საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა 30 იანვარს განაცხადა, რომ იგი ტოვებს თანამდებობას ჯანმრთელობის პრობლემების გამო.
მისი თქმით, პრემიერ-მინიტრის პოსტზე მას პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური შეცვლის.
”მე დღეს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს და მივმართე თხოვნით, რათა მან საქართველოს პრემიერ-მინიტრის თანამდებობაზე განიხილოს ახალი კანდიდატურა,”- განაცხადა მგალობლიშვილმა, ”მე ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა რაიმე ფორმით გახდეს მთავრობის ქმედითუნარიანობის შესუსტების მიზეზი”.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს იმის გამო, რომ ”დღიდან ჩემი დანიშვნისა მე ყოველთვის ვგრძნობდი და მქონდა სრული მხარდაჭერა და თანადგომა საქართველოს პრეზიდენტისაგან”.
”მე მინიმუმ ორი თვე მესაჭიროება მკურნალობის კურსის გაგრძელება და ამის შემდგომ მე ვიქნები მზად ნებისმიერ ამპლუაში, ნებისმიერ რანგში გავაგრძელო მუშაობა,”- განაცხადა მან პრესკონფერენციაზე საუბრისას, ”დღეს საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სამი თვის განმავლობაში არ იყოს ჩვეულ სამუშაო ფორმაში”.
უკვე ერთი თვეა, რაც გრიგოლ მგალობლიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მკურნალობს. ის ამ მიზნით იანვრის დასაწყისში და მიწურულს ორჯერ იმყოფებოდა გერმანიაში. თუმცა პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მგალობლიშვილს დაპირისპირება ჰქონდა პრეზიდენტთან და ის გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებას გერმანიიდან, ჯერ კიდევ პირველი გამგზავრების დროს გეგმავდა. თუმცა რაიმე დაპირისპირების არსებობა მან და პრეზიდენტმა უარყვეს.
როცა მას დღევანდელ პრესკონფერენციაზე ამის თაობაზე ჰკითხეს, მგალობლიშვილმა უპასუხა: ”ამაზე საქართველოს პრეზიდენტმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და მე აღარც ვთვლი, რომ ამაზე რაიმე კომენტარის გაკეთებაა საჭირო”. სააკაშვილმა 23 იანვარს ხალხთან ტელე-ხიდის დროს განაცხადა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც დღე და ღამე იმაზე ფიქრობენ, როგორ მოიგონონ ასეთი ”ჭორები”.
35 წლის გრიგოლ მგალობლიშვილი, რომელიც საქართველოს ყოფილი ელჩია თურქეთში და აქტიურ პოლიტიკაში არასდროს ყოფილა ჩართული, პრემიერ-მინისტრად 1 ნოემბერს დაამტკიცეს და ამ თანამდებობის არსებობის ისტორიაში ყველაზე მოკლე დროით - 3 თვით - ეკავა ეს პოსტი. მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები ორჯერ განხორციელდა.
მისი გადადგომის შემდეგ და ასევე იმის გამო, რომ 1 თებერვლიდან მთავრობაში ორი ახალი სამინისტრო - ინფრასტრუქტურის და სასჯელაღსრულების უწყებები იქმნება, მთავრობის შემადგენლობა ხელახლა უნდა წარედგინოს პარლამენტს ნდობის მისაღებად. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სავარუდოდ, დავით ტყეშელაშვილი, რეგიონული მართვის საკითხებში ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი ჩაიბარებს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატურად არაოფიციალურად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე სახელდება.
მგალობლიშვილმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მთავრობაში ”რაიმე მნიშვნელოვანი” საკადრო ცვლილებები არ იქნება.