აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია 11 დეკემბერს შეიკრიბა და კომისიის მიერ ხელისუფლების წარმომადგენლების ჩვენებების საფუძველზე მოსამზადებელი საბოლოო დასკვნის დეტალები განიხილა.
დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა, კომისიის წევრმა მმართველი პარტიიდან, განაცხადა, რომ მოცულობითი დასკვნის მნიშვნელოვანი ნაწილი მიეძღვნება ომამდე არსებულ სიტუაციას და იმ მოვლენებს, რამაც რუსეთის აგრესია გამოიწვია.
კომისიას, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა ”რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია”, ნაკლები უფლებები აქვს, ვიდრე პარლამენტის საგამოძიებო კომისიას.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას ინფორმაციის მოსაპოვებლად იმ დარღვევების შესასხებ, რომელიც ჩაიდინეს სახელმწიფო სტრუქტურებმა და მოხელეებმა და რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა ინტერესებს. სწორედ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება იყო, რომ საგამოძიებო ჯგუფის ნაცვლად შექმნილიყო დროებითი კომისია.
კომისიის წევრები საპარლამენტო უმცირესობიდან, კერძოდ ქრისტიან-დემოკრატებიდან, ითხოვდნენ მოსმენების გაგრძელებას საბოლოო დასკვნის მომზადებამდე. ისინი ითხოვდნენ გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის ირაკლი ალასანიას და რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ირაკლი ჩუბინიშვილის გამოძახებას. თუმცა, კომისიის წევრმა ქრისტიან-დემოკრატებიდან ლევან ვეფხვაძემ 11 დეკემბერს განაცხადა, რომ პარტია საკუთარ მოთხოვნას აუქმებს.
ვეფხვაძემ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის გამოძიების შედეგების საფუძველზე მისი პარტია დააყენებს კონკრეტული ოფიციალური პირების პასუხისმგებლობის საკითხს.
”თუ აღმოჩნდება, ტალიავინის კომისიის დასკვნების შედეგად, რომ არის იმის საჭიროება, რომ დადგეს საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლის პასუხისმგებლობის საკითხი, ჩვენ მოვითხოვთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ საკითხის მოსაგვარებლად,” - განაცხადა ვეფხვაძემ.
ევროკავშირის საგამოძიებო კომისიამ რვა თვეში უნდა დაასრულოს მუშაობა და დასკვნა ევროკავშირს, ეუთოს, საქართველოს და რუსეთს 2009 წლის 31 ივლისს წარუდგინოს; თუმცა, კომისიის მუშაობა შესაძლოა გაგრძელდეს საჭიროების მიხედვით.