Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტელეკომპანია ”იმედი” მაუწყებლობას აპრილიდან განაახლებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 მარ.'08 / 12:54

ტელეკომპანია ”იმედი” ექსპერიმენტულ მაუწყებლობას 1 აპრილისთვის აღადგენს, ხოლო მაუწყებლობა სრული დატვირთვით, დაახლოებით, 10 აპრილიდან გაგრძელდება ისე, როგორც ეს იყო არხის დამფუძნებლის, გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე.

ამის შესახებ განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა ”იმედის” სავარაუდო მფლობელთან ჯოზეფ ქეისთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

”ტელეარხი არ იქნება არც ოპოზიციური და არც პოზიციური. ეს არის ტელეარხი, რომელმაც უნდა იმაუწყებლოს ზუსტად იმ ფორმატში, რასაც ჰქვია სიტყვის თავისუფლება,”- განუცხადა ქეიმ ჟურნალისტებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ ჩაერევა ტელეკომპანიის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში.

ქეიმ ასევე გააკეთა კომენტარი მის მიერ იმ ხელშეკრულების გაუქმებაზე, რომლის თანახმადაც პატარკაციშვილმა მედია ჰოლდინგის ”იმედის” აქციების მართვის უფლება გასული წლის ოქტომბერში ერთი წლით რუპერტ მერდოკის News Corporation-ს გადასცა.

”ჩემთვის Newscorp არის ბატონი ბერეზოვსკი. ბერეზოვსკის აქ ადგილი არ აქვს,”- განუცხადა ჟურნალისტებს ”იმედის” სავარაუდო ახალმა მფლობელმა.

ცოტა ხნის წინ პატარკაციშვილის მეგობარმა და ბიზნესპარტნიორმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა მასაც ჰქონდეს წილი ტელეკომპანია ”იმედში”. მისი თქმით, პატარკაციშვილის ქონებასთან მისი საკუთრების გამიჯვნის საკითხებს ადვოკატები არკვევენ.

არხის გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა ტელეკომპანიის მაუწყებლობის აღდგენის აპრილისთვის გადადება ახსნა ”ფინანსური, ტექნიკური, საკადრო” პრობლემებით, რის მოგვარებასაც დროს სჭირდება.

”ექსპერიმენტული მაუწყებლობის აღდგენა შესაძლებელია მოხდეს უკვე 1 აპრილისთვის,”- განაცხადა ბარათაშვილმა, ”სრული ფორმატით, რაც გულისხმობს 8-საათიანი ”ქრონიკისთვის” ახალი წამყვანების შერჩევას, საზოგადოებრივ-პოლიტიკური  თოქ-შოუს წამყვანზე და მის ფორმატზე საბოლოოდ ჩამოყალიბებას, ამას დასჭირდება დაახლოებით ერთი კვირა, 10 დღე და მე ვფიქრობ, ჩვენ 10 აპრილს წესით არ უნდა გადავაშოროთ”. 

26 დეკემბერს ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის დროებით შეჩერებამდე და ამის შემდეგაც არხი ბევრმა წამყვანმა ჟურნალისტმა დატოვა.

დღესვე საგანგებო განცხადება გააკეთა კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ და განაცხადა, რომ ტელეკომპანიას მათი მხრიდან ლიცენზიის ჩამორთმევის საფრთხე არ ემუქრება. კანონმდებლობით, მაუწყებლობის შეწყვეტიდან სამ თვეში, თუ მანამდე არხი მუშაობას არ განაახლებს, მარეგულირებელ კომისიას აქვს უფლება ჩამოართვას სამაუწყებლო ლიცენზია. ეს ვადა დღეს ამოიწურა.

”მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს შესაბამისი ჩანაწერი, მინდა დაგარწმუნოთ კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ აპირებს ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას,”- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი არველაძემ, ”ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე გაირკვეს ტელევიზიის საკუთრებასთან არსებული საკითხები და ტელეკომპანიამ შეუფერხებლად დაიწყოს მაუწყებლობა”.

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ჯოზეფ ქეი ”თვითმარქვიაა” და იგი დოკუმენტების გაყალბების გზით ცდილობს ხელში ჩაიგდოს მათი ქონება. ქეი იგივე იოსებ კაკალაშვილი გარდაცვლილი ბიზნესმენის დეიდის გერია. პატარკაციშვილის ოჯახი ”იმედის” საკუთრებაზე დავის გადაწყვეტას სასამართლოს გზით აპირებს და საკითხის ”პოლიტიზირებისაგან” ყველას თავის შეკავებას ურჩევს. თუმცა ადრე პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება აფერხებს ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენას და მოსახლეობას მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

ოპოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ ჯოზეფ ქეი საქართველოს ხელისუფლების მითითებებით მოქმედებს, დღეს ”იმედის” დასაცავად ტელეკომპანიის შენობასთან საპროტესტო აქციას გეგმავს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25