რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ განმარტა, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წერილი ქართველი კოლეგებისადმი, რომელიც აფხაზეთთან პირდაპირი კავშირის დამყარებას ეხებოდა პატიმართა ექსტრადიციის საქმეში თანამშრომლობისათვის, მიზნად ისახავდა აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვას.
წერილში რუსეთის მხარე ითხოვს გადაეცეს მისი ქვეყნის 35 მოქალაქე, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე იხდის სასჯელს და ამ მიზნით ”აფხაზეთის ხელისუფლებასთან” თანამშრომლობის სურვილს გამოხატავს.
”აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს რუსეთის მოქალაქეთა დიდი რაოდენობა და ასეთი სამართლებრივი ქმედებები აუცილებელია რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად,” - განუცხადა დღეს კოვალენკომ ჟურნალისტებს, ”როგორც მე მესმის, [რუსეთის] იუსტიციის სამინისტროს ქმედება მიმართულია სწორედ პირდაპირი კავშირების დამყარებისკენ იმ ნაწილში, რაც ეხება რუსეთის იმ მოქალაქეების უფლებების დაცვას, რომლებიც ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე”.
ეს განცხადება კოვალენკომ მას შემდეგ გააკეთა, რაც საგარეო უწყებამ მას საპროტესტო ნოტა გადასცა იუსტიციის სამინისტროს წერილის გამო, რასაც თბილისი ”პროვოკაციას” და ”რუსეთის ფედერაციის ერთიანი დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილს” უწოდებს.
”პოლიტიკის, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული რეჟიმების ლეგიტიმაცია, აგრეთვე კონფლიქტური რეგიონების სრული ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური ინტეგრაცია რუსეთის სივრცეში,”- ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების 8 აპრილის განცხადებაში, ”საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთი პოლიტიკა კვალიფიცირდება როგორც "მცოცავი ანექსია" სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ”.
სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ გარდა საკითხის პოლიტიკური მხარისა, სამართლებრივი თვალსაზრისით, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განზრახვა ეწინააღმდეგება ევროსაბჭოს 1983 წლის კონვენციას, რაზეც აპელირებს რუსული მხარე და რომელიც ”გამორიცხავს პირდაპირი თანამშრომლობის შესაძლებლობას რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ერთ-ერთ შემადგენელ რეგიონს, აფხაზეთს შორის”.