საქართველოს იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია მოუწოდებს რუსეთის მხარეს აფხაზეთში მყოფ პატიმართა ესტრადიციის საქმეში ითანამშრომლოს ოფიციალურ თბილისთან და არა სეპარატისტულ ხელისუფლებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აღიქმება ”საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად”.
ამის შესახებ განცხადება გვარამიამ დღეს რუსეთის იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული წერილის საპასუხოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გვარამიას განცხადებით, წერილში რუსეთის მხარე ითხოვს გადაეცეს მისი ქვეყნის 35 მოქალაქე, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე იხდის სასჯელს და ამ მიზნით ”აფხაზეთის ხელისუფლებასთან” თანამშრომლობის სურვილს გამოხატავს.
”რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მხრიდან წერილში მოყვანილი მოთხოვნა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს,”- აცხადებს გვარამია, ”ყოველივე ეს განიხილება, როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმული უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, რომელიც მიმართულია აფხაზეთისთვის ე.წ. ”არაღიარებული ტერიტორიის" სტატუსის მინიჭებისა და მასთან, როგორც სუვერენული უფლების მქონე სუბიექტთან ოფიციალური ურთიერთობის დამყარებისკენ... ეს რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებისა და აფხაზეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურთა სამიტის გადაწყვეტილებიდან რუსეთის ფედერაციის გასვლის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს”.