Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია, ახლები და რესპუბლიკელები ალიანსში ერთიანდებიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 თებ.'09 / 17:44

ირაკლი ალასანიას გუნდი, ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები ერთ ალიანსში ერთიანდებიან, რომლის სახელწოდებაა ”ალიანსი - საქართველოსთვის”. 

ირაკლი ალასანიამ 23 თებერვალს მოუწოდა პრეზიდენტს, რომ 10 დღეში დანიშნოს რეფერენდუმი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე. 

”ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს არ ყოფნის პოლიტიკური ნება მიიღოს შექმნილი ვითარების ადეკვატური გადაწყვეტილება და გადადგეს თანამდებობიდან, ჩვენ მას ვაძლევთ 10-დღიან ვადას დანიშნოს რეფერენდუმი და ქართველოს ხალხს მისცეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება,”- განაცხადა მან პრესკონფერენციაზე საუბრისას.  

”ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ჩვენ თანამოქალაქეებთან ერთად ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამას საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები გვიკარნახებს,”- აღნიშნა მან, ”ჩვენ დავიწყებთ რეალურ მოქმედებას საერთო სახალხო პლებისციტის ჩატარების კუთხით... ხალხის ნების გათვალისწინებას”.

კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმს ნიშნავს პრეზიდენტი, მათ შორის 200 ათასი ამომრჩევლის მოთხოვნის საფუძველზე, ასეთი მოთხოვნის მიღებიდან  30 დღის განმავლობაში. თუმცა კანონმდებლობა პრეზიდენტს უფლებას აძლევს ”მოტივირებული” უარი თქვას რეფერენდუმის დანიშვნაზე.  თანხმობის შემთხვევაში, რეფერენდუმი იმართება არა უადრეს ორი თვისა და არა უგვიანეს ექვსი თვისა რეფერენდუმის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ამასთან, რეფერენდუმის დანიშვნიდან მისი შედეგების გამოქვეყნებამდე დაუშვებელია სარეფერენდუმო საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. 

მოგვიანებით, იმავე დღეს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ ალიანსი არ დაადგება 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებით რეფერენდუმის მიღწევის გზას, რადგან ეს დროში გაწელილი პროცესია და მაქსიმუმ ექვს თვეს წაიღებს. მისი თქმით, ალიანსი 10-დღიანი ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ აქტიურ კამპანიას დაიწყებს ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩათვლით. ამ კამპანიაში მოიაზრება, როგორც ხელმოწერების შეგროვება მათი მოთხოვნების გასამყარებლად, ისე შესაძლო საპროტესტო აქციები, დემონსტრაციები და პიკეტირება, განაცხადა უსუფაშვილმა. 

23 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ალასანიამ განაცხადა, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ რევოლუციისკენ არ წაიყვანოს საზოგადოება.

”სხვა გზები რომ არ დაუტოვო საზოგადოებას დღეს შეიძლება განწყობები მაქეთაც [რევოლუციისკენ] მივიდეს, მაგრამ სწორედ ახლა არის საჭირო საზოგადოების, ოპოზიციის მხრიდანაც და ხელისუფლების მხრიდანაც ისეთ ფორმებზე დიალოგზე გადასვლა, რომ საზოგადოებას არჩევანი მისცე,”- განაცხადა მან, ”ამიტომაც ვსაუბრობდით ერთ-ერთ ალტერნატიულ შესაძლებლობაზე - რეფერენდუმზე ან პლებისციტზე. თუკი საზოგადოება კანონიერად გამოავლენს თავის ნებას, რომ უნდა მოხდეს ცვლილება, დაინიშნოს არჩევნები. თუკი საზოგადოება არ გამოავლენს ასეთ ნებას, მაშინ ბუნებრივია, არავის არ აქვს უფლება მოითხოვოს რაღაც რევოლუციური გარდაქმნები”. 

ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, რეფერენდუმის გაყალბების შემთხვევაში, ხალხის პროტესტმა შესაძლოა უკვე ქუჩაში გადაინაცვლოს.  

”იმ შემთხვევაში, თუ ხალხის გადაწყვეტილების წინააღმდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თუ ვანო მერაბიშვილის მიერ, გარწმუნებთ, რომ სწორედ ასეთ შემთხვევაში იქნება მზაობა იმისთვის,  რომ ხალხმა თავისი პროტესტით ქუჩაში იქნება თუ სხვა ფორმით, სწორედ ისე გადაწყვიტოს საკითხი, როგორც ამას საზოგადოება და საქართველოს ამომრჩეველი ჩათვლის საჭიროდ,” - განაცხადა გამყრელიძემ

ალასანიას განცხადებით, ახლადშექმნილი ალიანსი ”ხელისუფლების ძლიერი ალტერნატივაა”, რომელიც ”საზოგადოების ფართო მხარდაჭერით შეცვლის სააკაშვილს და მის რეჟიმს”. 

ალასანიას განცხადებით, გაერთიანების ”კარი ღიაა” ყველა იმ პოლიტიკური ძალისათვის, ”ვინც იზიარებს ალიანსის მიზნებს და სამოქმედო პრინციპებს”. 

”კონსულტაციები გვქონდა ბატონ ლევანთან [გაჩეჩილაძე], კონსერვატორებთან და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. ეს კონსულტაციები გაგრძელდება,” - აღნიშნა მან.

”ალიანსი - საქართველოსთვის” თავმჯდომარე ირაკლი ალასანია გახდა, ხოლო თანათავმჯდომარეები  - ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე და რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი.

დავით უსუფაშვილმა ალიანსის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში მათი კანდიდატი ირაკლი ალასანია იქნება.

”ბუნებრივია ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ ალიანსის ლიდერს ბატონ ირაკლი ალასანიას საპრეზიდენტო კანდიდატად. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პოლიტიკური მზაობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი,” - განაცხადა უსუფაშვილმა.

კონფლიქტები

უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ალასანიამ კონფლიქტების თაობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წლების წინ ეგონა, რომ ძალის გამოყენება ერთადერთი გზა იყო მათ მოსაგვარებლად და დასძინა, რომ სწორედ ამან განაპირობა მისი გადაწყვეტილება უსაფრთხოების სტრუქტურებში საქმიანობის თაობაზე.

”გულწრფელად გეტყვით, მე მიმაჩნდა, რომ სამხედრო ძალის გამოყენება იყო ერთადერთი გზა შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ეს იყო ჩემი რწმენა, რომელიც გამომდინარეობდა ჩემი გამოუცდელობიდან და იმ ფონს ეფუძნებოდა, რომელიც საქართველოში 1993, 1994 და 1995 წლებში არსებობდა. სხვა გზას ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად ვერ ვხედავდი,” - განაცხადა ალასანიამ.

ალასანიას თქმით, 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის კონფლიქტის დროს მისი ”პირადი ტრაგედიის” გამო, რთული წარმოსადგენი იყო, რომ იგი აფხაზებთან ერთად დაჯდებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან.

ირაკლი ალასანიას მამა, მამია ალასანია, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელთან ჟიული შარტავასთან ერთად დახვრიტეს მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა 1993 წელს სოხუმი აიღეს.

ალასანიას თქმით, მისი რწმენა შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2004 წელს ის პირადად ჩაერთო აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებებში. 

”პირველივე შეხვედრაზე [აფხაზურ მხარესთან] მე დავრწმუნდი, რომ შესაძლებელი იყო პრობლემის მოგვარება პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, რადგანაც მე დავინახე, რომ აფხაზური მხარის მიზანი იყო შეექმნა პირობები გრძელვადიანი სტაბილურობისთვის და მათი ეთნიკური იდენტურობის შენარჩუნებისთვის,” - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მხარისთვის ყოველთვის რთული იყო მიეღო ”ერთიან სახელმწიფო საზღვრებში თანაარსებობის იდეა”, ისინი არასდროს გაურბოდნენ მოლაპარაკებებს ”თანაარსებობის ფორმების” შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებების დროს, რომელიც შუამავლების გარეშე იმართებოდა.

შემდეგ მან გაიხსენა, რომ აფხაზეთის საკითხებში ჩართვის შემდეგ, დაიწყო დოკუმენტის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებდა ორ პრინციპს - დევნილთა დაბრუნებას და ძალის არგამოყენებას. ამგვარი შეთანხმების მიღწევის პირველ მცდელობას 2005 წლის დეკემბერში ჰქონდა ადგილი, განაცხადა მან, თუმცა ის წარუმატებელი გამოდგა ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ”პოლიტიკური სიმამაცის ნაკლებობის” გამო.

”ქართულ მხარეში მე საკუთარ თავსაც ვგულისხმობ,” განაგრძო ალასანიამ, ”ორივე მხარეს ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, რომ საზოგადოება - როგორც აფხაზური, ისე ქართული - არ მიიღებდა ამ ნაბიჯს და მიჩნეული იქნებოდა, როგორც მათი ხელისუფლების სისუსტე. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩემთვის, როგორც მოლაპარაკების მონაწილისთვის: საჭიროა, რომ საზოგადოება მუდმივად იყოს ჩართული მიმდინარე პროცესებში; ჩვენ უნდა ყოველდღიურად ავუხსნათ საზოგადოებას, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღება და რატომ უნდა გაიმართოს პირდაპირი დიალოგი ნაცვლად სამხედრო რიტორიკისა. ეს იყო მთავარი შეცდომა, რომელიც ქართულმა მხარემ - მათ შორის მე და ჩემმა კოლეგებმა დავუშვით; ეს შეცდომა აფხაზურმა მხარემაც დაუშვა - ჩვენ ყველამ ვერ შევძელით საზოგადოება ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერისთვის მოგვემზადებინა”.

მოლაპარაკების კიდევ ერთი მცდელობა 2008 წლის მაისში შედგა, განაცხადა მან. ”აფხაზური მხარე გრძნობდა მაშინ, რომ უბედურება ახლოვდებოდა; რუსული მხარე უბიძგებდა სოხუმს პროვოკაციების მოწყობისკენ ზემო კოდორის ხეობის მიმართულებით; ამდენად, მათ საჭიროდ ჩათვალეს ამგვარი დოკუმენტის არსებობა,” - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, სტოქჰოლმში გამართულ შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ მოსკოვის ზეწოლით მოითხოვა დამატებითი პირობები ზემო კოდორის ხეობიდან ქართული საპოლიციო ძალების გაყვანასთან დაკავშირებით, რამაც შეთანხმება შეუძლებელი გახადა.

გაიმეორა რა წინა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის ”მილიტარისტულმა რიტორიკამ და სამხედრო ზრდის თაობაზე  ზედმეტად გაზვიადებულმა რიტორიკამ”, ასევე აფხაზურ მხარესთან პირდაპირი კონტაქტების შესაძლებლობების იგნორირებამ გამოიწვია აგვისტოს ომი, მან ასევე დასძინა, რომ მას არ სურს დეტალებზე საუბარი და იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ”პროვოკაციის” თავიდან აცილება.

”უკვე აგვისტოში რუსეთის სამხედრო მანქანა სრულად მუშაობდა და ნიუ-იორკიდან ჩემთვის რთული იყო სრულად შემეფასებინა შესაძლებელი იყო თუ არა უკვე დაწყებული ესკალაციის თავიდან აცილება,” - განაცხადა მან, ”თუმცა როგორც სამხედრო განათლების და გამოცდილების მქონე ადამიანმა შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემი აზრით, ჩვენი პასუხი ქართული სოფლების დაბომბვაზე არ უნდა ყოფილიყო სამხედრო შეტევა; პირველ რიგში, უნდა დაგვეცვა ის სოფლები, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით და გამოგვეყვანა მოქალაქეები ამ სოფლებიდან”.

მისი თქმით, ახლა დეტალების გამოძიება დამოკიდებულია ევროკავშირის საგამოძიებო მისიაზე, რომელიც ”კომპეტენტური წევრებითაა” დაკომპლექტებული.

ალასანიას თქმით, საქართველომ უნდა აღიდგინოს ნდობა დასავლელ მოკავშირეებში და ასევე დაარწმუნოს აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარეები, რომ ის არ გამოიყენებს ძალას. ”ამის ერთ-ერთი გზა არის ჩვენი არმიის განვითარების დაწყება არა აგრესიული გზით, არამედ თავდაცვის შესაბამისად,” - განაცხადა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20