Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სრული ტექსტი: ალასანიას გამოსვლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 თებ.'09 / 22:00

თბილისი, 2009 წლის 16 თებერვალი,

ქალბატონებო და ბატონებო,

ნება მომეცით მივესალმო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსს, პოლიტიკურ ლიდერებს, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს. 

ძვირფასო მეგობრებო, 

დღეს, ისევე როგორც არაერთხელ საქართველოს ისტორიაში, ჩვენს სახელწიფოებრიობას რეალური საფრთხე დაემუქრა: სახელმწიფო საზღვრები დარღვეულია, ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი - ოკუპირებული, ეკონომიკური განვითარება – შეფერხებული, საზოგადოება მოიცვა უნდობლობამ, იმედგაცრუებამ და მომავლის შიშმა. სამოქალაქო პასუხისმგებლობით გამორჩეული ყველა ადამიანი დაეძებს პასუხს მთავარ შეკითხვაზე – როგორ, რა ფორმით შეიტანოს წვლილი საქართველოს კრიზისიდან გამოყვანის ურთულესი ამოცანის გადაწყვეტაში.
ერთი მძიმე ისტორიული ეტაპი დასრულდა. ეს ეტაპი გარკვეული დადებითი ძვრებით და ტრაგიკული წარუმატებლობებით იყო გამორჩეული. იწყება ახალი ეპოქა, რომელიც ქვეყნის მომავლის მშენებლობაში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს ყველა ღირსეულ, პატრიოტ პიროვნებას, მიუხედავად იმისა, ხელისუფლებაშია დღეს იგი თუ ოპოზიციაში, პოლიტიკოსია თუ პოლიტიკის გარეთ მდგომი. მოქალაქეობრივი მოვალეობა ყველას ერთნაირად გვეკისრება; სახელმწიფოებრიობის გადარჩენის შანსი პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. 

წილად მხვდა პატივი, წარმოგიდგინოთ პოლიტიკურ თანამოაზრეთა გუნდი და გაგაცნოთ საქართველოს განვითარების ჩვენეული ხედვის ძირითადი პრინციპები. ჩვენი თანამოაზრეობა ეყრდნობა წლების განმავლობაში სხვადასხვა პროფესიული გამოცდილებით ჩამოყალიბებულ ერთიან მსოფლმხედველობას, მყარ ეროვნულ ფესვებზე აღმოცენებული სამართლიანი, დემოკრატიული ქვეყნის შექმნის სურვილს.   

სახელმწიფოს ერთპიროვნულმა მართვამ საფრთხე შეუქმნა  ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას. პრეზიდენტის ინსტიტუტში შეუზღუდავი ძალაუფლების თავმოყრა, პრეზიდენტის სახელმწიფოსთან გაიგივება არის უმთავრესი პრობლემა, რომელიც ითხოვს გადაუდებელ გამოსწორებას.   დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების უმთავრესი პრინციპი, ხელისუფლების გადანაწილება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა შორის (შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპი) აბსოლუტურად უგულვებელყოფილია. სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების არაინსტიტუციურმა, გაუმჭვირვალე პროცესმა, პირად ერთგულებაზე და არა  პროფესიულ კვალიფიკაციაზე დაფუძნებულმა საკადრო პოლიტიკამ, სასამართლო ხელისუფლების დაკნინებამ, მორჩილმა პარლამენტმა მოშალა რეალური სამოქალაქო კონტროლი ხელისუფლების ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი თავდაცვის, სამართალდაცვის და უსაფრთხოების სტრუქტურებზე. საზოგადოება ვერ პოულობს ქვეყნის განვითარების პროცესში დემოკრატიული გზით მონაწილეობის შესაძლებლობას. ამ პოლიტიკის შედეგია 2007 წლის ნოემბრის და გასული წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები, რამაც ობიექტურად, მთელი სიმწვავით დასვა საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.  

პოლიტიკური სისტემის ხარვეზები, პირველ რიგში, ეკონომიკურ პრობლემებში იჩენს თავს. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა არასახარბიელო ბიზნესგარემო და საკუთრების უფლების დაუცველობა. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2008 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო  საკუთრების დაცვით მსოფლიოში 109-ე ადგილზეა, ხოლო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხით - 112-ეზე. კონკურენციის ინტენსივობით 114-ე, ხოლო ანტიმონოპოლური პოლიტიკის ეფექტურობის თვალსაზრისით - 111-ე ადგილზე. ანტიმონოპოლიური მექანიზმების შეგნებული მოშლა შეუძლებელს ხდის ჯანსაღ კონკურენციას.  ასეთ გარემოში სახელმწიფო სტრუქტურებისგან მეწარმის დაცვა უაღრესად რთულია, ამ სიტუაციის გამოუსწორებლად კი კრიზისის დაძლევა შეუძლებელი იქნება. 

არსებული მძიმე კრიზისის პირობებში აუცილებლად მიგვაჩნია ახალი ეკონომიკური ხედვის შემუშავება, რომლის მიზანი იქნება გრძელვადიანი, მდგრადი ეკონომიკური ზრდის და მუდმივი განახლების მიღწევა. ახალი ეკონომიკური პოლიტიკის ხედვის ძირითადი პრინციპები უნდა იყოს: საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა, კონკურენცია, თავისუფალი მეწარმეობა, შრომის ნაყოფიერების განუხრელი ზრდა და ტერიტორიულ-დარგობრივ პრინციპზე, ე.წ კლასტერებზე, დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება.

ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო ვერ იქნება მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი დაბალი გადასახადები და კომპანიების რეგისტრაციის გამარტივებული წესები. არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორია დაუწერელი კანონები და როგორია დამკვიდრებული პრაქტიკა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, როგორი რეალური ატმოსფეროა შექმნილი ბიზნესის გარშემო. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ამჟამად 400 000-ზე მეტი საწარმოა დარეგისტრირებული. ამ საწარმოების ნახევარიც რომ მუშაობდეს და ვითარდებოდეს, ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა არ იქნებოდა. 

ახალი ეკონომიკური ხედვის განხორციელებისთვის აუცილებელია გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგიის შექმნა. სამწუხაროდ,  ჩვენი ქვეყნის უკანასკნელი პერიოდის ეკონომიკური პოლიტიკა შეგნებულად და თანმიმდევრულად უარყოფდა სტრატეგიული დარგების, სტრატეგიული ობიექტების და საერთოდ, ეკონომიკური სტრატეგიის აუცილებლობას. ყოვლად გაუმართლებლად, ეროვნული ინტერესების საზიანოდ დღემდე გრძელდება მალულად, ფარული გარიგებებით ასეთი ობიექტების გასხვისება იმ ქვეყანაზე, რომელთანაც ხელისუფლების მტკიცებით საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. 

დროის მოკლე პერიოდში ხელშესახები შედეგის მისაღწევად ძალისხმევა უნდა მივმართოთ გამჭვირვალე და ყველასთვის გასაგებ რამდენიმე პრიორიტეტზე. პრიორიტეტებში აუცილებლად უნდა იყოს შემდეგი მიმართულების ტერიტორიულ-დარგობრივი ეკონომიკური სისტემები: ეკოლოგიურად სუფთა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროდუქტების წარმოებაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობა, კულტურულ მემკვიდრეობასა და მეღვინეობაზე ორიენტირებული ტურიზმი და ნიშური ინოვაციური ტექნოლოგიები, სადაც საქართველოს გარკვეული გამოცდილება და ექსპერტული ტრადიცია გააჩნია.

ახალი ეკონომიკური ხედვა და გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგია უნდა შეიქმნას და განხორციელდეს სამთავრობო სტრუქტურებისა და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობით. საბოლოო ჯამში მხოლოდ კონკურენტუნარიან და ეფექტურ კომპანიებს შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღება და კრიზისიდან გამოყვანა. მთავრობა და ბიზნესი რეალური პარტნიორები უნდა გახდნენ. რომელიმე მათგანის დიქტატის შემთხვევაში საქართველოში შეუძლებელი იქნება ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის შექმნა. 

სოციალური პოლიტიკა მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული ქვეყნის ეკონომიკურ პრიორიტეტებს. დღეს სოციალური და ჯანდაცვის ბიუჯეტი (2008 წლის მონაცემებით  1,494 მლრდ. ლარი) არაეფექტურად იხარჯება  და რეალურად ადამიანებს ბევრს ვერაფერს აძლევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო დიდი ბიუჯეტი აქვს (2009 წლის მონაცემებით - 560 მილიონი ლარი), ვიდრე განათლების სამინისტროს (525 მილიონი ლარი), რაც არსებული სახელმწიფო სისტემის პრიორიტეტებზე მიუთითებს.

აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის თუნდაც მინიმალური უზრუნველყოფა ყველა მოქალაქისათვის. სახელმწიფოს არსებობის ძირითადი მიზანი საზოგადოების ყველა წევრის კეთილდღეობაა. 

მისასალმებელია, რომ ახალი ეკონომიკური ხედვის შემუშავებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და მსხვილ კერძო კომპანიებში მომუშავე ჩვენმა თანამემამულეებმა. 

კანონის უზენაესობა, პიროვნული და ეროვნული ღირსების აღდგენა ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა იმისათვის, რომ საქართველო დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნად იქცეს. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საზიანო ტენდენციად იქცა საკანონმდებლო და სამართალწარმოების სფეროში კანონის ქრონიკული ცვლა, დამახინჯება და ვიწრო სახელისუფლებო ჯგუფების ინტერესებზე მისი მორგება. Aმის შედეგად მივიღეთ საერთაშორისო სტანდარტებს დაშორებული, რეაქციული კანონმდებლობა, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დამორჩილებული სასამართლო, ძალაუფლების უკონტროლო კონცენტრაცია პოლიციასა და პროკურატურაში, უფუნქციო ადვოკატურა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. უსამართლობა – ეს არის უდიდესი პრობლემა, რომელსაც დღეს ასე მტკივნეულად განიცდის საქართველოს მოსახლეობა. დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფა ევრო-ატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთ ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად იქცა.

საქართველოში მასმედიის, ძირითადად კი სატელევიზიო მედიის, სარედაქციო და საინფორმაციო პოლიტიკაში თავისუფლება შეიზღუდა და იძალა საბჭოთა ცენზურის მსგავსმა სახელისუფლებო დიქტატმა, რაც განაპირობებს საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების არაობიექტურ აღქმას.  

ქვეყნის კანონმდებლობა რადიკალურად არის შესაცვლელი და საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო საკანონმდებლო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანი. სასამართლოს უნდა აღუდგეს და განუმტკიცდეს სრული დამოუკიდებლობა. უნდა უზრუნველვყოთ ყველას თანასწორობა კანონის და სასამართლოს წინაშე. მოსახლეობას უნდა გავუჩინოთ და გავუმყაროთ სამართლიანობის სრული რწმენა.

ხელისუფლების მიერ საკუთრების უფლების უხეშმა ხელყოფამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყნის როგორც მორალურ, ისე საინვესტიციო იმიჯს. სამართლიანობის აღდგენა ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს. საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც განიხილავს საკუთრების შესახებ დავებს და აღადგენს სამართლიანობას მათთვის, ვისაც “ნებაყოფლობით” დაათმობინეს საკუთრება სახელმწიფოს ან ხელისუფლების რჩეულთა სასარგებლოდ. 

დემოკრატიული სახელმწიფოს, საბაზრო ეკონომიკის  და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება წარმოუდგენელია პიროვნების თავისუფლების გარეშე. სწორედ თავისუფალი, დამოუკიდებელი პიროვნება წარმოადგენს ამგვარი სახელმწიფოს არსებობის მთავარ გარანტს. პიროვნების ჩამოყალიბება განათლების სისტემის, პირველ რიგში კი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დანიშნულებაა.

სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღწევა სისტემის ყველა სეგმენტში: სკოლამდელ აღზრდაში, სკოლაში, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში.

ამისთვის, საგრძნობლად უნდა გაიზარდოს განათლებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსება. იგი არ უნდა იყოს ერთობლივი შიდა პროდუქტის 5%-ზე ნაკლები.

აუცილებელია სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების ჰარმონიზაცია. სკოლას უნდა დაუბრუნდეს ძირითადი საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქცია.
  
მკვეთრად უნდა ამაღლდეს მასწავლებლების და ლექტორების სოციალური სტატუსი, რათა მათ სათანადო, გამორჩეული ადგილი დაიკავონ საზოგადოებაში. სახელმწიფო ზრუნვა უნდა გამოიხატოს როგორც პედაგოგთა ხელფასის ოდენობაში, ასევე მათ სათანადო მომზადებასა და კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების შესაძლებლობაში.
 
უნივერსიტეტებს დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს რეალური ავტონომია, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა დამოუკიდებლად უნდა განსაზღვრონ სასწავლებლის მართვის პრინციპები და სასწავლო პროცესის სტრუქტურა.  სახელმწიფო ვალდებულია პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას დაუბრუნოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან უკანონოდ, ძირითადად პოლიტიკური ნიშნით დათხოვნილი მაღალკვალიფიციური კადრები.
არასაუნივერსიტეტო სექტორში, კერძოდ, კვლევით ინსტიტუტებში, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი სამეცნიერო კვლევების უზრუნველყოფისათვის საჭიროა ისეთი ახალი ქმედითუნარიანი ინსტიტუციონალური სისტემის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას, მეცნიერების მუდმივ განვითარებას და ერთიან ევროპულ სამეცნიერო სივრცეში მის ინტეგრაციას.

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება უმთავრეს სახელმწოფო პრიორიტეტად უნდა იქცეს:
სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნვეყოფაა. სიღრმისეულად უნდა გავაანალიზოთ ქვეყნის თავდაცვის სისტემაში დაშვებული შეცდომები და ომის თავიდან აცილების შესაძლებლობა.    

რეგიონში არსებული პოლიტიკური და სამხედრო საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველოს უნდა ჰყავდეს საერთაშორისო პარტნიორებთან თავსებადი, სწრაფი რეაგირების, მობილური პროფესიული არმია, ეფექტური საჰაერო და სანაპირო თავდაცვის სისტემა. 

ქვეყნის სამხედრო აღმშენებლობა საჭიროებს მაღალკვალიფიციური სამხედრო განათლების სისტემის რეფორმირებას და ოფიცერთა ძლიერი კორპუსის შექმნას.     

აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ ხელახლა უნდა გაიაზროს საკუთარი ადგილი საერთაშორისო ურთიერთობათა, აგრეთვე მსოფლიო და რეგიონალური  უსაფრთხოების სისტემებში. სერიოზული კორექტივები უნდა შევიტანოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის რეალიზაციაში და შევქმნათ ახალი, ეფექტური მექანიზმები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სრულფასოვანი დაცვის მიზნით. 

ომის შემდეგ საქართველოს რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიადგა. საერთაშორისო თანამეგობრობის, ჩვენი მეგობრების, მეზობელი სახელმწიფოების მიერ საქართველოს ხელისუფლება აღიქმება არასაიმედო პარტნიორად. ბოლო წლებში დაგვიმკვიდრდა ემოციებით მოქმედი, არასტაბილური სახელმწიფოს იმიჯი. ამგვარმა პოლიტიკამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს, ჩვენს რეგიონს და სტრატეგიულ მოკავშირეებს. 

ვფიქრობ, ჩვენს ხალხს არ სურს, რომ საქართველო საერთაშორისო დაპირისპირების ასპარეზად იქცეს. პირიქით, ჩვენ თანამშრომლობის და სტაბილურობის ქვეყანა უნდა ვიყოთ. ამის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ წინდახედული, თანმიმდევრული, მრავალმხრივი და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკური სტრატეგიით. ხოლო ასეთი სტრატეგიის შექმნასაც და განხორციელებასაც სჭირდება საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესის არა ერთპიროვნული, არამედ  დემოკრატიული და გამჭვირვალე მექანიზმების შექმნა და სრულყოფა. 

სწორედ ასეთი პოლიტიკით შეიძლება მივაღწიოთ საქართველოს დეოკუპაციას და დეზინტეგრაციის შეჩერებას, რასაც რუსეთი ღიად და დაუფარავად ახორციელებს. ამ მხრივ, საწყის ინტრუმენტად უნდა გამოვიყენოთ პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმება და მისი უპირობო შესრულება. ჩვენთვის ასევე ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ რუსეთის მცდელობით სერიოზულად იზღუდება საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს, მოღვაწეობა საქართველოში. ყოველივე ეს აუცილებელს ხდის საერთაშორისო ფორმატების ეფექტური გამოყენების პარალელურად რუსეთთან პირდაპირი დიალოგის წარმოებას, რათა დავანახოთ მისი აგრესიული საოკუპაციო პოლიტიკის უპერსპექტივობა და გარდაუვალი უკუეფექტი. ამასთანავე, უნდა შევთავაზოთ ორი ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობაზე პოტენციური თანამშრომლობის დადებითი გავლენის ალტერნატიული ხედვა.

ძირეული პოლიტიკური ცვლილებები დააჩქარებს დასავლეთთან ინტეგრაციული პროცესების ინსტიტუციონალიზაციას. საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციაა. სამწუხაროდ, ხელისუფლების წინდაუხედავმა ნაბიჯებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ნატო_ში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს. 

ვფიქრობ, ევროკავშირის ახალი სამეზობლო ინიციატივები მიზანმიმართულად უნდა იქნეს გამოყენებული ქვეყნის ევროგაერთიანებებში საბოლოო ინტეგრაციის მიზნით. 

ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, მათ შორის ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების სრული იმპლემენტაცია.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეობა იქნება ყოვლისმომცველი და დაეფუძნება ორი ქვეყნის პოლიტიკური, რეგიონული და ენერგეტიკული უსაფრთხოების ინტერესებს. 
რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ჩვენს უშუალო მეზობლებთან – თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება.

სუამ-ის და შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის გაგრძელება და შემდგომი განვითარება კვლავაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად გვესახება.

საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრასნპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საქართველომ რაციონალურად უნდა გამოიყენოს საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომლის ღირებულებაც ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ საგრძნობლად დააკნინა. გვჯერა, რომ კასპიის ზღვის აუზის ენერგომატარებლების დასავლეთის ბაზარზე მიწოდებით საქართველომ მნიშვნელოვან წვლილი უნდა შეიტანოს გლობალური, რეგიონული და ეროვნული ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემა, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე შენარჩუნება, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, დევნილების დაბრუნების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა კონფლიქტების დარეგულირებამდე საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი იქნება.
საქართველოს სტაბილურობა და ტერიტორიული მთლიანობა იქნება ევროკავშირისა და აშშ-ს რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული დიალოგის ნაწილად. ამ დიალოგის ეფექტურობა დიდწილად საქართველოზე უნდა გახდეს დამოკიდებული.

აუცილებელია საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში სადამკვირვებლო მისიების გაგრძელება და გაძლიერება გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის კომბინირებული სამშვიდობო ოპერაციის ელემენტების დანერგვით; ასევე აუცილებელია ჟენევის პროცესის სათანადო გამოყენება და მისი გაგრძელებისა და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების ხელშეწყობა. 

მილიტარისტულ რიტორიკასთან შეზავებული სამხედრო აღმშენებლობის გადაჭარბებული პროპაგანდა კარგად გამოიყენება ჩვენს მოძმე აფხაზებთან და ოსებთან უნდობლობისა და მტრობის გასაღვივებლად. ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, განათლების, ჯანდაცვის, კულტურის სფეროებში თანამშრომლობაზე. ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად შევიმუშავებთ ომით გახლეჩილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთობლივ ინფრასტრუქტურულ პროგრამებს. პირველ ყოვლისა სწორედ საქართველო უნდა გამოვიდეს ასეთი პროგრამების ინიციატორად და ხელშემწყობად.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს ამ კონფლიქტების სწრაფი, ძალისმიერი (სამხედრო) და ცალმხრივი გადაჭრა. ჩვენი სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს უშუალო კონტაქტებს, პირდაპირ დიალოგს, ნდობის აღდგენას და შერიგებას აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მათი შეშფოთება უსაფრთხოებასთან და ეროვნული იდენტურობის გადარჩენასთან დაკავშირებით.
ქალბატონებო და ბატონებო,

დღეს ურთულესი პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის  გადამწყვეტი ეტაპი დადგა. თავისუფალი ნების ყველა თაობის და პროფესიის მოქალაქე დღეს აკეთებს თავის არჩევანს: ხალხს სურს ერთიანი, სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას დღესვე ჩაეყაროს საფუძველი და გახდეს ფუნდამენტური ცვლილების, რეალური გარდატეხის თანამონაწილე. მე და ჩემი გუნდის წევრები შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ჩვენ ერთპიროვნულად მოვალთ ხელისუფლებაში. ვფიქრობ, ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლებაშიც არის ხალხი, რომელიც გამორჩეულია პროფესიონალიზმითა და პატრიოტიზმით და აქვს რესურსი დადებითი როლი ითამაშოს ქვეყნის აღმშენებლობაში.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ წარსულის ყველა მიღწევა და ამასთან, ობიექტურად შევაფასოთ ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობა. ახალ ეპოქაში საქართველოს წარმატებას მხოლოდ დიდი პოლიტიკური ნდობის მქონე, მორალური ხელისუფლება მოუტანს. დღევანდელი ყოვლისმომცველი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთ გზად საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიგვაჩნია. ეს პასუხისმგებლობა საქართველოს საზოგადოების ყველა წევრმა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ თანაბრად უნდა გავიზიაროთ და ერთად შევქმნათ ღირსეული მომავალი.

ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კამპანიას ყველა არსებული კონსტიტუციური მექანიზმით ხელისუფლების შესაცვლელად და მოვუწოდებთ საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ.
ჩვენ ყველანი ერთად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12