Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
4.55-მილიარდიანი დახმარების პრიორიტეტები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 ოქტ.'08 / 17:22

22 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე 38 ქვეყანამ და 15 საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საერთო ჯამში 4.55 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფენ საქართველოს.

ამ თანხიდან 2 მილიარდი გრანტია, ხოლო დანარჩენი - დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხი. გარდა იმ თანხებისა, რომელიც ფინანსურ სექტორს მოხმარდება, 3.7 მილიარდი დოლარი მოხმარდება პოსტ-კონფლიქტურ რეაბილიტაციას და გადაუდებელ საინვესტიციო საჭიროებებს მომდევნო სამი წლის  - 2008, 2009 და 2010  - მანძილზე.

”ეს თანხა იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროებათა შეფასების მოხსენებაშია,” - განაცხადეს კონფერენციის თანათავმჯდომარეებმა - მსოფლიო ბანკმა და ევროკომისიამ, პრეს-რელიზში. 

დონორთა დახმარება რამდენიმე პრიორიტეტულ სფეროს მოხმარდება.

პირველ რიგში, არსებობს ნათლად გამოხატული სოციალური საჭიროებები დევნილებთან და დაზიანებულ ინფრასტრუქტურასთან   დაკავშირებით, განაცხადეს დონორთა კონფერენციის თანაორგანიზატორებმა. ამ საჭიროებების მხარდასაჭერად დონორებმა 450 მილიონი აშშ დოლარი გამოყოფის პირობა დადეს.

საჭიროებების შეფასების ანგარიშმა, რომელიც მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობით განხორციელებულმა მისიამ მოამზადა, დაადგინა, რომ 122 მილიონი აშშ დოლარი საჭირო იქნება სხვადასხვა სოციალური დახმარებებისთვის; აქედან 70 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება ღარიბთა ახლად შექმნილ ფენას და დევნილთა გადაუდებელი დახმარების ღონისძიებებს - 52 ლარი თვეში 110,000 დევნილისთვის 6 თვის მანძილზე და ხოლო  40,000 დევნილისთვის - 12 თვის მანძილზე.

ანგარიშის თანახმად, 61 მილიონი აშშ დოლარია საჭირო დაზიანებული ინფრასტრუქტურის დაუყონებლივ აღსადგენად. ეს ძირითადად ეხება მძიმე ტექნიკის გადაადგილების შედეგად ზედაპირულად დაზიანებული გზების შეკეთებას, ასევე დაზიანებული საავიაციო რადარის და თბილისის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის აღდგენას.

საჭიროებათა შეფასების დოკუმენტის თანახმად, პირდაპირი ზიანი, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურას მიადგა 18 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა; რკინიგზის - 4 მილიონ დოლარად; ფოთის პორტის - 1 მილიონ დოლარად, ხოლო ავიაციის - 38 მილიონ დოლარად.

მეორე პრიორიტეტი მიმართული იქნება ”მწვავე საბიუჯეტო დეფიციტის დასაძლევად, რაც გამოიწვია როგორც უცხოური ინვესტიციების შემცირებამ, ასევე ეკონომიკური აქტივობის დაცემამ,” აცხადებს მსოფლიო ბანკი.

დონორები 586 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავენ ამ საბიუჯეტო დეფიციტის დასაბალანსებლად.

საჭიროებათა შეფასების ანგარიშის თანახმად, იმ ფინანსური დისბალანსის ფონზე, რომელიც ბიუჯეტში წარმოიშვა, 2008 წელს 480 მილიონი აშშ დოლარის საბიუჯეტო დახმარება, ხოლო 2009 წელს - 450 მილიონი აშშ დოლარის საბიუჯეტო დახმარება იქნება საჭირო.

დოკუმენტის თანახმად, შემოსავლების დეფიციტი კრიზისამდე არსებულ პროგნოზებთან შედარებით შეადგენს 385 მილიონ აშშ დოლარს 2008 წლისთვის და 640 მილიონ აშშ დოლარს 2009 წლისთვის. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დამატებითი დეფიციტია მოსალოდნელი პრივატიზაციიდან დაგეგმილ თანხებში.

მესამე პრიორიტეტია საქართველოს საბანკო სექტორის დახმარება. კონფერენციის თანაორგანიზატორების განცხადებით ამ სექტორმა ”განსაკუთრებული დარტყმა მიიღო ინვესტორთა ნდობის დაცემის გამო,” ისევე როგორც ზოგადად საერთაშორისო ფინანსური კრიზისის გამო.

დონორების განცხადებით, 850 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა საქართველოს კომერციული ბანკების მხარდასაჭერად სესხების, ფასიანი ქაღალდების და გარანტიების საშუალებით.

”საბანკო სექტორმა გაუძლო კონფლიქტის პირდაპირ ზემოქმედებას, თუმცა კვლავ რჩება მოკლევადიანი პოსტ-კონფლიქტური გამოწვევები,” - ნათქვამია საჭიროებათა შეფასების მოხსენებაში

”წამყვან ბანკებს საგარეო ვალდებულებები აქვთ გადასახდელი 2009 წლის დასაწყისში,” ნათქვამია მოხსენებაში. ამ საკითხში გათვითცნობიერებული წყაროების ცნობით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საჭიროა საბანკო სისტემის რეფინანსირება, რათა ბანკებს საშუალება ქონდეთ შეასრულონ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და ამავე დროს განახორციელონ ზრდისთვის საჭირო ღონისძიებები. ამ მიზნებისთვის, მოხსენების თანახმად, სავარაუდოდ 700 მილიონ აშშ დოლარი იქნება საჭირო.

დონორების მიერ გამოვლენილი მეოთხე პრიორიტეტია რამდენიმე ”ძირითადი ინვესტიციის” განხორციელება სატრანსპორტო, ენერგეტიკის და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში. საჭიროებათა შეფასების დოკუმენტში ”ძირითადი ინვესტიციები” განმარტებულია როგორც პირველადი საჭიროების ინვესტიცია, რომელიც აუცილებელია იმ პერიოდამდე, სანამ კერძო სექტორი თავად შეძლებს ინვესტიციების განხორციელებას ამა თუ იმ სექტორში.

დონორებმა 2.65 მილიარდ აშშ დოლარის გამოყოფის პირობა დადეს ამ სფეროებისათვის, რაც იქნება დროებითი ღონისძიება უცხოური ინვესტიციების შემცირების შესავსებად.

12 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს ის პირდაპირი ზიანი და დანაკარგი, რომელიც ქვეყნის ენერგოსექტორს მიადგა, ნათქვამია საჭიროებათა შეფასების დოკუმენტში. ”ძირითადი ინვესტიციების” რაოდენობა ამ სფეროში განსაზღვრულია 205 მილიონ აშშ დოლარით.

ეს მაჩვენებელი - 205 მილიონ აშშ დოლარი - ითვალისწინებს სენაკის 200 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციას, რაზეც 28 მილიონი აშშ დოლარი უნდა დაიხარჯოს და ასევე გაზსაცავის მშენებლობას, რაც, დოკუმენტის მიხედვით, 177 მილიონ აშშ დოლარს საჭიროებს.

ანგარიშის თანახმად, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას სულ 257 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია დასჭირდება. ეს თანხა მოიცავს რამდენიმე ისეთ სფეროს, რომელიც არ არის კავშირში ომის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. კერძოდ, დოკუმენტი აღნიშნავს ინვესტიციების საჭიროებაზე თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო ტრანსპორტისთვის. ეს შეიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა საგზაო მოძრაობის კონტროლი და მართვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პარკინგის სისტემები და საგზაო ქსელი.

22 ოქტომბრის ბრიუსელის კონფერენციაზე დონორთა მიერ გაღებულ თანხას კიდევ ემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ცოტა ხნის წინ გამოყოფილ 750 მილიონ აშშ დოლარი. სავალუტო ფონდის თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სარეზერვო ფონდების მხარდასაჭერად და არა საბიუჯეტო ან საინვესტიციო მიზნებისთვის.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13