Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ომის შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ გაერთიანებული შტაბის უფროსს მოუსმინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ოქტ.'08 / 21:02

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას 28 ოქტომბერს განუცხადა, რომ განხორციელდა მობილური თავდაცვითი ოპერაცია, რომლის თავდაპირველი მიზანი არ იყო ცხინვალის დაკავება.

გოგავას მოსმენის დროს სხდომა ტრადიციულად ორ ნაწილად გაიყო - პირველი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პირდაპირი ეთერით დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გადაიცემოდა, ხოლო მეორე ნაწილი დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

ქვემოთ მოცემულია გოგავას გამოსვლის ძირითადი პუნქტები:

  • სამხედრო, საგარეო დაზვერვის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტებიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ამ დონის აგრესიაზე არცერთი ქმედება არ მიუთითებდა. პირდაპირ მინიშნებას არ გვაძლევდა მათი [რუსული ძალების] კონცენტრაცია საზღვართან. თუ ქონდათ დაზვერვის სამსახურებს ინფორმაცია, ისინიც ვითარების დაძაბვას პროგნოზირებდნენ სექტემბერ-ოქტომბერში.
  • არცერთი გეგმა, რომელიც არსებობს გაერთიანებულ შტაბში არ არის მიმართული მისი ორი ისტორიული კუთხის [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის] წინააღმდეგ თავდასხმითი ოპერაციების განსახორციელებლად.
  • ჩვენ არ ველოდით იმას, რაც დაიწყო 9 აგვისტოს [ფართომასშტაბიანი რუსული აგრესია]. ეს პირდაპირ ითვალისწინებდა ქვეყნის დედაქალაქის აღებას.
  • 2005 წელს თავდაცვის სამინისტროში დაზვერვის დეპარტამენტი გაუქმდა, რამაც პრობლემები შექმნა; ჩვენ ახლა ვცდილობთ ამ სისტემის განვითარებს ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით.
  • რეზერვისტთა სისტემა არის სუსტი წერტილი, რომელიც ამ წუთში გააჩნია შეიარაღებულ ძალებს. მათ მართვაში და მენეჯმენტში შეიქმნა პრობლემები. ეს ლაფსუსი არის მთლიანად გაერთიანებული შტაბის და  მე არ გავურბივარ ამ პასუხისმგებლობას. ერთ თვეში რეზერვისტთა ახალი კონცეფცია შემოვა და გათვალისწინებული იქნება მასში ყველა უარყოფითი მხარის გამოსწორება.
  • პრობლემები კავშირგაბმულობაში იყო და ეს გამოწვეული იყო რელიეფით და იმით, რომ უთანამედროვესი კავშირგაბმულობის სისტემა - ჰარისის სისტემის კავშირგაბმულობა გაგვაჩნია - მთლიანად დაძლეული და დანერგილი ვერ იქნა.
  • ბრძანებას საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე წინ უძღვის განგაშის რამოდენიმე დონე. 7 აგვისტოს 14 საათზე მთავარსარდალთან შეთანხმებით შეიარაღებულ ძალებში გამოცხადდა მზადყოფნა ნომერი ერთი - თუ რას ნიშნავს ეს, ამას დახურულ სხდომაზე ვიტყვი.
  • გამოკვეთილი ნიშნები არსებობდა იმისა, რომ შეიარაღებული ძალები მოგვეყვანა მზადყოფნა ნომერ ერთში. ჩვენ გვქონდა დაუდასტურებელი ინფორმაცია  - დრო არ გვქონდა ამ ინფორმაციაში ეჭვის შეტანისთვის - რომ რუსული ძალები როკის გვირაბში იმყოფებოდნენ. ეს ინფორმაცია მოგვაწოდა შსს-ს კონტრდაზვერვის სამსახურმა და ამის საფუძველზე ჩვენ გამოვაცხადეთ მზადება ნომერი ერთი.
  • რაც შეეხება შეკითხვას თუ ვინ გასცა ბრძანება საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე, გოგავამ უპასუხა: 7 აგვისტოს 23:35 საათზე დახურული სპეცკავშირის ტელეფონზე უმაღლესი მთავარსარდლისგან [პრეზიდენტ სააკაშვილისგან] ირეკება და და ვიღებ ბრძანებას: 1. შეაჩერეთ რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი ყველანაირი ძალები; 2. ჩაახშვეთ ის საცეცხლე წერტილები, რომლებიც ესვრიან ქართულ პოსტებს  და 3. აღნიშნული ოპერაციის განხორციელების დროს დაიცავით მშვიდობიანი მოსახლეობა. ამ ბრძანებასთან ერთად მეუბნება [პრეზიდენტი], რომ აცხადებს საომარ მდგომარეობას.
  • ეს ოპერაცია იყო მობილური თავდაცვითი ოპერაცია.
  • დასაწყისში არ იგეგმებოდა ცხინვალზე შეტევა, ეს უკვე შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მოხდა. პირდაპირი ბრძანება ცხინვალზე შეტევის არ ყოფილა. მთავრობა არ განიხილავს ცხინვალს ქალაქად, სადაც დაუძინებელი მტერია.
  • როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ მზადყოფნა, ჩემი ბრძანება იყო რომ ოპერატიული შტაბი გაეშალათ გორში. 8 აგვისტოს ვიყავი გორში და თბილისიდან ეს ოპერაცია არ იმართებოდა. მე ამ თემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დახურულ სხდომაზე გესაუბრებით.
  • ადგილზე ოპერაციებს ხელმძღვანელობდა სახმელეთო ძალების ყოფილი სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი მამია ბალახაძე.
  • გოგავამ განაცხადა, რომ დახურულ სხდომაზე გააჟღერებდა დეტალებს, თუ რომელი დანაყოფები მოქმედებდნენ ცხინვალსა და მის შემოგარენში.
  • მე სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო. ოპერატიულ შტაბში, სადაც ხშირად მივდიოდი, მე არასდროს არ მინახავს იქ სამოქალაქო პირები, მათ შორის თავდაცვის და შსს მინისტრები. მე ხშირად მხედავდნენ მათთან ერთად, თუმცა არა ოპერატიულ შტაბში. არცერთი სამოქალაქო პირი ამ საქმეში არ ერეოდა. კითხვაზე რა უფლებამოსილებით გააკეთა 8 აგვისტოს თბილისის მერმა გიგი უგულავამ განცხადება 3 საათით ცეცხლის შეწყვეტისა და კორიდორის გახსნის თაობაზე, გოგავამ უპასუხა: აღნიშნული საკითხი გადის ჰუმანიტარული მოქმედებების ფარგლებში... ეს შეთანხმებული იყო ჩვენთან და არანაირად არ შეუშლია მის [უგულავას] განცხადებას ხელი.
  • ჩვენ ვიღებდით გადაწყვეტილებას, ვაცნობდით მთავარსარდალს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ ვახდენდით განხორციელებას. 
  • ცხინვალი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტროლ ქვეშ. ეს თავიდან არ იყო განსაზღვრული, მაგრამ აქ არის 2 ფაქტორი: სამშვიდობო პოსტები და შსს-ს პოსტები იყვნენ ძალიან ძლიერი ცეცხლის ქვეშ და ერთადერთი საშუალება მათი გამოყვანის იყო ცეცხლის წინა ხაზის გადაწევა. აუცილებელი იყო საცეცხლე წერილების განეიტრალება, რომელიც მრავლად იყო ცხინვალში - ვერხნი და ნიჟნი გარადოკებში. და მეორე, ანკლავში შედის ქართული სოფლები  - ამ ხეობიდან ხალხის გამოყვანა ვერ განხორციელდებოდა შემოვლითი გზით. იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ყველაზე უმოკლესი გზა ქართულ სოფლებამდე ეს იყო გზა ცხინვალზე.
  • ცხინვალში იყო როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე ყველაზე დიდი რაოდენობით ე.წ. ქალაქის დამცველები. არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან სამოქალაქო პირების მიმართ ცუდ მოპყრობაზე.
  • ქართული ძალების სამიზნე ცხინვალში იყო სამთავრობო შენობები, სადაც იყო მებრძოლთა შტაბები. რამოდენიმეჯერ ჩემი თვალით ვნახე წინა პოზიცია. იყო გარკვეულ უბნებში ალყები, მაგრამ ეს ქალაქის ბრძოლებისთვის დამახასიათებელია. ე.წ. ტომარა არ ყოფილა.
  • ცხინვალი დაბომბვას რუსული ავიაცია ახორციელებდა ორი დღის განმავლობაში. ცხინვალის თავზე ქართული თვითმფინავი არ გადაფრენილა და ბომბი არ ჩამოუგდია.
  • ცხინვალის მისადგომებთან განვიცადეთ ზარალი დაბომბვებისგან და ფსიქოლოგიური მომენტიც შექმნა [რუსეთის] საჰაერო უპირატესობამ. ყველაზე დიდი საავიაციო შემოტევა იყო 9 აგვისტოს დილით. 10 აგვისტოს მთლიანი რესურსებით შემოიჭრნენ. ვერ მოვახერხეთ მათი შეჩერება სოფელ გუფთასთან და სამივე მიმართულებით მათი შეკავება. 
  • 10 აგვისტოს დავტოვეთ ცხინვალი. უკან დახევისას იყო შეცდომები დაშვებული, მაგრამ ფატალური არა.
  • არცერთი ჩვენი სამხედრო მფრინავი არ ჩამოვარდნილა.  19 რუსული საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ და ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია.
  • ნადავლი საბრძოლო ტექნიკა გვაქვს, როგორც სრულიად გამართული, ისე მწყობრიდან გამოსული, ბრძოლის ველზევე მოპოვებული.
  • გორის დაცვის ხაზი არ გაკეთდა იმიტომ, რომ ამ ტიპის აგრესიას არ მოველოდით.
  • 168 სამხედრო მოსამსახურე დაღუპულია და აქედან 20-ის [უცნობი ჯარისკაცის] დნმ-ის პასუხს ველოდებით. მე-4 ბრიგადის დანაკარგია დაახლოებით 25 ჯარისკაცი.
  • 170 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული თვითდათხოვნის ფაქტზე; 23 დეზერტირობის ფაქტზე, რომელთაგან, სამწუხაროდ, 15 ოფიცერია.
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა 8 აგვისტოს ხელმოწერილი ბრძანებულების საფუძველზე, რათა ერთიანი მართვა ყოფილიყო. მაგრამ მართვაში პრობლემები იყო, მათ შორის საკუთარი [შეიარაღებული ძალების] დანაყოფების მართვაში. 1, 2 და 3 ბრიგადების მეთაურები შეიცვალა, რადგან ისინი სათანადოდ ვერ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ამოცანას. 
  • ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე და ის არავისზე არ იქნება გადანაწილებული.
  • კოდორის ხეობაში არ იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17