აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ 27 ოქტომბრის სხდომაზე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი მიიწვია.
დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის მოსმენის მსგავსად კომისიის სხდომა ორ ნაწილად გაიყო - პირველი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, ხოლო მეორე ნაწილი დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.
.
ქვემოთ მოცემულია იაკობაშვილის გამოსვლის ძირითადი პუნქტები:
- ჩვენ ვიცოდით, რომ 2008 წელი რთული წელი იქნებოდა; საქართველოს ხელისუფლების ქმედებები იყო ძალიან აქტიური და პროაქტიური 2008 წლიდან, რათა გამოეძებნა ცხინვალთან და სოხუმთან მოლაპარაკებების გზები. ჩვენი მიზანი იყო არაეფექტური მოლაპარაკებათა და სამშვიდობო ფორმატების შეცვლა.
- აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად უარყო მოლაპარაკებები ჩვენთან და პირდაპირი მოლაპარაკებების სანაცვლოდ ზემო კოდორის ხეობიდან ჩვენი საპოლიციო ძალების გაყვანა მოითხოვა; ხოლო ცხინვალი მოლაპარაკებების წინაპირობად მხოლოდ შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში ითხოვდა შეხვედრების გამართვას, რაც არაეფექტური იყო; გარდა ამისა, ცხინვალიც და სოხუმიც ითხოვდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერას საქართველოსა და აფხაზეთს და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის.
- ჩვენი პასუხი იყო მოლაპარაკებათა ახალ ფორმატზე გადასვლა. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში ეს იყო2+2+2 ფორმულა.
- იყო უამრავი მოლაპარაკებები და წერილების გაცვლა [მხარეებს შორის]; ზაფხულში ორი ინიციატივა იყო - ერთი ევროკავშირიდან, ხოლო მეორე ეუთოდან - გამართულიყო შეხვედრა [სამხრეთ ოსეთის] სეპარატისტულ ხელისუფლებასთან ან ბრიუსელში, ან ჰელსინკში - ორივე ეს შემოთავაზება სეპარატისტებმა უარყვეს. რუსები ჩვეულებისამებრ ამბობდნენ - დიახ, ჩვენ გვინდა ეს შეხვედრა, მაგრამ კოკოითი ამის წინააღმდეგია.
- კოსოვოს შემდეგ რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ მოლაპარაკებებისთვის გაემართა რაიმე პროგრესის მიღწევის გარეშე; რუსებიც ქმნიდნენ დაბრკოლებებს პროცესში საერთაშორისო ჩართვისთვის.
- აფხაზეთის შემთხვევაში, ჩემმა პირველმა შეხვედრამ მათთან ჟენევაში [მეგობართა ჯგუფის ფარგლებში] უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე; ეს შეხვედრა ჰგავდა ქართული და აფხაზური მხარეებისთვის [მეგობართა ჯგუფის მიერ] საშინაო დავალების მიცემას, გვეუბნებოდნენ, რომ ეს ან ის უნდა გააკეთოთ და შემდეგ ისევ შევიკრიბოთ და მოგვახსენეთ რა გააკეთეთ; ამას, ჩემი აზრით არაფერი აქვს საერთო არსებით სამშვიდობო პროცესთან.
- ვლადისლავ ჩერნოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც აფხაზეთის საკითხებს კურირებდა, სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს. ამის შემდეგ, როგორც ჩანს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავლენა შემცირდა და მისი როლი ითვალისწინებდა მხოლოდ განცხადებებს და ბრალდებებს ქართული მხარის წინააღმდეგ.
- პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივები აფხაზეთთან მიმართებაში ძალიან დეტალური და კონკრეტული იყო;
- ეს ინიციატივები შემუშავდა სხვადასხვა არასამთავრობო ჯგუფების გამოცდილების გათვალისწინებით;
- ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ შევთავაზეთ აფხაზურ მხარეს ძალიან კონკრეტული წინადადებები - იაკობაშვილმა ეს წინადადებები ჩამოთვალა.
- ჩვენ ეს წინადადებები ორი წყაროს საშუალებით გავუგზავნეთ სოხუმს; აფხაზურმა მხარემ თავი შორს დაიჭირა ამ წინადადებისგან; მოგვიანებით მათ გამოგვიგზავნეს პასუხი შინაარსით - მიუღებელი წინადადებები.
- რაც შეეხება ცხინვალს, ჩვენ ასევე შევთავაზეთ თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რაც დაეხმარებოდა ხალხთა შორის კონტაქტებს;
- ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში და ვცდილობდით განგაშის გრძნობა გამოგვეწვია მათში საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. ეს პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური გახდა კოსოვოს შემდეგ.
- პუტინის წერილები სეპარატისტული ლიდერების მიმართ იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი რაღაცას ამზადებდა.
- ამას მოყვა რუსეთის გამოსვლა დსთ-ს სანქციების შეთანხმებიდან აფხაზეთთან მიმართებაში.
- ჩვენ ვეუბნებოდით ჩვენს პარტნიორებს, რომ რუსეთის გამოსვლა ამ შეთანხმებიდან საგანგაშო იყო, რადგანაც ეს დოკუმენტი ეკონომიკურ საკითხებთან ერთად ითვალისწინებს შეზღუდვებს სამხედრო თანამშრომლობაზე სოხუმის სეპარატისტულ რეჟიმთან. ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ ვეუბნებოდით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ჩვენ ასევე გვინდოდა აფხაზეთის დე-იზოლაცია.
- თბილისის ერთ-ერთი ბოლო წინადადება მოსკოვისადმი გახმოვანდა საქართველოს პრეზიდენტის წერილში თავისი რუსი კოლეგის მიმართ. ეს გეგმა არანაირად არ ითვალისწინებდა აფხაზეთის გაყოფას ორ ნაწილად - გალი და ოჩამჩირე საქართველოსთვის და დანარჩენი აფხაზეთი - რუსეთს.
- გეგმა ითვალისწინებდა რუსული ძალების გაყვანას მდინარე კოდორის მიღმა; მათ ჩანაცვლებას გალსა და ოჩამჩირეში საერთაშორისო საპოლიციო ძალებით და იქ თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნას.
- ეს იყო ჩვენი წინადადება როგორც პირველი ნაბიჯი, რომელიც აფხაზეთის დე-იზოლაციამდე მიგვიყვანდა.
- ამ წინადადების ძირითადი პრინციპი იყო, რომ არ უნდა დარღვეულიყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მოლაპარაკებების დროს ჩემი მანდატი ითვალისწინებდა: ტერიტორიული მთალიანობა არის ტაბუ; მოლაპარაკებები შესაძლებელია ყველაფერზე ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში.
- დსთ-ს შეთანხმებიდან გამოსვლის შემდეგ იყო რუსეთის 16 აპრილის გადაწყვეტილება და ამის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ რუსეთი სერიოზულად ემზადებოდა რაღაცისთვის; ამის შემდეგ, ჩვენ ათჯერ გავაძლიერეთ დიპლომატიური მცდელობები.
- დამატებითი ძალების - მედესანტეების განთავსება იყო ნათელი მინიშნება იმისა, რომ რუსეთი სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადებოდა.
- ჩვენ მივმართეთ გაეროს, რომ ამ შეიარაღების მონიტორინგი განეხორციელებინა - თუმცა, რუსეთი ზოგჯერ არ აძლევდა დამკვირვებლებს შესვლის უფლებას ან იარაღს მალავდა.
- დამატებითი ძალების განთავსების არეალმა ასევე მიანიშნა იმაზე, რომ მზადდებოდა სერიოზული პროვოკაციები კოდორის ხეობის მიმართულებით.
- ჩვენ დაძაბულობის გამწვავებას სამი პოტენციური მიმართულებით ველოდით - გალის, კოდორის ან სამხრეთ ოსეთის.
- ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ვაწვდიდით ინფორმაციას ესკალაციის საფრთხის შესახებ, მაგრამ მათი რეაქცია ისეთივე იყო, როგორიც მე ბრიუსელში მივიღე. მაისში ბრიუსელში ყოფნის დროს მე განვაცხადე, რომ ჩვენ ახლოს ვიყავით ომთან. მე მომიახლოვდა ერთი დიპლომატი და მითხრა, რომ სიტყვა ”ომი” არ არის პოპულარული ბრიუსელში და მირჩია აღარ მეხსენებინა ეს სიტყვა.
- ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებოდნენ არ წამოვგებოდით რუსეთის პროვოკაციებს.
- ჩვენი დასავლელი პარტნიორები, როგორც ევროპელები, ისე ამერიკელები დაჟინებით მოითხოვდნენ არ შეწყვეტილიყო რუსული ძალების სამშვიდობო მანდატი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. დარწმუნებული არ ვარ სწორი იყო თუ არა მათ რომ დავუჯერეთ ამ საკითხში. ყველა ჩვენი მეგობარი გვეუბნებოდა თავი შეგვეკავებინა ამის გაკეთებისგან.
- დასავლელმა პარტნიორებმა გვთხოვეს ეს არ გაგვეკეთებინა და რომ ისინი იზრუნებდნენ ამ საკითხზე; ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ამ საკითხს რუსებთან დააყენებდნენ.
- კითხვაზე ეუბნებოდა თუ არა მთავრობა საქართველოს დასავლელ პარტნიორებს ”წითელი ხაზების” შესახებ, რომლის გადაკვეთასაც შესაძლოა გამოეწვია საქართველოს მიერ ძალის გამოყენება, იაკობაშვილმა უპასუხა: დახურულ სხდომაზე გეტყვით ვისთან დავაყენეთ ეს საკითხი. ჩვენ რამდენჯერმე ვუთხარით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ჩვენი რეაქცია იქნებოდა ადექვატური, თუ მოხდებოდა გალის რაიონის ქართული მოსახლეობის დარბევა და ისეთი რაოდენობის ძალების განთავსება, რომელიც პირდაპირი და ღია სამხედრო ინტერვენციის მანიშნებელი იქნებოდა.
- ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან იყო თანხმობა და გაგება ამ საკითხზე და ისინი გვეუბნებოდნენ: დიახ, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა უპასუხოთ ასეთ შემთხვევაში.
- პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილი] გვეუბნებოდა, რომ მაქსიმალურად აგვეცილებინა თავიდან ესკალაცია
- ჩვენ მოლაპარაკებების ყველა საშუალებას ვიყენებდით და როდესად აფხაზურმა მხარემ მოითხოვა შეხვედრა ალასანიასთან, ჩვენ დადებითად ვუპასუხეთ და ალასანია სოხუმში ჩავიდა; მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ჩვენ აფხაზურ მხარეს შვედეთში შევხვდით, მათ უარყვეს ყველა ის საკითხი, რომელიც ალასანიასთან განიხილეს სოხუმში.
- შემდეგ რუსეთში გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ პროვოკაციები [აფხაზეთიდან] სამხრეთ ოსეთში გადაემისამართებინა - ჩემი ვარაუდით, ამის მიზეზი ის იყო, რომ სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, ისინი ფიქრობდნენ, რომ უფრო ადვილი იქნებოდა მორალური საბაბის შექმნა თავდასხმისთვის - როგორიცაა ოსი ხალხის გენოციდი.
- დახურულ სხდომაზე მე გაჩვენებთ დოკუმენტს, რომელიც დათარიღებულია 2008 წლის მაისით - ეს არის რუსული დოკუმენტი და ის მიანიშნებს, რომ იგეგმებოდა სერიოზული ესკალაცია.
- აგვისტოს დასაწყისში ქართული სოფლების დაბომბვისას მსხვილკალიბრიანი საარტილერიო სისტემები იქნა გამოყენებული;
- ეს დასტურდება 4 აგვისტოს წერილით, რომელიც [სამხრეთ ოსეთში რუსული სამშვიდობო ძალების სარდალმა მარატ] კულახმეტოვმა [ქართულ მხარეს] გამოუგზავნა. იგი წერს, რომ ქართულ სოფლებზე თავდასხმების დროს 120-მილიმეტრიანი ჭურვები იყო გამოყენებული.
- მე კონფლიქტის ზონაში 4 აგვისტოს ჩავედი და შევხვდი კულახმეტოვს და ვუთხარი მას, რომ დაძაბულობა არ უნდა გადაიზარდოს სერიოზულ კონფრონტაციაში.
- ცხინვალში 7 აგვისტოს ჩავედი - ცხინვალი დაცარიელებული იყო.
- კულახმეტოვს შერეული სამშვიდობო ძალების შტაბში შევხვდი.
- მე ვეუბნებოდი კულახმეტოვს შეეჩერებინა ესკალაცია. ის გვპასუხობდა, რომ მას არ შესწევდა უნარი შეეჩერებინა ისინი [სამხრეთ ოსური მხარე].
- შემდეგ მან შემოგვთავაზა ჩვენ ცალმხრივად გამოგვეცხადებინა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მან ასევე გვითხრა, რომ შესაძლოა პროვოკაციები ყოფილიყო, მაგრამ გვთხოვა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ცეცხლის შეწყვეტა... მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კულახმეტოვი ცდილობდა მოლაპარაკებების ორგანიზებას და კონფრონტაციის აღკვეთას, მაგრამ როგორც ჩანს, მას ინფორმაციაც არ ჰქონდა რუსულ არმიაში მისი ზემდგომების გადაწყვეტილების.
- მე ამის შესახებ პრეზიდენტს ვაცნობე და მან მითხრა, რომ ჩვენ მზად ვიყავით, რომ ცალმხრივად გამოგვეცხადებინა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს არის 7 აგვისტოს საღამო.
- მე ვუთხარი კულახმეტოვს, რომ სამი საათით ვწყვეტდით ცეცხლს; მან განაცხადა, რომ ცეცხლი სულ ცოტა დილამდე მაინც უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ეს იყო ჩვენი კეთილი ნება და რომ ახლა საპასუხო ნაბიჯებს ველოდით.
- ცხინვალში ჩასვლამდე [7 აგვისტოს] მე შევთავაზე იური პოპოვს [რუსული მხარის წარმომადგენელს] - რომელიც მაშინ თბილისში იმყოფებოდა - ერთად წავსულიყავით ცხინვალში მოსალაპარაკებლად, თუმცა მან უარი მითხრა და განმიცხადა, რომ ის მოგვიანებით ჩავიდოდა ცხინვალში. როდესაც ცხინვალში ჩავედი, დავურეკე და მისი გეგმების შესახებ ვკითხე. მან მითხრა, რომ გორთან ახლოსაა, თუმცა გზას ვერ აგრძელებს დაშვებული საბურავის გამო... პოპოვი მხოლოდ მას შემდეგ ჩამოვიდა ცხინვალში, როცა მე ქალაქი დავტოვე.
- ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება 7 აგვისტოს ცხინვალიდან ჩამოსვლის შემდეგ, თბილისში, საღამოს 6 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე გავაკეთე.
- გვიან საღამოს 7 აგვისტოს პრეზიდენტს შევხვდი და ის იღებდა ინფორმაციას, რომ ცეცხლი მეორე მხარემ არ შეწყვიტა.
- პრეზიდენტს არ გაუცია ბრძანება ცხინვალის აღების თაობაზე. მე იმავე ოთახში ვიყავი და გავიგე, როგორ გასცა პრეზიდენტმა სამი ბრძანება: 1. შეაჩერეთ რუსული კოლონა, რომელიც ცხინვალისკენ მოემართება; 2. გაანეიტრალეთ ყველა საცეცხლე პოზიცია, საიდანაც ჩვენ პოზიციებს უმიზნებენ და 3. მინიმალური მსხვერპლი მოქალაქეებს შორის.
- ეს არის ის სამი ბრძანება, რომელიც მე პირადად გავიგე როგორ აძლევდა პრეზიდენტი.
- არ ვიცი ვის ესაუბრებოდა პრეზიდენტი და ვის აძლევდა ის ამ ბრძანებებს.
- ეს ბრძანებები დაახლოებით საღამოს 11 საათზე გაიცა 7 აგვისტოს... ზუსტ დროს ვერ ვიტყვი, ეს იყო 10-დან 11 საათამდე.
- პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, მას დროდადრო უკავშირდებოდნენ [ხელისუფლების წარმომადგენლები] და ადგილიდან ინფორმაციას აწვდიდნენ; მას ინფორმაციას სამი ცალცალკე წყაროდან აწვდიდნენ იმის თაობაზე, რომ რუსული ტანკები ცხინვალისკენ მოიწევდნენ.
- იაკობაშვილს ჰკითხეს ბრძანებების გაცემის დროს გამოიყენა თუ არა პრეზიდენტმა ტერმინი ”კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა” - აქ მინიშნება გაკეთდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსის მამუკა ყურაშვილის მიერ 7 აგვისტოს ღამით გაკეთებულ განცხადებაზე, როდესაც მან თქვა ტელევიზიით, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები იწყებდნენ ოპერაციას ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად. იაკობაშვილმა უპასუხა, რომ ამ შინაარსის ბრძანება არ ყოფილა გაცემული.
- რამდენადაც მე ვიცი, ამ სატელევიზიო განცხადების გაკეთებამდე, ყურაშვილი ტელეფონით ესაუბრა კულახმეტოვს - მე ამის შესახებ კულახმეტოვისგან გავიგე - და ყურაშვილმა უთხრა კულახმეტოვს, რომ [ქართული მხარე] ”წესრიგის აღდგენას” აპირებდა. რუსეთში ცდილობდნენ ამისგან PR გაეკეთებინათ, აცხადებდნენ რა რომ ქართული მხარე პრობლემას ძალის გამოყენებით აგვარებდა. ჩვენ არ გვქონია მიზნად საკითხის მოგვარება ძალის გამოყენების გზით.
- ძალიან ზუსტად იქნა აღებული სამიზნეები ზოგიერთი მოწყობილობებიდან, საიდანაც ცხინვალიდან ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე ჩვენი სოფლები დაიცხრილა. ჩვენ არ დაგვიბომბავს მძინარე ცხინვალი ”გრადის” ტიპის სარაკეტო დანადგარებიდან, როგორც ამას რუსები აცხადებენ. ერთ-ერთი სამიზნე იყო სოფელი ხეთაგუროვო და ასევე ადგილი სახელწოდებით ვერხნი გოროდოკი.
- ჩვენ აბსოლუტური მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისა, რისი გაკეთებაც შეგვეძლო დიპლომატიურ არენაზე ომის თავიდან ასაცილებლად.
- ომის დროს იყო პრეზიდენტთან შეხვედრა, რომლის დროსაც ხელმძღვანელობა ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე დადგა - ან პატრიზანული ომი - რაც ნიშნავდა ჩეჩენიზაციას ან ავღანიზაციას - ან უკან დახევა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ძალების გამოყვანის თაობაზე და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაც არ იყო დიდი მსხვერპლი სამხედროებს შორის.
- გულწრფელად რომ ვთქვა, არიან დიპლომატები, რომელთაც არ მოსწონთ, როდესაც ეუბნები: თქვენ გქონდათ ინფორმაცია [შესაძლო განვითარების თაობაზე], მაგრამ გააკეთეთ რამე? ეს არ ეხება ყველა ქვეყანას, მაგრამ ზოგჯერ ჩვენ ვისმენთ ბრალდებებს ჩვენი მისამართით იმის გამო, რომ ზოგიერთის [დიპლომატის] ქმედება არაადექვატური იყო - მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უთხრეს, რომ ზოგიერთი უცხოელი დიპლომატი პრეტენზიებს გამოთქვამს იაკობაშვილის მწვავე განცხადებების გამო; იაკობაშვილმა ასევე განაცხადა ამის საპასუხოდ: ჩემს და ჩვენს მიერ გაკეთებული მწვავე განცხადებები მიზნად ისახავდა ყურადღების მოპყრობას და იმის ჩვენებას, რომ ეს იყო ომი და ეს არ იყო ჩვეულებრივი დაპირისპირება.
- რუსები ცდილობდნენ სისხლის დაღვრას ქართველებსა და აფხაზებს შორის; ისინი ცდილობდნენ შეტაკებების პროვოცირებას ქართველებსა და აფხაზებს შორის სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ომის პარალელურად; შემიძლია გითხრათ, რომ ახალი სისხლი ქართველებსა და აფხაზებს შორის არ დაღვრილა. ზემო კოდორის ხეობა რუსებმა აიღეს. ქართულმა მხარემ შვიდი მათი შემოტევა მოიგერია და შემდეგ მათ საჰაერო დაბომბვები დაიწყეს.
- ომის დროს ხელისუფლება სამ ჯგუფად, სამი მიმართულებით მუშაობდა - ეკონომიკურ/ჰუმანიტარული; დიპლომატიური და უსაფრთხოება/სამხედრო.