Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ახალმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 თებ.'09 / 17:52

დიმიტრი შაშკინი (მარცხნივ) და კახა ბაინდურაშვილი (მარჯვნივ) - ორი ახალი მინისტრი. ფოტო: ინტერპრესნიუსი

6 თებერვალს დეპუტატებმა 106 ხმით 8-ის წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადეს უმნიშვნელოდ შეცვლილ მთავრობას, რომელსაც ახალი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ხელმძღვანელობს და მის პროგრამას. საპარლამენტო უმცირესობამ მინისტრთა კაბინეტის წინააღმდეგ მისცა ხმა, რამდენიმე დეპუტატმა კი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

33 წლის ნიკა გილაური, რომელმაც გრიგოლ მგალობლიშვილი შეცვალა, საქართველოს მეხუთე პრემიერ-მინისტრია ბოლო ხუთი წლის მანძილზე. მის მთავრობაში ორი ახალი მინისტრია - ახალი სახე დიმიტრი შაშკინი, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი და ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, რომელიც მანამდე გილაურის ფინანსთა მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო. კიდევ ერთი მცირე ცვლილებაა რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შექმნა, რომელსაც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რეგიონალურ საკითხებში დავით ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს.

6 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ახალმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სამი ძირითადი პრიორიტეტი გაახმოვანა: ეკონომიკური სირთულეების მოგვარება და ”უმუშევრობასთან ბრძოლა”, სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაცია და შემდგომი დემოკრატიული რეფორმები. 

”უმუშევრობასთან ბრძოლა”

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ იგი ყურადღებას გაამახვილებს ”უმუშევრობასთან ბრძოლაზე”. ”თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ადვილი ამოცანა არ იქნება,” - დასძინა მან.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებში გილაური ამბობდა: ”მე არ მექნება ერთი, ორი, სამი ან ოთხი პრიორიტეტი, მე მექნება ერთი მთავარი მიზანი - ახალი დასაქმება და უმუშევრობასთან ბრძოლა”.

6 თებერვალს მან დეპუტატებს განუცხადა, რომ მთავრობას სამპუნქტიანი გეგმა ექნება, რომელიც მოიცავს უცხოური დახმარებების ათვიებას  ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად; 2.2 მილიარდი ლარის ოდენობის ”ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის” განხორციელებას, ექსპორტის სტიმულირებას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.  

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დადასტურდა, რადგან ის არ ჩამოიშალა აგვისტოს ომის მიუხედავად; თუმცა სირთულეები მაინც დარჩება გლობალური ფინანსური კრიზისის გამო, აღნიშნა მან.

”ყველა სტატისტიკური მონაცემი მიანიშნებდა იმაზე, რომ სექტემბერში და ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა უბრუნდებოდა ომამდელ დინამიკას, თუმცა გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო - რომელიც პირველად ნოემბერში და ოქტომბერში შევიგრძენით - ეს პროცესი შეფერხდა,” - განაცხადა გილაურმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ელის უცხოური ინვესტიციების მიღებას წელს, მიუხედავად გლობალური კრიზისისა, რადგანაც ეს ინვესტიციები, მისი თქმით, ძირითადად ისეთი ”კვაზი-სახელმწიფო სტრუქტურებიდან” და კორპორაციებიდან მოდის, როგორიცაა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია, რას ალ ხაიმას საინვესტიციო ფონდი და აშშ-ის მთავრობის საინვესტიციო სააგენტო OPIC. 

როდესაც დეპუტატებმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან ჰკითხეს მას ხელისუფლების შარშანდელი წინასაარჩევნო დაპირების შესახებ, რომელიც პენსიების 100 დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებდა, გილაურმა აღიარა, რომ წელს შეუძლებელი იქნება ამის შესრულება.

”ვერ დაგპირდებით, რომ ეს იქნება წელს, ან მომავალ წელს, მაგრამ რამოდენიმე წლიან პერსპექტივაში ეს არის ის მიზანი, რასაც ჩვენ გვინდა მივაღწიოთ,” - განაცხადა გილაურმა.

მან ასევე განმარტა, რომ ”100 აშშ დოლარის საპენსიო პაკეტი” მოიცავს ასევე ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევას - ამით მან მიანიშნა, რომ პენსიონერები ვერ შეძლებენ 100 აშშ დოლარის ნაღდი ფულის მიღებას.

დემოკრატიული რეფორმები

პრემიერ-მინისტრმა განუცხადა დეპუტატებს, რომ ის აპირებს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც შემდგომი დემოკრატიული რეფორმების კოორდინაციას განახორციელებს.

”ოპოზიციას შეუძლია შეუერთდეს ამ ჯგუფს, რომელსაც დიმიტრი შაშკინი უხელმძღვანელებს,” - განაცხადა გილაურმა.

მისი თქმით, ჯგუფი შემდეგ საკითხებზე იმუშავებს: კერძო საკუთრება, ნაფიც მსაჯულთა სისტემის შექმნა, პარლამენტის როლის გაძლიერება და პატიმართა უფლებები.

”იქნება რეფორმები და იქნება დიალოგი; ჩვენ შეგხვდებით და განვიხილავთ რეფორმების ყველა სფეროს,” - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

დეოკუპაცია

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ”თანმიმდევრულ პოლიტიკას” განახორციელებს თავის მცდელობებში მიაღწიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციას. 

გილაურის თქმით, მთავრობის მიზანი იქნება სეპარატისტულ რეგიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვების მიღწევა და თანდათან ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ტრანსფორმაცია სამშვიდობო მისიად.

გილაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ რჩება  ნატოში ინტეგრაციის და აშშ-სთან და ევროკავშირთან ახლო ურთიერთობების დამყარების პოლიტიკის ერთგული.

საპარლამენტო უმცირესობამ უარი თქვა ახალი მთავრობის  მხარდაჭერაზე და ამის ერთ-ერთ მიზეზად მის პროგრამაში ”სიახლეების არარსებობა” დაასახელა.

”მთავრობა ტრაბახობს იმით, რომ მოახერხა თავიდან აეცილებინა კოლაფსი აგვისტოს ომის შემდეგ, მაგრამ ეს არ მომხდარა თქვენი პოლიტიკის გამო, ეს მოხდა იმ საერთაშორისო დახმარების წყალობით, რომელსაც საერთაშორისო დონორები ომის შემდეგ დაგვპირდნენ,” - განაცხადა დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ ქრისტიან-დემოკრატებიდან.

დეპუტატმა პეტრე მამრაძემ, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის პარტიის წევრია, განაცხადა დებატების დროს, რომ მთავრობა საქართველოში გადაიქცა ”დეკორატიულ ორგანოდ” და რომ მხოლოდ სააკაშვილის ადმინისტრაციის შიგნით არსებული მცირე ჯგუფი განაგებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13