ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა განაცხადა, რომ აფეთქება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი და დაშავდა სამი ქართველი პოლიციელი, ”ისედაც დაძაბული სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციის საშიშროებას ქმნის”.
მისიის განცხადებით თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა ქართულ სოფელ დვანში, რომელიც ცხინვალიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.
”აფეთქებას თან სდევდა სროლის ხმა,” - ნათქვამია მისიის განცხადებაში, ”სიტუაციის შესამოწმებლად ადგილზე იმყოფებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრული”.
”ჩვენ მეტად შეშფოთებულნი ვართ დვანში დღეს განხორციელებული თავდასხმის გამო, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი და დაშავდა სამი ქართველი პოლიციელი. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და იმედი გვაქვს, რომ დაშავებული პოლიციელები მალე გამოჯანმრთელდებიან,” - ნათქვამია განცხადებაში.
”ეს თავდასხმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით სარკოზი-მედვედევის შეთანხმების მიუღებელი დარღვევაა. ინციდენტი სრულად უნდა იქნას გამოძიებული ორივე მხარეზე და დამნაშავენი უნდა მიეცენ პასუხისგებაში,” - განაცხადა ჰანსიორგ ჰაბერმა, ”ჩვენ ვიმეორებთ მოწოდებას ყველა მხარის მიმართ თავიდან აიცილონ შემდგომი პროვოკაციები”.