Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო დამცველი ”ავტორიტარიზმის” დემოკრატიით შეცვლისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 სექ.'08 / 11:12

საქართველო ”არასწორად იმართება” და საჭიროა არსებული ”ავტორიტარიზმი” შეიცვალოს რეალური დემოკრატიით, რადგან ეს ერთადერთი გზაა ქვეყნის გადასარჩენად, აცხადებს 25 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.

”კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას თანამშრომლობისა და ღია დიალოგისთვის, რათა ქვეყანაში ავტორიტარული სისტემა შეიცვალოს დემოკრატიული მმართველობით და ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამყარდეს,”-  აცხადებს სუბარი, ”ამის მისაღწევად ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ხელისუფლების დარწმუნებისა და მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმა”.

განცხადებაში სახალხო დამცველი აგვისტოს მოვლენებსა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ ვითარებას მიმოიხილავს.

”მიუხედავად პრეზიდენტის დაპირებისა, რომ თავის პრეზიდენტობას მიუძღვნიდა საქართველოს გამთლიანებას, ადრე დაგარგულ ტერიტორიებს დაემატა ქსნის ხეობა - დღევანდელი ახალგორის რაიონი, კოდორის ხეობა, დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობები - სულ ათასამდე ქართული სოფელი,”- ნათქვამია სახალხო დამცველი განცხადებაში.

სუბარის განცხადებით, საქართველოს ”მარცხი” განაპირობა ქვეყანაში არსებულმა ავტორიტარულმა მმართველობამ.

”ავტორიტარიზმის გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელია ახალი კატასტროფები,”- აცხადებს სუბარი, ”საქართველოში არსებული ავტორიტარული მმართველობის რუსული მოდელი, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთ პრობლემების ერთპიროვნულად და ძალისმიერად გადაჭრას ითვალისწინებს, აღმოჩნდა სწორედ ის მეხუთე კოლონა, რომელმაც საქართველოს მარცხი განაპირობა”.

”საკუთარ თავში ჩაკეტილმა ხელისუფლებამ, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს და საკუთარ აზრს სცემს პატივს, დაკარგა სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რითაც ისარგებლა რუსეთმა და შეასრულა დიდი ხნის წინ დაგეგმილი ტერიტორიების მიტაცების მზაკვრული გეგმა,"- ნათქვამია განცხადებაში, "ამას შეეწირა ქვეყანა და ხალხი".

მისი თქმით, აგვისტოს ომში დამარცხებული ხელისუფლება, ”ამ უმძიმეს დღეებშიც კი ”პიარზე” ზრუნავდა.

”თუნდაც ელემენტარული საფუძველი ჰქონდეს ხელისუფლების ოპტიმიზმს, რომ თითქოს დაღუპული ადამიანები, ახალი ტერიტორიების დაკარგვა, გადამწვარი სოფლები და დევნილების ახალი ნაკადი მის მიერ მოპოვებული დიდი გამარჯვებაა, რომელიც დააჩქარებს ქვეყნის გამთლიანებას და კეთილდღეობას, კეთილგონიერება მოითხოვს, ”გავიმარჯვეს“ ძახილი, კონცერტები და ტაშფანდურა  იმ დროისთვის გადავდოთ, როცა ამ გამარჯვების კონტურებს მაინც დავინახავთ,” - აცხადებს სახალხო დამცველი.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალი არის ”სიმართლისთვის თვალის გასწორება” და მომხდარის გაანალიზება, თუმცა ”მსგავსი არაფერი შეიმჩნევა”.

”განსხვავებული აზრის აუტანლობა, თვითნებობა, კანონის უგულებელყოფა და მუდმივი თვითკმაყოფილება იქცა არსებული მმართველობითი სისტემის ყოველდღიური ცხოვრების წესად. განსხვავებული აზრის მოსმენის, განსჯის, კამათის, დიალოგის კულტურა დაიკარგა თვითონ ხელისუფლების წიაღშიც,”- აცხადებს სუბარი, ”ხელისუფლებას ის კი არ აინტერესებს, გაიგოს, რას ფიქრობს ხალხი მის შესახებ, არამედ სურს, რომ ხალხმა მუდმივად უსმინოს, რას ფიქრობს ხელისუფლება საკუთარ თავზე”.

”საქართველო არ არის ხელისუფლების საკუთრება, ის ყველა მოქალაქეს გვეკუთვნის,”- აცხადებს სუბარი, ”ასეთ დროს გაჩუმება და უმოქმედობა დანაშაულის ტოლფასია”. 

”ძირეული” დემოკრატიული რეფორმები

სახალხო დამცველის განცხადებით, არსებულ ვითარებაში გამოსავალი ”ძირეული” დემოკრატიული რეფორმების გატარებაშია და არა ”ფსევდოდემოკრატიულ” ცვლილებებში. სუბარის განცხადებით,  პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული დემოკრატიის ახალი ტალღა, ”მხოლოდ ფასადის შელამაზებას ისახავს მიზნად”.

სუბარი აცხადებს, რომ დემოკრატიული თავისუფლებების და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში კიდევ უფრო ”დამძიმდა” ვითარება: არ არის სასამართლო; იდევნება განსხვავებული აზრი; არ ტარდება სამართლიანი არჩევნები; საკუთრება ხელყოფილია; მოქმედებს ”ელიტური” კორუფცია; არაა უზრუნველყოფილი შეკრებების და მანიფესტაციების თავისუფლება; ტელევიზიები მთლიანად კონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან;  ”მთელი ძალაუფლება კონცენტრირებულია პრეზიდენტის და რამოდენიმე ლიდერის ხელში”; მოქალაქეთა დაშინება ხელისუფლების მართვის ბერკეტად იქცა.

”განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ეს ყველაფერი დემოკრატიის დროშითა და სახელით ხდება,”- აღნიშნავს სუბარი.

მისი თქმით, ხელისუფლება ”ახშობს საინფორმაციო სივრცეს” და მას ”პროპაგანდით” ცვლის.

”ამის შედეგად, რეალური ინფორმაციის მიღების ნაცვლად, მოსჯილი გვაქვს, დილიდან საღამომდე ვუსმინოთ პროპაგანდას, რომ „მიშა მაგარია“, ყველაფერი კარგადაა, გავიმარჯვეთ და საქართველო მალე აყვავდება,”- აღნიშნავს სუბარი.

სახალხო დამცველი ხელისუფლებას მიმართავს, რომ ”შეუქცევადი დემოკრატიის” მიღწევისათვის აუცილებელია შემდეგი:

• დაუყოვნებლივ შეწყდეს განსხვავებული შეხედულებების ადამიანების დევნა-შევიწროება;
• ჩამოყალიბდეს სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო;
•  დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა;
• სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება; ტელევიზიებზე სახელმწიფო კონტროლის გაუქმება. მედიაში ხელისუფლების მხრიდან სრული ჩაურევლობა;
•  შემუშავდეს სამართლიანი საარჩევნო კოდექსი; შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი გარემო;
• შეიქმნას თავისუფალი და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სივრცე;
•  სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის დეპოლიტიზაცია;
•  ხელისუფლების შტოებს შორის კონსტიტუციური წონასწორობის დამყარება და პრეზიდენტის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლების გადანაწილება;
• ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის რეალური ფუნქციების მინიჭება;
• საზოგადოების წინაშე ხელისუფლების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპის დანერგვა, საჯარო ინფორმაციის თავისუფლება და ხელმისაწვდომობა ნებისმიერი მოქალაქისთვის;
•  საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა;
• შეიქმნას სტაბილური, თავისუფალი, კონკურენტული ბიზნესგარემო;
• შეკრებების, მანიფესტაციებისა და გაერთიანებების თავისუფლება.

იმავდროულად, სახალხო დამცველი ცალკე გზავნილს აკეთებს მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის, სადაც აღნიშნავს, რომ ”საქართველოს ხალხი არ იმსახურებს ავტორიტარულ რეჟიმს... და საქართველო მზად არის დემოკრატიისათვის”.

”დაგვეხმარეთ დემოკრატიაში! დაგვეხმარეთ ხელისუფლების დარწმუნებაში, რომ დემოკრატიის ატრიბუტებისა და პრინციპების მხოლოდ ქაღალდზე დეკლარირება, ხოლო ცხოვრებაში ავტორიტარული სისტემის დამკვიდრება ქვეყანას კატასტროფას უქადის,”- მიმართავს სუბარი მეგობარ ქვეყნებს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
5