Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლომაიამ აგვისტოს ომის შესახებ პარლამენტის დროებით კომისიას ჩვენება მისცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ოქტ.'08 / 14:56

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ განუცხადა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით კომისიას, რომ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ცხინვალის შიგნით ”საცეცხლე პოზიციების განეიტრალება” და არა თავად ქალაქის აღება.

ლომაიას მოსმენის დროს სხდომა ორ ნაწილად გაიყო - პირველი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, ხოლო მეორე ნაწილი დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

ქვემოთ მოცემულია ლომაიას გამოსვლის ძირითადი პუნქტები:

  • ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელიც ლომაიას დაუსვეს ეხებოდა განცხადებას, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა მამუკა ყურაშვილმა გააკეთა და რომლის მიხედვითაც ცხინვალის რეგიონში ქართული ძალები კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ოპერაციას ატარებდნენ. ამის საპასუხოდ ლომაიამ განაცხადა: გენერალ ყურაშვილის განცხადება არ იყო სანქცირებული; მას არ გააჩნდა ამ განცხადების გაკეთების უფლებამოსილება და თავად განცხადებაც არ იყო შინაარსობრივად სწორი. მას თავდაცვის სამინისტრომ სიტყვიერი საყვედური გამოუცხადა.
  • 7 აგვისტოს დღის 1 საათზე ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები - ყველა მათგანი არა - პრეზიდენტს შევხვდით და შინაგან საქმეთა მინისტრმა სხდომას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მათ გააჩნდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსული შენაერთები სამხრეთ ოსეთისკენ იწყებდნენ მოძრაობას; მაგრამ იმ დროს არ იყო ნათელი ისინი ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები იყვნენ თუ რეგულარული არმიის სამხედროები... ჩვენ ვიცოდით სამხედრო ტექნიკის და პერსონალის გადაადგილების თაობაზე, მაგრამ მაშინ სრულად არ ვიყავით დარწმუნებული, რომ ეს რეგულარული არმიის ნაწილები იყო.
  • 29 ივლისს ოსმა მებრძოლებმა პირველად გამოიყენეს 82 მილიმეტრიან კალიბრზე უფრო მსხვილი საარტილერიო სისტემები.
  • 7 აგვისტოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა გვკითხა გადაიკვეთა თუ არა წითელი ხაზი. სეპარატისტების მიერ ცეცხლის გახსნის და რუსების მიერ სამხრეთ ოსეთში უკანონო ნაწილების შემოყვანის ცალკეულ შემთხვევებს ადრეც ჰქონდა ადგილი, თუმცა ყველა ამ ფაქტორის კომბინაცია უკვე საგანგაშო იყო.
  • წითელი ხაზი არის ის, რომლის იქითაც უკვე რეალური ინტერვეცია იწყება და რეალური საფრთხე ემუქრება სამოქალაქო პირებს - და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა იცოდნენ ამის შესახებ - მაშინ ადგილი ჰქონდა ამ ორი ფაქტორის კომბინაციას.
  • და ჩვენ ვუპასუხეთ პრეზიდენტს, რომ წითელი ხაზი გადაიკვეთა - ეს იყო 7 აგვისტოს დაახლოებით დღის 1 საათზე.
  • შემდეგ თემურ იაკობაშვილი [სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში] გაიგზავნა ცხინვალში, მაგრამ იგი უშედეგოდ ცდილობდა დაერწმუნებინა სეპარატისტები შეხვედრა გაემართათ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით - რამდენადაც მე მახსოვს, ის ცხინვალში დღის 3-დან 6 საათამდე იმყოფებოდა [7 აგვისტოს].
  • პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულმა ცეცხლის შეწყვეტამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგანაც 7 აგვისტოს დაახლოებით 20:30 საათზე სეპარატისტულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს.
  • შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მთავარსარდლის მიერ... ეს არის დაახლოებით 7 აგვისტო და ამას მოყვა ჩვენი კონტრშეტევა და პასუხი რუსულ აგრესიაზე.
  • ლომაიას ჰკითხეს, თუ ვის აძლევდა პრეზიდენტი ბრძანებებს 7 აგვისტოს ღამით [იაკობაშვილმა განაცხადა, რომ მან გაიგო, როგორ გასცა პრეზიდენტმა ტელეფონით სამი ბრძანება:  1. შეაჩერეთ რუსული კოლონა, რომელიც ცხინვალისკენ მოემართება; 2. გაანეიტრალეთ ყველა საცეცხლე პოზიცია, საიდანაც ჩვენ პოზიციებს უმიზნებენ და 3. მინიმალური მსხვერპლი მოქალაქეებს შორის; თუმცა, აღნიშნა, რომ არ იცის ვის ესაუბრებოდა პრეზიდენტი]. ლომაიამ უპასუხა: პრეზიდენტი ბრძანებებს აძლევს შეიარაღებულ ძალებს და მას კონტაქტები ჰქონდა შესაბამის სტრუქტურებთან. 
  • [7 აგვისტოს] ჩვენი ქმედებების ლოგიკა იყო შემდეგი: 1. საცეცხლე პოზიციების განეიტრალება ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიებზე და ცხინვალში - ცეცხლი ცხინვალის ცენტრალური ნაწილებიდან მოდიოდა, იმ ადგილებიდან, სადაც ადმინისტრაციული შენობებია განლაგებული; 2. ჯავასთან და შემდეგ როკის გვირაბთან მიახლოება რაც შეიძლებოდა სწრაფად ცხინვალის გვერდის ავლით.
  • ლომაიას ჰკითხა კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ: იყო ”ცხინვალში შესვლა” ამ ამოცანის ნაწილი? ლომაიამ უპასუხა: არა. ცხინვალთან მიმართებაში [ამოცანა იყო] იმ საცეცხლე პოზიციების განეიტრალება, საიდანაც ქართულ პოზიციებს ცეცხლს უხსნიდნენ. ეს იყო ამოცანა.
  • ცხინვალის აღება არ ყოფილა სამხედრო ამოცანა.
  • ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს გრადის ტიპის რაკეტები მხოლოდ ვერხნი გარადოკის მიმართულებით, სადაც განთავსებული იყო [სეპარატისტული ძალების] არტილერია და ეს არ არის დასახლებული პუნქტი; რაც შეეხება ცხინვალის ცენტრალურ ნაწილს - სადაც ადმინისტრაციული შენობებია განთავსებული - გამოყენებულ იქნა თანამედროვე, ზუსტი სამიზნის მქონე იარაღი, კერძოდ DANA [თვითმავალი საარტილერიო სისტემა].
  • მოვლენების განვითარების ის შესაძლო სცენარი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ [ომამდე], არის შემდეგი: 1. ყველაზე მაღალი ალბათობა იყო საომარი მოქმედებები აფხაზეთში, კერძოდ კოდორის ხეობაში; 2. სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში; 3. რაც რეალურად მოხდა - რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, რომლის დროსაც ქვეყნის 50% იქნებოდა ან ოკუპირებული ან ამ ტერიტორიებისკენ მიმავალი ცენტრალური გზები რუსების მიერ გაკონტროლდებოდა - ამგვარი რამ შესაძლო სცენარების განვითარებაში ყველაზე ნაკლებად ივარაუდებოდა.
  • მთლიან ოპერაციაში 80 000 სამხედროზე [რუსულ მხარეს] მეტი იყო ჩართული.
  • რუსეთმა თავისი სახმელეთო ძალების დაახლოებით ერთი მესამედი ჩართო. ჩვენ გვაქვს სია იმ სამხედრო შენაერთებისა, რომლებიც ოპერაციაში მონაწილეობდნენ - დახურულ სხდომაზე მოგაწვდით ჩვენი პარტნიორების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ამ საკითხზე.
  • სცენარის ამგვარი განვითარება შოკი და მოულოდნელობა იყო [საზღვარგარეთის ქვეყნების] უფრო ძლიერი სადაზვერვო სამსახურისთვისაც კი.
  • შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება [სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის თაობაზე] რუსეთში 9 აგვისტოს იქნა მიღებული, როდესაც პუტინი ვლადიკავკაზში ჩავიდა; როგორც ჩანს, მას მიაწოდეს ინფორმაცია რუსული ძალებისთვის მიყენებული სერიოზული ზიანის თაობაზე [რომლებიც უკვე იბრძოდნენ სამხრეთ ოსეთში] და როგორც ჩანს, ამის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შესახებ გეგმის ამოქმედებების თაობაზე.
  • ჩვენი პასუხი შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო იმ ძალებთან მიმართებაში, რომელიც რუსებს თავიდან ჰყავდათ საზღვარზე [იგულისხმება ის 8 000 სამხედრო, რომელთაც ”კავკაზ 2008” სამხედრო წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა ჩრდილოეთ კავკასიაში]. 
  • იქნებოდა თუ არა ჩვენი პასუხი ადექვატური წინასწარ რომ გვცოდნოდა, რომ სრულმასშტაბიანი შეტევა იყო მოსალოდნელი? გულწრფელნი უნდა ვიყოთ და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ყველაზე პატარა არმია გვყავს რეგიონში რაოდენობის მიხედვით და მსოფლიოში რაოდენობით მესამე არმიას დავუპირისპირდით.
  • არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ ჩვენი არმია დაამარცხებდა რუსეთის არმიას. ჩვენი არმიის პოლიტიკური მიზანი იყო რუსული ძალების წინსვლის მაქსიმალური შეჩერება, რითიც ვაძლევდით შანსს დიპლომატებს და პოლიტიკოსებს, რომ საერთაშორისო ყურადღების მობილიზება და ჩართვა მოეხდინათ აგრესიის შესაჩერებლად.
  • საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ფაქტიურად ეს ამოცანა წარმატებულად შეასრულეს.
  • მას შემდეგ, რაც დაიწყო სრულმასშტაბიანი შეტევა ჩვენი ორი ვარიანტი გვქონდა - ავღანიზაცია ან ორგანიზებული უკანდახევა.
  • ჩვენი დასავლელი პარტნიორები როგორც ევროპაში, ისე ვაშინგტონში გვეუბნებოდნენ, რომ იქნებოდა პროვოკაციები, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვეპასუხა - ეს შესაბამისობაში მოდიოდა ჩვენს პოზიციასთან; ჩვენს დასავლელ პარტნიორებს სრული გაგება ჰქონდათ იმის თაობაზე, რომ არსებობდა წითელი ხაზი.
  • ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა იცოდნენ რუსული ძალების შეჭრის თაობაზე 7 აგვისტოს დილით.
  • მე ვფიქრობ, რომ რეზერვისტთა კონცეფცია მცდარი იყო.
  • დღეს არ გაგვაჩნია რაიმე კონკრეტული სამხედრო ტიპის მინიშნება, რაც იმის მაუწყებელი იქნებოდა, რომ შესაძლებელია რუსული ოკუპაციის შესაძლო [გეოგრაფიული] გაფართოება; მაგრამ ერთი ასპექტი უნდა იქნას გათვალისწინებული - რუსების არაპროგნოზირებადობა; არც ჩვენ, არც რომელიმე უცხოურ დაზვერვას არ ჰქონია ინფორმაცია რუსეთის მიერ მოსალოდნელ ფართომასშტაბიან ინტერვენციაზე და ოკუპაციაზე, მაგრამ როგორც თქვენ იცით, ეს მოხდა. ახლა იქ ევროკავშირის დამკვირვებლები არიან განლაგებული, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს [გეოგრაფიული] გაფართოების შანსს [სეპარატისტული რეგიონების მიღმა].
  • ლომაიას ჰკითხეს დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თაობაზე, რომლის თქმითაც, მისმა უწყებამ აცნობა ხელისუფლებას რუსული ინვესტიციების თაობაზე ერთ-ერთ სტრატეგიულ სექტორში - ენერგო სექტორში. ლომაიამ უპასუხა: ერთადერთი, რაც შემიძლია გიპასუხოთ არის ის, რომ როდესაც აგრესიის სამხედრო ფაზა დასრულდა, მართლაც მივიღეთ ასეთი ინფორმაცია დაზვერვის დეპარტამენტიდან და ამ ინფორმაციას ვსწავლობთ. თქვენ იცით, რომ რუსული კაპიტალი რამდენიმე ძალიან სერიოზულ აქტივს ფლობს საქართველოში და ომის დროს მათ მიერ რაიმე პრობლემის შექმნის მოწმენი არ ვყოფილვართ.
  • ლომაიას ასევე ჰკითხეს აეხსნა, თუ რატომ მოხდა ru. დომენის მქონე ვებ-გვერდების დაბლოკვა. ლომაიამ უპასუხა: თქვენ იცით, რომ ვებგვერდებზე შესვლა კერძო ინტერნეტ პროვაიდერზეა დამოკიდებული და ეს მათი ინიციატივა იყო - სხვათაშორის, ყველა მათგანს არ გაუკეთებია ეს. სახელმწიფო სტრუქტურებს ინტერნეტ პროვაიდერების ამ გადაწყვეტილებასთან საერთო არაფერი აქვს. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება გამოსცეს შესაბამისი ბრძანება ამასთან დაკავშირებით საომარი მდგომარეობის დროს, თუმცა ეს არ გაუკეთებია. ზოგიერთმა პროვაიდერმა ჩათვალა, რომ ეს მათი სამოქალაქო ვალია, რადგანაც რუსული მედია, მათ შორის ინტერნეტ მედია ხელისუფლების მიერ კონტროლდება რუსეთში. და მედია პროპაგანდისტული ომისთვის გამოიყენებოდა [მიუხედავად იმისა, რომ ru. დომენის მქონე ვებგვერდებზე შეზღუდვები მოიხსნა, რუსული არხები, რომლებზეც საინფორმაციო გადაცემები გადის კვლავ დაბლოკილია. თემურ იაკობაშვილმა აგვისტოს ბოლოს ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ინიციატივა იყო რუსული ტელეარხების დაბლოკვა].

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8