Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნინო ბურჯანაძის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ოქტ.'08 / 17:30

ბატონო პრეზიდენტო!

2003 წელს, ჩვენ, სამმა პოლიტიკურმა ლიდერმა ჩვენი სამშობლოს პოლიტიკურ მომავალზე პასუხისმგებლობა ავიღეთ... მაშინდელი წარმატება და უპრეცედენტო მხარდაჭერა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, დამყარებული იყო ერთობაზე და იმ პირობაზე, რომ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ღირსეული და დემოკრატიული განვითარებისათვის ვიბრძოლებდით... ამ წლების განმავლობაში, მე ერთგული ვრჩებოდი იმ დაპირების, რომელიც ერთმანეთს და ქართველ ხალხს მივეცით.

კარგად იცით, რომ პირადად თქვენთან და თქვენს პოლიტიკურ გუნდთან პრინციპული უთანხმოების გამო, მე არაერთხელ გამჩენია სურვილი წავსულიყავი ამ გუნდიდან. ვიცოდი, რომ ჩემი პირადი პოლიტიკური კარიერისთვის ნამდვილად ჯობდა გამიჯვნა ისეთი გადაწყვეტილებებისაგან, რომელთაც არათუ არ ვეთანხმებოდი, არამედ მაქსიმალურად ვეწინააღმდეგებოდი. ვიცი, რომ მხოლოდ გუნდის შიგნით გამოხატულმა და არა საჯარო კრიტიკამ, ზიანი მიაყენა ჩემს პოლიტიკურ ავტორიტეტს ქვეყნის შიგნით. მაგრამ, ერთის მხრივ, მე ვიყავი ერთობლივი პასუხისმგებლობის ერთგული, რაც საზოგადოების მოთხოვნა იყო ჩვენთვის ნდობის გამოცხადებისას, მეორეს მხრივ, ამ გზით, ბევრ არასწორ გადაწყვეტილებას ვცვლიდი და ქვეყანას დამატებითი შეცდომებისაგან, საშიშროებებისაგან ვიცავდი.

მიმაჩნდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერი მაინც იქნებოდა ხელისუფლებისთვის მწარე გაკვეთილი. სამწუხაროდ, ნათელი გახდა, რომ ხელისუფლებამ 7 ნოემბრით ვერაფერი ისწავლა და მხოლოდ გარეგნული, ფასადური ცვლილებების განხორციელება დაიწყო. კვლავ იგნორირებული იყო ქართველი ხალხის ნება. ჩემთვის მიუღებელი იყო რევოლუციური სტილით მმართველობის გაგრძლება. ამდენად, ჩვენს შორის არსებული პრინციპულად განსხვავებული შეხედულებები ქვეყნის მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების შესახებ გამორცხავდა ერთ პოლიტიკურ გუნდში დარჩენის შესაძლებლობას. ...და მე წავედი.

2008 წლის აგვისტოს ტრაგედიამ სრულიად ახალი, უმძიმესი რეალობის წინაშე დაგვაყენა. ამის შემდეგ უკვე ერთი მცირედი არასწორი ნაბიჯიც კი, შეიძლება ქვეყნისათვის საბედისწერო აღმოჩნდეს.

დღეს ჩვენი სახელმწიფო ურთულესი პოლიტიკური კრიზისის ფაზაში შედის:

  • წაგებული ომი, რომელსაც მოჰყვა უაზრო და ცინიკური პროპაგანდისტური პასუხი ხელისუფლების მხრიდან.
  • ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით დაწესებული უპრეცედენტო კონტროლი მედიაზე და ბიზნესზე.
  • რეალურად ერთპარტიული, ფიქტიური პარლამენტი.
  • აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტრუქციებზე დამოკიდებული სასამართლო.

ყოველივე ეს, გაზრდილი საგარეო რისკების ფონზე, კიდევ უფრო მოუმზადებლებს და დაუცველს ტოვებს ქვეყანას ერთიანი მტრის წიააღმდეგ. ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია არა ფასადური, არამედ მხოლოდ რეალური დემოკრატია და სწორი, გონივრული პოლიტიკაა. ამიტომ, მოგიწოდებთ, ახლა მაინც გადადგათ არა მოჩვენებითი და თავდაცვითი, არამედ ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგებზე ორიენტირებული ნაბიჯები.

მდგომარეობა, რომელშიც ქვეყნის ტელესივრცე დღეს იმყოფება, მიუღებელია ქართული საზოგადოებისათვის, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება პოლიტიკურად უუნაროა და სიმართლის ეშინია. სირცხვილია, რევოლუციის 5 წლის თავზე მედიის თავისუფლებაზე გვიხდებოდეს საუბარი. ამით, თქვენ იმ ასი ათასობით ადამიანს უღალატეთ, ვინც ნოემბერში, სწორედ ამ ფასეულობების დასაცავად იდგა ჩვენს გვერდით!

მედიის კონტროლი უპირობოდ უნდა დასრულდეს!

ამას თქვენი სიტყვები კი არა, კონკრეტული გადაწყვეტილება სჭირდება!

მიუღებელია დღევანდელი პარლამენტი - ფიქტიური ორგანო, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელია გაჩნდეს განსხვავებული აზრი, გადაწყვეტილების მიღების ალტენატიული გზა. მე გაფრთხილებდით და ვიბრძოდი იმისათვის, რომ ახალი არჩევნების წინ მაინც, არ შეგვექმნა ისეთი საარჩევნო სისტემა და საარჩევნო რეალობა, რომელიც ასეთ შედეგს მოიტანდა. სწორედ ალტერნატიული აზრის არ არსებობამ დაგაშვებინათ ის შეცდომები, რომელზეც დღეს ხალხი პასუხს ითხოვს. სწორედ პრაქტიკულად უალტერნატივო გარემო გაფიქრებინებთ, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის რა არის სწორი ქვეყნისათვის.

წაგებულია ომი, რომლის ისტორიული ტვირთის აღიარება, გააზრება და გამოსწორება ყოველ ქართველს, ჩვენ შთამომავლობას მოუწევს, მაგრამ, პირველ რიგში, ეს  ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. როდესაც ადამიანს, მით უფრო ხელისუფალს, არ შეუძლია თავისი მარცხის აღიარება, ამას ახალი სირთულეები მოაქვს. ხელისუფლებას უნდა ეყოს ვაჟკაცობა, რომ შეცდომა აღიაროს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება რაციონალურად დაიგეგმოს ახალი პოლიტიკა და მის გარშემო გაერთიანდეს საზოგადოება.

ტყუილის ირგვლივ ქართველი ხალხი არასოდეს გაერთიანებულა!

დღეს, როცა ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშეა და აუცილებელია დაიძლიოს კრიზისი, მაქვს მყარი საფუძველი ვიფიქრო, რომ ხელისუფლებას არა აქვს უნარი ქვეყანას თავიდან ააცილოს მორიგი პროვოკაცია. ამ მოსაზრებას ამყარებს აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებული უპასუხოდ დარჩენილი კითხვები, ის, რომ საქართველოს ხელისუფლების შემადგენლობა და მენტალიტეტი ისეთივეა, როგორიც აგვისტოს მოვლენებამდე იყო.

დღევანდელი რეალობით, ნებსით თუ უნებლიეთ ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებით თუ არაადეკვატური ნაბიჯებით, რუსეთმა მიიღო იმაზე მეტი, რაზეც ვერც კი იოცნებებდა თუნდაც რამდენიმე წლის წინ: გამყარებული გავლენა ჩვენს რეგიონში, გავლენა აფხაზეთსა და ოსეთზე (ახალგორისა და კოდორის ჩათვლით), 1500 ე.წ. სამშვიდობოს ნაცვლად, რამდენიმე ათასი რეგულარული ჯარის ჯარისკაცი, ახალი საზღვრები, ახალი სამხედრო ბაზები, ნატოში გაწევრიანების პრესპექტივის განუსაზღვრელი ვადით გადაწევა, ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანზიტო ფუნქციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

ცივილიზებული პოლიტიკური სისტემა კრიზისის მოგავრების საუკეთესო გზად მხოლოდ არჩევნებს სახავს. არჩევნები უნდა დაინიშნოს გონივრულ ვადაში. არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფის, ჯანსაღი საარჩევნო გარემოსა  და თავისუფალი მედიის პირობებში.

მე ნათლად ვხედავ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა. აქედან გამომდინარე, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობებმა, შესაძლოა კვლავ გამოუსწორებელი შეცდომები დაგაშვებინოთ.

სწორედ ამიტომ, გაფრთხილებთ, ისე, როგორც გაგაფრთხილეთ 7 ნოემბრის წინ, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, ომში ჩართვის საფრთხესთან დაკავშირებით, ბევრ სხვა შემთხვევაშიც, რომ ნებისმიერი მცდელობა - იგნორირება გაუკეთო დაშვებულ შეცდომებს - ცუდად მთავრდება. რაც ყველაზე სავალალოა - ქვეყნისთვის!

ომი, ომის შედეგი და ომის საფრთხე თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის თანმდევი გახდა.

შეუძლებელია, მშვიდობისა და საქართველოს გამთლიანებისკენ რეალური სვლა განხორციელდეს იგივე პოლიტიკით, მართვის იმავე  სტილით, მეთოდებით და იმავე პოლიტიკური გუნდით, რომლის დროსაც დაიწყო და ტრაგიკული მარცხით დამთავრდა ეს ომი.

ვაცხადებ, კიდევ ერთი ავანტიურის შემთხვევაში საქართველო კვლავ დაკარგავს ახალგაზრდებს, ტერიტორიებს, საბოლოოდ დაკარგავს დასავლეთის ნდობასა და მხარდაჭერას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების პერსპექტივას და მრავალი ისეთი პრობლემის წინაშე დადგება, რომლის პროგნოზიც კი შეუძლებელია. თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი  - რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის - ქვეყანა, ჩვენს მიერ ხალხისათვის 2003 წელს მიცემული პირობები თუ თქვენი პირადი ძალაუფლების უზრუნველყოფა.

უნდა დასრულდეს საზოგადოებაში შიშის სინდრომის მიზანმიმართული დანერგვა. მიეცით ხალხს შესაძლებლობა ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია და შემდეგ, დაე, თავისუფალმა და ინფორმირებულმა საზოგადოებამ მიიღოს გადაწყვეტილება ნდობის მანდატის შესახებ.

მე ვიბრძოლებ, რომ რევოლუციის 5 წლის შემდეგ, ქვეყანაში არ იდგეს სტაბილურობის, სამართლიანობისა და ელემენტარული თავისუფლების პრობლემა. მე ჩემი შვილების თაობის წინაშე პირნათელი უნდა ვიყო!

ნინო ბურჯანაძე
23.10.08

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12