საქართველომ დაჟინებით მოითხოვა, რომ რუსულმა ძალებმა ”დამატებითი უზაფრთხოების ზომები” - როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება ითვალისწინებს - ცხინვალის გარშემო არსებულ 15-კილომეტრიან კონფლიქტის ზონაში განახორციელონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონის გარეთ სტაციონალური საგუშაგოების გახსნა შეთანხმების დარღვევა იქნება.
მან ამის მოტივად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება და ასევე საგარანტიო წერილი-განმარტება დაასახელა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა, სანამ ეს უკანასკნელი ხელს მოაწერდა შეთანხმებას.
ტყეშელაშვილის თქმით, წერილში ”ძალიან ნათლადაა” დაფიქსირებული, რომ რუსულ ძალებს აქვთ უფლება განახორციელონ პატრულირება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან ”რამდენიმე კილომეტრში”. მან ხაზი გაუსვა, რომ წერილში ნახსენებია მხოლოდ პატრულირება და არა რაიმე საგუშაგოები.
მისი თქმით, ეს ”რამდენიმე კილომეტრი” ეხება 15-კილომეტრიან რადიუსს ცხინვალის გარშემო.
არც ექვსპუნქტიანი შეთანხმება, არც საფრანგეთის პრეზიდენტის წერილი არ განსაზღვრვს ტერიტორიას ”რამდენიმე კილომეტრის” ფარგლებში. თუმცა, წერილში ნათქვამია, რომ ამ ზონაში არ შედის არც ქალაქი გორი, არც ცენტრალური მაგისტრალი.
თუმცა, რუსეთმა უკვე განაცხადა, რომ ”რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონა” შეიძლება უფრო ფართო იყოს, ვიდრე მხოლოდ 15-კილომეტრიანი რადიუსი ცხინვალის გარშემო. რუსეთი ასევე აცხადებს, რომ ექვსპუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში მოქმედებს.