აფხაზური და თურქული პრესის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა პირადი ვიზიტით თურქეთს სტუმრობს.
ინგლისურენოვანი თურქული გაზეთი Today’s Zaman იტყობინება 5 ივნისს, რომ შამბა თურქეთში კავკასია-აფხაზეთის სოლიდარობის კომიტეტის მოწვევით ჩავიდა. შამბა არ შეხვედრია თურქეთის ოფიციალურ პირებს, თუმცა მან შეხვედრები გამართა ანკარაში რუსეთის საელჩოში, იტყობინება თურქული გაზეთი.
4 ივნისს თურქ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე შამბამ გამორიცხა თურქული შუამავლობა ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. მისი თქმით, თურქეთის პოზიციაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ის არაფერს ამბობს ხალხის თვითგამორკვევის უფლებაზე.
საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესის” ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შამბამ შეხვედრები გამართა თურქეთში მცხოვრებ აფხაზურ დიასპორასთან.