს უგულავამ მმართველი პარტიიდან. 

ანალოგიური განცხადებები გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 20 მარტს და 21 მარტს. მისი თქმით, ხელისუფლება განაახლებს მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია შიმშილობის აქციას შეწყვეტს.

ამის საპასუხოდ დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან განაცხადა, რომ პატრიარქის მოწოდებაზე, რომ 20 მარტს გვიან საღამოს გამართულიყო კონსულტაციები საპატრიარქოში შეკრებილ ოპოზიციონერებთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ უარი განაცხადა.

”პატრიარქმა სრულიად შესაძლებლად ჩათვალა, რომ ეს იყო ის მოთხოვნა, რომელზეც ხელისუფლება აუცილებლად უნდა წამოსულიყო,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ფიქრია ჩიხრაძემ, რომელიც ესწრებოდა გუშინ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას, ”მან მაშინვე მოიწვია ქალბატონი ბურჯანაძე იქ საპატრიარქოში შეხვედრისათვის და ამ საკითხზე კონსულტაციის გამართვისათვის, რაზეც ქალბატონმა ბურჯანაძემ უარი უთხრა. პატრიარქი ხანგრძლივად ესაუბრებოდა, რომ ოპოზიციამ დათმო და ახლა მათი დათმობის დროა”.

პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუ ხელისუფლება მათ ”ერთადერთ” მოთხოვნას დააკმაყოფილებს მაჟორიტარული არჩევნების რეგიონული პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე. თუმცა საპასუხო განცხადებაში ბურჯანაძემ ოპოზიციის მოთხოვნას ”ულტიმატუმი” უწოდა, რომელიც მათ ”ახლა უკვე პატრიარქს წაუყენეს”.

ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა 21 მარტს განაცხადა, რომ ოპოზიციის წინადადება იყო ”მნიშვნელოვანი კომპრომისი”, რადგანაც ოპოზიცია აღარ აყენებს მის ადრინდელ ოთხ მოთხოვნას შიმშილობის შეწყვეტის წინაპირობად.

”ჩვენ შიმშილობის აქცია დავიწყეთ ოთხი მოთხოვნით და ახლა მხოლოდ ერთი მოთხოვნა დარჩა, როგორც წინაპირობა შიმშილობის შეწყვეტისა,” - განაცხადა დავითაშვილმა.

9 მარტს, როდესაც რვა პარტიისგან შემდგარმა კოალიციამ შიმშილობის აქცია დაიწყო, ის ითხოვდა: ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს; პირობების შექმნას თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად და 7 ნოემბრის მოვლენების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას. მოგვიანებით ამას დაემატა ნინო ბურჯანაძის გადადგომის მოთხოვნაც, რომელიც ახალმა მემარჯვენეებმა შიმშილობის შეწყვეტის წინაპირობად დააყენეს. დავითაშვილის თქმით, თუ მათი მოთხოვნა ე.წ. რეგიონალური პროპორციული სიებით 75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის თაობაზე დაკმაყოფილდება, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებები განაახლოს ხელისუფლებასთან არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

იმავდროულად შიმშილობის აქციის ორგანიზატორებმა საინფორმაციო ბრიფინგზე მოუწოდეს ყოფილ პოლიტიკური პარტნიორებს რესპუბლიკელებსა და ლეიბორისტებს ღიად გამოხატონ თავიანთი პოზიცია მათ ინიციატივასთან დაკავშირებით.  

”დააფიქსირეთ თქვენი ეს პოზიცია და გამოაცალეთ ხელისუფლებას არგუმენტი იმისა, რომ ოპოზიცია ამ საკითხებში სხვადასხვანაირად ფიქრობს,”- მიმართა დავითაშვილმა ამ ოპოზიციურ პარტიებს, ”ახლა არ არის პარტიული ამბიციების დრო. ვაჩვენოთ ხელისუფლებას ერთიანი პოზიცია”.

რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი უკვე გამოეხმაურა ამ მოწოდებას და განაცხადა: ”ვითვალისწინებთ რა 2 კვირის განმავლობაში შიმშილობის აქციის მონაწილე ოპოზიციის ლიდერების მდგომარეობას, რესპუბლიკური პარტია შეუძლებლად თვლის დღეს რაიმე შეფასებებისა და კომენტარების გაკეთებას, თუმცა ერთ საკითხში სიცხადე უნდა შევიტანოთ ახლავე - რესპუბლიკურ პარტიას არ სჭირდება საჯარო მოწოდებები მოშიმშილეთა ბოლო მოთხოვნასთან შესაერთებლად, ვინაიდან სწორედ ამ ინიციატივით გამოვიდა რესპუბლიკური პარტია რამდენიმე დღის წინ”. 

ლეიბორისტული პარტიის წევრმა გიორგი გუგავამ მოუწოდა ოპოზიციას დაუჯეროს პატრიარქს და შეწყვიტოს შიმშილობა.  

რეგიონალური პროპორციული სიებით მაჟორიტარული დეპუტატების არჩევა საშუალებას აძლევს პარტიებს ან საარჩევნო ბლოკებს რამდენიმე კანდიდატი დაასახელონ თითოეულ ოლქში (მანდატების რაოდენობა დამოკიდებული იქნება ოლქის სიდიდეზე). ამ სისტემის თანახმად, 75 მაჟორიტარული მანდატი პარლამენტში პროპორციულად გადანაწილდება, პარტიების მიერ კონკრეტულ ოლქში მიღებული ხმების საფუძველზე. ეს სისტემა ასევე გულისხმობს საარჩევნო ბარიერის დაწესებას და აღარ იქნებიან დამოუკიდებელი კანდიდატები, რადგანაც ყველა კანდიდატი დასახელდება პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ.

 

 

 


 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14