Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი აფხაზეთის მიმართ ახალი სამშვიდობო ინიციატივებით გამოდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 მარ.'08 / 19:22
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 მარტს ახალი სამშვიდობო წინადადება წაუყენა სოხუმს, რომელიც მოიცავს ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას; აფხაზების წარმომადგენლობას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში, მათ შორის ახალ კონსტიტუციურ პოსტს ვიცე-პრეზიდენტისას, რომელსაც ექნება აფხაზეთთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ვეტოს უფლება; და ერთიანი საბაჟო და სასაზღვრო სივრცის შექმნას.

”ჩვენ ვთავაზობთ აფხაზებს დაუყოვნებლივ ყველა ამ საკითხზე განვაახლოთ მოლაპარაკებები,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ”თუ ყველა ამ საკითხზე წავიმუშავებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყინული გალღვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, მთლიანად საქართველოს და მათ შორის აფხაზებს, წინ ელის ძალიან გაურკვეველი და რისკით აღსავსე მომავალი”.

პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობდა კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრას, რომელსაც მასპინძლობდა ავტორიტეტული ორგანიზაცია  - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - ასევე ესწრებოდა ოპოზიციონერი დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან ივლიანე ხაინდრავა.

სააკაშვილის ახალი წინადადებები ძირითადად ემთხვევა თბილისის მიერ 2006 წლის ივნისში გახმოვანებულ სამშვიდობო ინიციატივას, თუმცა ამ შემთხვევაში ძირითადი აქცენტი უფრო ეკონომიკაზეა გადატანილი.

თავისუფალი ეკონომიკური ზონა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის სთავაზობს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას გალსა და ოჩამჩირეში თავისუფალი ეკონომიკური ზონების ერთობლივად შექმნას.

”ჩვენ - თბილისმა და სოხუმმა  - ერთად, ყველა დანარჩენი მონაწილის გარეშე, დიდი საერთაშორისო თავისუფალი ეკონომიკური ზონები უნდა შევქმნათ დე ფაქტო აფხაზური და საქართველოს ხელისუფლების კონტროლქვეშ,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”რა თქმა უნდა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა გულისხმობს თავისუფლებას, ნაკლებ კონტროლს და მეტ თავისუფლებას. მე ვთავაზობ, რომ დაცარიელებული ოჩამჩირე და გალი ავითვისოთ თავისუფალი ეკონომიკური ზონის მეშვეობით. ოჩამჩირეს აქვს პორტი, რომელიც ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აქვს დიდი ტერიტორია გალსაც და ოჩამჩირესაც სრულიად აუთვისებელი. ჩვენ ვთავაზობთ დაუყოვნებლივ დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ ტერიტორიების ეკონომიკურ განვითარებაზე”.

საქართველო უახლოეს ხანებში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას გეგმავს ფოთში, აფხაზეთიდან არცთუ ისე შორს.

ვიცე-პრეზიდენტის პოსტი

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, აფხაზური მხარე წარმოდგენილი უნდა იყოს ”საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლების უკლებლივ ყველა ორგანოში”.

”ჩვენ ვთავაზობთ მათ საქართველოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს და ჩვენ ვთავაზობთ მათ ვეტოს უფლებას ყველა იმ ცენტრალურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება მათ კონსტიტუციურ სტატუსს ან შეეხება მომავალში მათ კონსტიტუციურ სტატუსს, მათ კულტურის, ენის და ზოგადად ეთნიკური ჯგუფის გადარჩენის და განვითარებისთვის ყველა მნიშვნელოვან წინაპირობას. ჩვენ ვთავაზობთ ამაზე მათ ვეტოს უფლებას იმასთან ერთად, რომ მათ ექნებათ საქართველოს პარლამენტში და ყველა ორგანოში ექნებათ გარანტირებული წარმომადგენლობა,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს არის უჩვეულო ნაბიჯი. ჩვენ მზად ვართ რომ ეს ნაბიჯი უახლოეს კვირებში გადავდგათ. თუ მოლაპარაკებები დაიწყება ხვალ, მზად ვართ, რომ მოლაპარაკებები დავასრულოთ და კონსტიტუციური საკითხები ერთად გადავწყვიტოთ”.

ვიცე-პრეზიდენტის პოსტს საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია არ იცნობს.

”უსაფრთხოების გარანტიები”

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა სოხუმს ასევე შესთავაზოს, როგორც მან აღნიშნა,  ”ბევრი სხვა კონკრეტული გარანტიები უსაფრთხოების”.

თუმცა მან იქვე დაამატა: ”ბუნებრივად უნდა მოხდეს თანდათან შერწყმა, მაგრამ ეტაპობრივად და ყოველგვარი დაჩქარების გარეშე ჩვენი უსაფრთხოების სტრუქტურების. მოხდეს ერთიანი საბაჟო, რეალურად ერთიანი საბაჟო-სასაზღვრო სივრცის შექმნა და ბუნებრივია, მათი სრული ავტონომია ადგილზე”.

სოხუმი დაჟინებით მოითხოვს თბილისისგან ხელი მოაწეროს ერთობლივ შეთანხმებას ძალის არ გამოყენების თაობაზე. თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 მარტს განაცხადა, რომ საქართველო ამ დოკუმენტის ხელმოწერას არ აპირებს.

”შეუზღუდავი ავტონომიურობა”

მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თბილისის წინადადება შეიცავს ”შეუზღუდავ ავტონომიურობას” და დასძინა: ”ჩვენ არასდროს არ შეგვითავაზებია მათთვის [აფხაზებისთვის] ამდენი ოფიციალურ დონეზე, რამდენსაც ახლა ვთავაზობთ”.

”არ არსებობს საკითხი, რომელიც  ჩვენ და აფხაზებმა შეიძლება ვერ გადავწყვიტოთ მოლაპარაკებების გზით, გარდა საქართველოს დაშლისა, მე მინდა ამას ხაზი გაუსვა,”- განაცხადა მან, ”ყველა სხვა საკითხი - პრაქტიკულად შეუზღუდავი ავტონომიურობა, ფართო ფედერალიზმი და ძალიან სერიოზული წარმომადგენლობა საქართველოს ცენტრალურ ორგანოებში  - ყველაფერი ეს გარანტირებულად შეიძლება მათ [აფხაზებმა] მიიღონ. მათ შორის საერთაშორისო გარანტების მონაწილეობით და მათი ხელშეწყობით”.

რუსეთი მხარე კონფლიქტში შუამავალი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა რუსეთს შეასრულოს კონფლიქტის მოწესრიგებაში არა მხარის, არამედ რეალური შუამავლის როლი.

”ჩვენ ვთხოვთ, რომ ამ პროცესში ჩაერთოს რუსეთის ფედერაცია, რომელიც დღეს არ არის შუამავალი. რუსეთი არის ამ კონფლიქტის მონაწილე,”- განაცხადა მან, ” ჩვენ ვთხოვთ მათ კონფლიქტის მონაწილიდან გადავიდნენ შუამავლის მდგომარეობაში. მე ძალიან ნათლად მივანიშნე და ვუთხარი გაეროს გენერალურ მდივანს [პან გი-მუნს], რომ დღევანდელი  [სამშვიდობო] ფორმატი არის მიუღებელი. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ამ ფორმატის რადიკალურ ცვლილებაზე”.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17