Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო დამცველი ცესკოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 აპრ.'08 / 17:19
სივილ ჯორჯია

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა იმ მოხელესთან ერთად, ვინც 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევები ჩაიდინა და დაფარა.  

სუბარმა 4 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე 12 საარჩევნო უბნის ვიდეო-თვალის ჩანაწერების კვლევის შედეგი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, 5 475 ხმა საპრეზიდენტო არჩევნებზე გაყალბებულია.

”ლევან თარხნიშვილის მიზანი იყო, რომ დაეფარა ყველა ეს გაყალბება და და არა ის, რომ გამოეძიებია ეს ფაქტები,”- განაცხადა სოზარ სუბარმა, ”მე უბრალოდ ამის შემდეგ ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა იყოს თარხნიშვილი ცესკოს თავმჯდომარე მომდევნო არჩევნებზე”.

თუმცა ცესკომ უარყო ბრალდებები და ”გაუგებარი” უწოდა.

”ამ ჩანაწერების ნახვის შემდეგ 2 თვის თავზე კეთდება პოლიტიკური განცხადება, რომელიც არანაირად არ შეესაბამება სინამდვილეს,”- განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა 4 აპრილს საპასუხო პრესკონფერენციაზე.

სახალხო დამცველის აპარატს ცესკომ მხოლოდ 12 საარჩევნო უბნის ვიდეო-მონაცემები მიაწოდა, თუმცა მონაცემების შესადარებლად საჭირო ამომრჩეველთა სამაგიდო სიების გადაცემაზე უარი უთხრა. სიების მოპოვება სახალხო დამცველმა ვერც სასამართლოს გზით შეძლო.

სახალხო დამცველის განცხადებით, მისმა აპარატმა ცესკოსგან ”გაურკვეველი მიზეზით” ვერ მიიღო ასევე სხვა უბნების ვიდეო-ჩანაწერები.

შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და სამეგრელოს იმ 12 უბნის ვიდეო-მონაცემების დამუშავების შედეგად, რომელიც სუბარის განცხადებით, ორთვიანი ლოდინისა და ”სხვადასხვა სახის ტექნიკური” შეფერხებების შემდეგ ცესკოსგან მიიღეს, დაფიქსირდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდისა და საუბნო კომისიის წევრების მიერ ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის ფაქტები.

”ჩვენს მიერ შესწავლილი მასალა სრულად აშკარას ხდის, რომ დაუშვებელია საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს იმავე თავმჯდომარემ, რომელმაც ასეთი მასშტაბური გაყალბებები დაუშვა,” - განაცხადა დღეს სოზარ სუბარმა.

სუბარის ინფორმაციით, ცესკო 5 იანვრის ვიდეომასალის წაშლას გეგმავს, რათა ხელახლა განახორციელოს საარჩევნო პროცესის გადაღება 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე. თუმცა სუბარი ამ ქმედების წინააღმდეგ აფრთხილებს აცხადებს რა, რომ  მტკიცებულებების განადგურება სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა. სახალხო დამცველის აპარატში ვიდეო-ჩანაწერების ეგზემპლარები ინახება. 

სახალხო დამცველმა დღეს დარღვევების კონკრეტული ფაქტები წარმოადგინა:

კერძოდ,  ვიდეო-ჩანაწერში დაფიქსირებულია, რომ მარნეულის მე-7 უბანზე კომისიის წევრი გივი კიპაროიძე ორჯერ აძლევს ხმას და მისი მესამე ასეთი მცდელობა უშედეგოდ მთავრდება. ამ უბანზე შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა 545-მა ამომრჩეველმა მიიღო, ვიდეო-თვალმა კი 487 ანუ 58-ით ნაკლები ამომრჩეველი დააფიქსირა.

ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი  ბოლნისის #1 უბანზე, სადაც  კომისიის  თავმჯდომარის მოადგილემ ლია მენაბდიშვილმა ორჯერ მიცა ხმა. დღესდღეობით ეს ადამიანი,  რომელმაც, სუბარის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ჩაიდინა, ცესკოს მიერ საოლქო კომისიის წევრად არის წარდგენილი. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, აღნიშნულ უბანზე 813 ამომრჩეველი გამოცხადდა, მაშინ როცა ვიდეო-თვალმა მხოლოდ 765 ამომრჩეველი დააფიქსირა. ცდომილება ამ უბანზე 48 ზედმეტ ხმას შეადგენს.

ბოლნისის მე-3 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ვიქტორ ისიანმა რამდენიმე ბეჭედ დარტყმული ბიულეტენი გადასცა პიროვნებას, რომელმაც საარჩევნო უბანი დატოვა. ეს სუბარის თქმით, ე.წ.  კარუსელის დატრიალების ერთ-ერთი ხერხია. ამ უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში 676-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ვიდეოთვალმა კი 659 ანუ 17 -ით ნაკლები ადამიანი აღბეჭდა ფირზე.

გორის მე-17 უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 5 იანვარს ხმის მისაცემად 1 857 ამომრჩეველი მივიდა, აქედან მიხეილ სააკაშვილს 1 518-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. თუმცა ვიდეო-თვალმა მხოლოდ 519 ამომრჩეველი დააფიქსირა. ცდომილებამ 1338 ზედმეტი ხმა შეადგინა.

გორის მე-2 უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ხმის მისაცემად 1 073 ამომრჩეველი მივიდა, ვიდეო-თვალმა კი მხოლოდ 518, ამომრჩეველი  - 555-ით ნაკლები - აღბეჭდა.

ზუგდიდის მე-2 უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა 851 ამომრჩეველმა მისცა, ვიდეო-ჩანაწერის მიხედვით კი, რეალურად უბანზე 457 ამომრჩეველი გამოცხადდა; ცდომილება 394 ხმაა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ორი უბნის შედეგები ვერ იქნა შესწავლილი კენჭისყრის მიმდინარეობისას ვიდეო-კამერების გარკვეული დროით გათიშვის გამო.

”თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდებოდა იმ უბნებზე, სადაც ვიდეო თვალი არ არის დამონტაჟებული, სადაც არ არსებობდა საფრთხე იმისა, რომ ვინმე დაინახავდა ამ გაყალბებას”, - განაცხადა სოზარ სუბარმა პრესკონფერენციაზე საუბრისას.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი მასალებიდან მხოლოდ ორი უბნის ვიდეო-ჩანაწერები დაემთხვა შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს. 

იმავდროულად სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მის მიერ შესწავლილი დარღვევები საპრეზიდენტო არჩევნების დამდგარ შედეგზე უკვე ვეღარ იმოქმედებს. თუმცა სუბარი მაინც კატეგორიულად მოითხოვს დანარჩენი 1000-მდე უბნის ვიდეო-მასალების შესწავლას და  დარღვევებში მონაწილე პირთა დასჯას.

”რათა ერთის მხრივ უფრო ნათლად გამოიკვეთოს გაყალბების მასშტაბები, ხოლო მეორის მხრივ დაისაჯონ და საარჩევნო პროცესს ჩამოსცილდნენ ის პირები, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ მონაწილეობენ ამ გაყალბებაში,”- განაცხადა სუბარმა, ” სხვანაირად საქართველოში არასდროს არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები”.

სახალხო დამცველი აღნიშნულ მასალებს რეაგირებისათვის გადასცემს გენერალურ პროკურატურას და ასევე იუსტიციის მინისტრის ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობით შექმნილ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს, რომელიც მომდევნო, 21 მაისის საპარლამენტო ”არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზეა პასუხისმგებელი”. ეს ჯგუფი ყოფილი იუსტიციის მინისტრის და ამჟამინდელი გენერალური პროკურორის ეკა ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნა.

21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიდეოთვალის ჩანაწერის მთლიანი მონაცემები აღარ იქნება ხელმისაწვდომი საარჩევნო კოდექსში მარტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რომლის მიხედვითაც ეს ინფორმაცია ”საჯარო არ არის”.  

კოდექსში ნათქვამია: ”საუბნო საარჩევნო კომისიაში განთავსებული ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნა შეუძლია საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირს, რომელიც ვალდებულია, წარდგენილ განცხადებაში/საჩივარში მიუთითოს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნისა და დარღვევის დაფიქსირების ზუსტი დროის თაობაზე. აღნიშნული განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ 15-წუთიანი ინტერვალის ჩანაწერის გაცნობა კონკრეტული დროის და დარღვევის მითითებით”.



ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10