Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია: არ უნდა აღმოვჩნდეთ რადიკალიზმის ტყვეობაში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 მარ.'09 / 17:10

ირაკლი ალასანია, რომელიც საკუთარ თავს ”უფრო ცენტრისტ” პოლიტიკოსად მიიჩნევს, აცხადებს, რომ საჭიროა ხელისუფლებაზე ზეწოლის ”მრავალმხრივი” კამპანიის გამოყენება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მისაღწევად.

”საზოგადოებას დღეს აქვს მართლაც რადიკალური განწყობა, მაგრამ ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ ამ რადიკალიზმის ტყვეობაში,” - განაცხადა მან Civil.Ge-სთან ინტერვიუში 10 მარტს.

ალასანიას თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი გეგმავს საკუთარი პარტიული ინფრასტრუქტურის განვითარებას, თუმცა ამჯერად ეყრდნობა პარტნიორი პარტიებს - ახალი მემარჯვენეების და რესპუბლიკელების პარტიულ ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით კი რეგიონებში. მისივე თქმით, ამჟამად მისი მოძრაობა მხოლოდ მისივე გუნდის წევრების მიერ ფინანსდება.
 
თქვენ მოუწოდეთ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც 9 აპრილიდან საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ, შემუშავდეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა; კონკრეტულად რას სთავაზობთ მათ, რა არის თქვენს მიერ შეთავაზებული სამოქმედო გეგმა?

პირველ რიგში, ნება მომეცით გითხრათ თუ რა არის ალიანსის გეგმები. უკვე ვართ რეგიონებში შტაბების ფორმირების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს, მიმართული იქნება იქითკენ, რომ მაქსიმალურად მეტი მოქალაქე იყოს ჩართული ’პლებისციტის’ განხორციელებაში, ოპერატიულად ხელმოწერების განხორციელებაში, რისი მოთხოვნაც არის ხელისუფლების  მშვიდობიანი, კონსტიტუციური ცვლა, საპრეზიდენტო რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

მეორე ამოცანა, რაც შტაბებს ევალება, ეს არის საზოგადოების ნაწილთან და მოქალაქეებთან ურთიერთობა რეგიონებში და ამ ურთიერთობაში გამოვიმუშავოთ ქვეყნის განვითარების სამომავლო სტრატეგია. ჩვენ უკვე საექსპორტო დონეზე დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ეს იქნება შეთავაზება, პლატფორმა, რომლითაც საზოგადოების წინაშე ჩვენი პოლიტიკური ძალა უნდა წარსდგეს.

ასევე გვაინტერესებს იმ ადამიანების აზრი, ვისთვისაც უშუალოდ ეს კეთდება. ამიტომ  მაგალითად ხვალ [11 მარტს] იგეგმება ფართო შეხვედრა დევნილთა საზოგადოების წარმომადგენლებთან და ასე გვექნება მუდმივი ურთიერთობა საზოგადოებასთან.

დიალოგის ფორმა გვინდა საზოგადოებასთან რეგიონებში და რა თქმა უნდა, დედაქალაქშიც და ეს შტაბები იქნება ამის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი  ინსტრუმენტი; მათ ექნებათ ორი ამოცანა - პირველი ხელმოწერების და პლებისციტის განხორციელება და მეორე, ჩვენი უშუალო ურთიერთობის ფორმის გამოძებნა საზოგადოებასთან.

ამასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს  კონსულტაციები ოპოზიციურ სპექტრთან, იმ სპექტრთან, რომელიც ითხოვს საპროტესტო აქციების დაწყებას აპრილში.

მე განვაცხადე, რომ ეს ორი მიმართულება აბსოლუტურად არ გამორიცხავს ერთმანეთს და შეიძლება გახდეს ერთმანეთის შემავსებელი. ბუნებრივია, ჩვენ ვთვლით, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების განხორციელება არის ხალხის ნების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა და ამ შემთხვევაში ჩვენ, რადგანაც ვთანხმდებით საერთო მიზანზე და მიზანი არის ხელისუფლების მშვიდობიანი გადადგომა, ბუნებრივია, ამ ბრძოლის მეთოდზეც [საპროტესტო აქციები] გვაქვს შეთანხმება, მაგრამ აქ არის საუბარი კონკრეტულ კონსულტაციებზე, რა ფორმით, როგორი ორგანიზებით, რა ხანგრძლივობით უნდა განხორციელდეს  ეს პროცესი.

კონკრეტულად ამ საკითხებზე რას სთავაზობთ სხვა პარტიებს?

პირადად მე წარმომიდგენია, რომ ეს უნდა იყოს ნაწილი ზოგადად მთელი სტრატეგიის, ვთქვათ, იგივე მონიტორინგის განხორციელება სახელისუფლებო სტრუქტურებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ისეთი დავალება, რაც არ ჯდება კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში.  ანუ საზოგადოების მუდმივი ზეწოლის ქვეშ და მონიტორინგის ქვეშ ვამყოფოთ ხელისუფლება და მოუწოდოთ მათ, რომ დიალოგის რეჟიმში ოპოზიციურ ძალებთან დაიწყოს ქვეყნის რეალურად მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესი.

ნიშნავს თუ არა ეს რომ, თქვენი ხედვით, ეს უნდა იყოს გრძელვადიანი პროცესი?

მე არ ვიძახი, რომ ეს გრძელვადიანი უნდა იყოს, რომელიც შეიძლება გაიჭიმოს წლები ან თვეები, ეს უნდა იყოს განგრძობითი პროცესი, რომ საზოგადოებამ რეალურად დაანახოს თავისი ძალა და თავისი მოთხოვნის სიმართლე ხელისუფლებას და ასევე საერთაშორისო თანამეგობრობასაც. ჩვენ ამიტომ ვთვლიდით, რომ რეფერენდუმი იქნებოდა ერთ-ერთი გამოსავალი აქედან, განმუხტვის კუთხით. რეფერენდუმის შემთხვევაში საზოგადოების, მოქალაქეების ხელში გადავიდოდა გადაწყვეტა იმისი არის თუ არა რიგგარეშე არჩევნები ჩასატარებელი.

ბუნებრივია იმასაც ვითვალისწინებთ რა კრიტიკული შენიშვნებიც იყო ოპოზიციისგან - რომ განხორციელდება თუ არა ეს თავისუფალი და წესიერი რეფერენდუმის გზით არსებულ პირობებში. მაგრამ აქაც ვთვლიდით, რომ რესურსი პოზიტიური ზეწოლის ხელისუფლებაზე არსებობდა, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც - თქვენ იცით, რომ საერთაშორისო  საზოგადოება რეალურად იღვწის, რომ აქ იყოს მედიის თავისუფლება, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და ხედავენ, რომ საქართველოს განვითარების ძირითადი პრობლემა სწორედ ხელისუფლების ერთი კონკრეტული ორგანოს, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიერ არის უზურპირებული. ამ კომბინირებული ზეწოლით მოხერხდებოდა სამართლიანი რეფერენდუმის ჩატარება, მაგრამ ეს შანსი უკვე გაუშვა ხელისუფლებამ.

ეს უნდა იყოს მრავალმხრივი საპროტესტო აქციები, მრავალმხრივი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ერთი, ვთქვათ კონკრეტული აქციით. ამ კუთხით გარკვეულ წილად ამ კონსულტაციებში იკვეთება ერთსულოვნებაც. ამიტომ დაველოდოთ ამ კონსულტაციების დასრულებას უახლოეს დღეებში.

ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ იმას, რომ საზოგადოების შეკვეთა არის ერთსულოვნებაზე და ერთობაზე. საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები, ჯგუფები უკვე ძალიან ღიად გამოდიან, ადასტურებენ თავის მხარდაჭერას ოპოზიციური  განწყობისადმი, მაგრამ ასევე გვთხოვენ, რომ ოპოზიციის სპექტრი იყოს მაქსიმალურად შეკრული, კონსოლიდირებული, რაც ასევე უნდა გახდეს მოტივაცია ჩვენთვის ყველასთვის, რომ ერთობლივი გეგმით ვიმუშაოთ.

ჩვენი კამპანიით გვსურს დავანახოთ [საზოგადოებას], თუ ცვლილების შემდეგ ქვეყანა როგორ განვითარდება. რაშიც ვთანხმდებით არის, რომ ხელისუფლების ცვლა უნდა მოხდეს მშვიდობიანად, მაგრამ მოქალაქეს უნდა ქონდეს წარმოდგენა ამის მერე რა იქნება, რითი იქნება შემდგომი პერიოდი უკეთესი, ვიდრე დღეს არის. ამიტომაც არის აუცილებელი პლატფორმა ქონდეს პოლიტიკურ ძალას, თუ როგორ განავითარებ ქვეყანას - საგარეო პოლიტიკაში, როგორ აპირებ დაშვებული უდიდესი შეცდომების გამოსწორებას; კონფლიქტების დარეგულირებას - აი ეს არის თემები, რომელიც უნდა აუხსნა საზოგადოებას და იცოდეს.

პრეზიდენტს აქვს უფლება ნებისმიერ დროს დანიშნოს რეფერენდუმი; თუ ვთქვათ დაინიშნა რეფერენდუმი იმ დროს როდესაც პროცესმა შესაძლოა განვითარების პიკს მიაღწიოს, თქვენი ალიანსი თუ დათანხმდება რეფერენდუმს?

ჩვენი პოზიცია დამოკიდებული იქნება იმ კონკრეტული ვითარებაზე, რომელიც იმ კონკრეტულ დროს იქნება. თუმცა რეფერენდუმი თავად ხელისუფლებამ მოხსნა უკვე დღის წესრიგიდან, როდესაც განაცხადეს რომ არ აპირებენ რეფერენდუმის ჩატარებას.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ალიანსის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად თქვენს დასახელებას მოჰყვა პროცესების დაჩქარება. ამ განცხადებიდან სულ რაღაც რამოდენიმე საათში გამოცხადდა, რომ ოპოზიციური პარტიების მეორე ჯგუფი გეგმავდა 9 აპრილიდან მიტინგების დაწყებას. ამასთან იკვეთება კონკურენციაც ოპოზიციურ ჯგუფებს შორის, რათა მოხდეს ინიციატივის ხელში აღება.

კონკურენცია არსებობს და ეს ბუნებრივია, გასაგებია. მე ვთვლი, რომ ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს საპრეზიდენტო ამბიციები, ჯერ ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. ბუნებრივია, ჩვენ დღეს გვიდგას კონკრეტული ამოცანა ორგანიზება გავუკეთოთ მშვიდობიან, კონსტიტუციურ ცვლას ქვეყანაში და ყველამ, კიდევ ვიმეორებ, ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური ძალა თუ სხვა პოლიტიკური ძალა, ეს [ამბიციები] გარკვეულწილად უნდა გადადოს გვერდზე. ვინ იქნება პირველი - ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტი; რა თქმა უნდა, ჩატარდება თავისუფალი არჩევნები.

პროცესებს აჩქარებს თავად შექმნილი მდგომარეობა, ის კრიზისი, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში და ხელისუფლების უუნარობა, რომ ამ კრიზისს რეალურად შეებრძოლოს. ეს არის ძირითადი განმსაზღვრელი იმ დინამიკის, რომელიც დღეს გაჩნდა ქვეყანაში.

საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს რადიკალური მოთხოვნები, მათ შორის ხელისუფლების შეცვლის პროცესის დაუყოვნებლივ დასრულება, რაც რადიკალიზაციის კიდევ უფრო გაზრდის საფრთხეს შეიცავს; რა იქნება თქვენი გზავნილი საზოგადოების ამ ნაწილისადმი?

ჩემი პოზიცია არის ის, რომ ეს აქციები არ უნდა გასცდეს მშვიდობიან ფორმებს. აქედან არის გამომდინარე ჩვენი პრინციპული შეთავაზებები, რომ ძალიან კარგად იყოს დაგეგმილი და ორგანიზებული ნებისმიერი აქცია, მათ შორის 9 აპრილის აქცია იქნება თუ სხვა ნებისმიერი.

დიდი პასუხისმგებლობა და ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ეკისრება ხელისუფლებას - რამდენად ადეკვატური იქნება მოვლენების, რამდენად ექნება ნოემბრის მოვლენების განმეორებას მცდელობა.

ხელისუფლებამ თუკი დაუშვა ანალოგიური შეცდომები, რაც დაუშვა ნოემბერში და მოხდა, ვთქვათ, ძალისმიერი ჩარევა პროცესებში, ეს მართლაც შესაძლებელს გახდის უკონტროლო ესკალაციას საზოგადოებაში და იმ კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე, რაც შეიძლება, რა თქმა უნდა, დასრულდეს ძალიან მძიმე შედეგებით.  

ბუნებრივია განწყობებიც არსებობს სხვადასხვანაირი, მაგრამ მთავარი იქნება, რომ არ მიეცეს არავის მიზეზი, რომ ეს აქციები გამოყენებულ იქნეს ესკალაციისთვის, დესტაბილიზაციისთვის. ყველაზე უკანასკნელი, რაც საქართველოს სჭირდება დღეს, ეს არის სამოქალაქო დაპირისპირება.

მე პრაქტიკულად ასეთ შესაძლებლობას ამ შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოდ განვიხილავ იმიტომ, რომ ამ ხნის განმავლობაში სწორედ ამის გამო ხდება ეს კონსულტაციები ოპოზიციურ ძალებში, რომ ეს გეგმა იყოს მშვიდობიანი და გეგმა იყოს მკაცრად ორგანიზებული, ანუ ყველაფერს სჭირდება ძალიან სწორი ორგანიზება და ამ შემთხვევაშიც ამ საკითხზე არამარტო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა რომ იყოს სიტუაციის ადეკვატური, ბუნებრივია, ჩვენი პასუხისმგებლობაც არის საზოგადოებრივი უსაფრთხოება იყოს დაცული ამ პროცესში.

საზოგადოებას დღეს აქვს მართლაც რადიკალური განწყობა, მაგრამ ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ ამ რადიკალიზმის ტყვეობაში. ჩვენი მთავარი სიძლიერე არის სიმართლე და ეს სიმართლე უნდა მივიტანოთ ხალხთან და ის ხალხი სწორედ ადეკვატური იქნება იმ მოთხოვნების, რასაც წამოაყენებს და რასაც დღეს ითხოვს საზოგადოების დიდი ნაწილი.

აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ დიალოგის რეჟიმში ვიყოთ მუდმივად საზოგადოებასთან, არ უნდა ავუმაღლოთ მოლოდინი, რომ შეიძლება ერთ საათში ან ერთ დღეში შეიძლება ამის დასრულება.

ეს არის ხანგრძლივი პროცესი კიდევ ვიმეორებ, დროში განგრძობადი პროცესი. ამიტომაც ყველა ჩვენი რესურსი მიმართული უნდა იყოს აქეთკენ, რომ მაქსიმალურად მრავალმხრივად მივიტანოთ მშვიდობიანი, კონსტიტუციური ფორმებით ხელისუფლებაზე ზეწოლა.

გულისხმობთ თუ არა იმას რომ არსებობს იმის რისკი, რომ სპონტანურმა პროცესებმა წარმართოს პოლიტიკოსები და ეს მათი კონტროლიდან გამოვიდეს?

მაქსიმალურად უნდა იყოს თავიდან აცილებული სიტუაციის სპონტანურად წარმართვა, მითუმეტეს, რომ ძალიან დიდი საფრთხეა პროვოკაციების, ძალიან დიდი საფრთხეა იმისი, რომ პროვოცირებული იყოს დაპირისპირება სხვადასხვა ჯგუფებს შორის საპროტესტო აქციებში. ამიტომაც ძალიან დიდი წინდახედულობა და მომზადება სჭირდება ამ აქციას.

მაგრამ, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს პროცესი ვერ დასრულდება ერთ დღეში; ეს უნდა იყოს დროში განგრძობადი პროცესი, ხელისუფლებაზე მრავალმხრივი ზეწოლის მოხდენის გზით.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა დიდი უმეტესობა არის პატიოსანი, პატრიოტი ხალხი და მათ უნდა ქონდეთ იმის განცდა, რომ ეს ცვლილება არ ემუქრება იმ ადამიანებს, ვინც პატიოსნად და პატრიოტული მოტივით ემსახურება დღეს ხელისუფლებას და სახელმწიფოს.

ეს ცვლილება არავითარ შემთხვევაში არ მოიტანს რევანშიზმს. ეს ყველას ძალიან კარგად უნდა ქონდეს გათვითცნობიერებული. რევანშიზმი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.

თქვენ აცხადებთ, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს, მერე რას სთავაზობთ მას; როგორ გესახებათ მისი როლი, მას შემდეგ თუ ვთქვათ, ის გადადგა?

ეს თავისი ასარჩევი იქნება, ბუნებრივია. თუკი ასეთი გადაწყვეტილება თავად მიიღო, ბუნებრივია, ეს იქნება კიდევ ერთხელ მისი მხრიდან დემონსტრირება, უფრო სწორედ შანსი ექნება, რომ თავისი წვლილი შეიტანოს  ქვეყნის განვითარების მომავალში, თუკი ის მშვიდობიან ტრანსფორმაციას შეუწყობს ხელს.

არსებობს სხვა ვერსიაც, რა თქმა უნდა; მისმა ნაბიჯებმა ისევე როგორც ტრაგიკული მოვლენების დროს თუნდაც აგვისტოში, გაუთვლელმა ნაბიჯებმა, რომელმაც ჩააბა საქართველო რუსულ პროვოკაციულ ომში, აქაც მოხდეს კიდევ უფრო გართულება  ვითარების, თუ ის არ იქნება ადეკვატური სიტუაციის. ამიტომ ძნელია დღეს თქვა კონკრეტულად რა მიმართულებით წაიყვანს ხელისუფალი, კონკრეტულად სააკაშვილი ამ მოვლენებს. ბევრი რამე მასზეა დამოკიდებული, შემიძლია პირდაპირ გითხრათ. 

როგორც ყველა გადამდგარი პრეზიდენტი, ბატონი ედუარდიც აგრძელებს ცხოვრებას, მოღვაწეობას ჩვეულებრივად, მასაც [სააკაშვილს] ექნება ყველანაირი გარანტიები, ბუნებრივია, რომ ნორმალურ ვითარებაში გააგრძელოს მოღვაწეობა, სადაც მას სურს.

მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რევანშიზმი ეს არ არის ის, რისთვისაც ჩემი პოლიტიკური გუნდი აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას.

ეს არ ეხება, რა თქმა უნდა, კრიმინალებს, ვისაც ჩადენილი აქვს კონკრეტული კრიმინალური დანაშაულებები. მაგრამ იმის გამო, რომ ვინმე ერთგულებდა სააკაშვილს ან ხელისუფლებას, ეს არ უნდა იყოს განხილული როგორც საბაბი რაიმე ზემოქმედების მოხდენის ამ ადამიანებზე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთავარი აქ არის მოხდეს ის, რომ ყველამ გაიგოს - რევანშიზმს წერტილი დაესმება საქართველოში და ის ადამიანები პატრიოტები, რომლებიც დღესაც მსახურობენ შინაგან საქმეთა, სამართალდამცავ სტრუქტურებში, თავდაცვის სტრუქტურებში გააგრძელებენ ჩვეულებრივად მოღვაწეობას.

რა შეიძლება იყოს ის შემოთავაზება - გარდა პრეზიდენტის გადადგომისა - ხელისუფლების მხრიდან, რაზეც თქვენ შეიძლება დათანხმდეთ?

მე ამას ასე ვუპასუხებ - ჯერ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებამ რეალურად ნება გამოავლინოს და დაანახოს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ეს ნება არის მტკიცე და საზოგადოება ითხოვს ცვლილებას.

ბუნებრივია მე - ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე - ყოველთვის ვიქნები დიალოგის მომხრე, მაგრამ არასდროს არ ვიქნები დიალოგის მომხრე ეროვნული ინტერესების ხარჯზე.

ბუნებრივია, ეს დიალოგი, თუკი შედგება ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ნაწილს შორის - ეს უნდა იყოს გამჭირვალე, ტრანსპარენტული და უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ამოცანას. გადახვევა ამ მოთხოვნიდან არ იქნება შესაძლებელი, ანუ ყველა ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის უმძიმესი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას. დანარჩენს, ბუნებრივია, თუკი შედგა ამგვარი დიალოგი, ის გვაჩვენებს. წინასწარ ამაზე ლაპარაკი არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. თუ იქნება კომპრომისული შემოთავაზება, ბუნებრივია, ამის მერე იქნება პასუხი ამ შემოთავაზებაზე. ამიტომ ჰიპოთეტურად ამაზე ლაპარაკი  ჯერ ნაადრევია, თუმცა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ დიალოგი გამორიცხული არ არის

თქვენ გაქვთ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ საჯარო პოლიტიკაში ახლადმოსული ხართ და პრინციპში საზოგადოება, როგორც პოლიტიკოსს, თქვენ არ გიცნობთ. ამის მიუხედავად, როგორც ამბობენ, თქვენ ამჟამად კარგი საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობთ. თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი?

სახელმწიფო სამსახურში ვიყავი, მაგრამ საჯარო პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, არ მიაქტიურია და ჩემს რეიტინგზე, საზოგადოებრივ ნდობაზე, თუ რასაც დაარქმევთ ამას, საგანგებოდ არ მიზრუნია.

მე არ ვიცი კონკრეტულად რას დაუკავშირო ეს ბოლოდროინდელი დამოკიდებულება საზოგადოების ჩემს მიმართ, შეიძლება ეს უკავშირდებოდეს ჩემს გაეროში მოღვაწეობის პერიოდს, შეიძლება მანამდეც, ვთქვათ, სადაც ვმუშაობდი   ეს იქნებოდა თავდაცვის სტრუქტურა თუ უშიშროების სტრუქტურები; მაშინაც გარკვეული დამოკიდებულება გაჩნდა საზოგადოებაში ჩემს მიმართ.

თუმცა დიდი ნაწილი საზოგადოების არ მიცნობს და სწორედ ამიტომაც მინდა ძალიან სერიოზულად გავშალო ჩემი კამპანია რეგიონებშიც, სადაც ხალხთან უშუალო კავშირში ავხსნი რა დამოკიდებულება მაქვს პოლიტიკური პროცესებისადმი, რას ვაპირებ მომავალში, რომ ხალხს გაუჩნდეს ჩამოყალიბებული აზრი.

თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტის მომხრე ბრძანდებით. იქნებ დააკონკრეტოთ ზუსტად რომელი ტიპის, ვთქვათ ეს არის ფრანგული ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა, თუ ამერიკული?

კონკრეტული მოდელის ბრმად გადმოღება, იქნებოდა ეს ამერიკული თუ ფრანგული, საქართველოში არ არის სწორი.

მე ვარ მომხრე ძლიერი საპრეზიდენტო რესპუბლიკის, მაგრამ ასევე ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობით, ანუ აქ საუბარი იქნება რეალურად ძალაუფლების ისეთი გადანაწილებაზე საპარლამენტო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის, რომელიც გამორიცხავს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას პრეზიდენტის მხრიდან ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მითუმეტეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ომის და მშვიდობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებები, ქვეყნის სამართალდაცვითი სისტემის მოწყობა და მათი სამოქალაქო კონტროლი. აი ეს ის საკითხებია, რომლის გარშემოც აუცილებელი გახდება რეალური საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება საქართველოში.

ბუნებრივია, არის საუბარი და მოსაზრება რომ საპარლამენტო რესპუბლიკა შეიძლება უფრო იყოს მორგებული ქართულ მენტალიტეტს. ამას ყველაფერს, ჩემი აზრით, სჭირდება ძალიან კარგი გაანალიზება. თუკი ასეთი საკითხი დადგა და მოთხოვნა იქნება საზოგადოებაში, ბუნებრივია, საზოგადოების მოთხოვნით შეიძლება ჩატარდეს ამაზე რეფერენდუმი.

სააკაშვილის პირობებში რეალურად არც ერთი ინსტიტუტი არ გაამართლებდა, არც ერთი მოდელი. იმიტომ, რომ მან შეცვალა კონსტიტუცია და უზურპირება გაუკეთა ხელისუფლებას. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ვერც ერთი მოდელი ვერ იფუნქციონირებს.

რა პოლიტიკური ორიენტაციის ხართ?

იცით... ალბათ უფრო ცენტრისტული მიმართულების ადამიანი ვარ.

ვმსახურობდი რა 15 წელი ხელისუფლებაში, ძალიან კარგად ვიცი ის ნაკლოვანებები, რაც აქვთ ვთქვათ ამ სისტემებს და ამავე დროს გამიჩნდა გარკვეულწილად სახელმწიფოებრივი აზროვნების უფრო მაღალი პასუხისმგებლობის ხარისხიც.

ჩემი აზრით, საქართველოში აუცილებელია არსებობდეს სხვადასხვა მიმართულების პოლიტიკური ძალა, ბუნებრივია და აუცილებელია რეალურად ეს პლურალისტურად იყოს ასახული პარლამენტში. ასევე ჩვენი პრობლემის ძირითადი ელემენტი ისიც არის,  რომ პარლამენტმა რეალურად ვერ ასახა ადეკვატურად საზოგადოების ნება და ასეთი პარლამენტი ვერანაირ კონტროლს ვერ ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

ჩემი აზრით რაც უფრო მეტი იქნება ცენტრისტული მიმართულების განწყობის პოლიტიკოსები, ბალანსი უფრო ადვილი დასაჭერი იქნება რეალურად ხელისუფლების სწორი მართვის პირობებში. თუმცა მე უმეტესწილად, ყველა პოლიტიკური მიმართულების და მსოფლმხედველობის პარტიებს პატივს ვცემ და შემიძლია ავხსნა რატომ არიან ამ მიმართულებების მხარდამჭერები.

ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე რას იტყვით?

სარწმუნოება, ეკლესია პრაქტიკულად ისტორიულად გაიგივებული იყო სახელმწიფოებრიობასთან საქართველოში. იმიტომ, რომ ჩვენი გადარჩენა ყოველთვის დამოკიდებული იყო რწმენის სიმტკიცეზე და ეკლესიის სიძლიერეზე.

მაგრამ, ბუნებრივია, დღეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში მხოლოდ და მხოლოდ იმით უნდა ვიხელმძღვანელოთ რაც არის პოლიტიკური და ეროვნული ინტერესები ქვეყნის, რაშიც ეკლესია და ჩვენი სულიერება რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს.

დღეს არ არის შემთხვევითი, როდესაც ამ პირობებში, როდესაც ნდობა აქვს დაკარგული პრაქტიკულად ხელისუფლებას და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკლესია არის ერთადერთი მორალური დასაყრდენი, ყველაზე ძლიერი მორალური დასაყრდენი და სულიერი დასაყრდენი ჩვენი საზოგადოებისთვის.

უნდა იყოს თუ არა საქართველო ნატო-ში; არის ეს საქართველოსთვის უალტერნატივო?

მე პირდაპირ გეტყვით, რომ დღეს ნატოში ვერ ვიქნებით. ეგ იმიტომ, რომ ეს პროცესი არის დაბლოკილი და ამ პროცესის დაბლოკვას ხელი შეუწყო აგვისტოს მოვლენებმაც.

ნატო-ში ინტეგრაცია არის საზოგადოების ნება გამოვლენილი პლებისციტით, ამიტომ ეს ხაზი ჩვენი საგარეო პოლიტიკის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დავიწყებული.
 
მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური უსაფრთხოების სხვა ფორმებზეც ვიფიქროთ. ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოხდეს ისეთი  სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა, რომელიც ევროპული უსაფრთხოების სისტემის განუყოფელ ნაწილად გაგვხდის. ეს ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ჩვენ რეალურად დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზით გავხდებით დემოკრატები.

მაგრამ აქვე ჩნდება საკითხები ჩვენი რეგიონის მეზობლებთან ურთიერთობის და მათ შორის რუსეთთან. ამ ეტაპზე, როდესაც  რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი და პრაქტიკულად აგრესია გრძელდება რუსეთის მხრიდან, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, რჩება ძალიან მნიშვნელოვნად, თუ რა ფორმით უნდა დავიწყოთ ურთიერთობა რუსეთთან.

ეს სწრაფად არ მოხდება, ეს არის ურთულესი ეტაპი და ჩემი აზრით, ჩვენი ინტეგრაცია ევროპაში გახდება ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ რუსეთთან პარიტეტულ საწყისებზე დავალაგოთ ურთიერთობა.

იმის გამო, რომ რუსეთის აგრესიული ომის მერე მიმდინარეობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ამიტომ ჩვენ უნდა შევიცვალოთ ორიენტაცია, ეს არ შეიძლება. ეს არის მცდარი აზრი.

დროდადრო ნეიტრალიტეტის თემა ჩნდება დისკუსიებში...

ამ ეტაპზე არარეალისტურად მიმაჩნია ამ მიმართულებით რაიმე ხელშესახები შედეგის მიღწევა.

ავღანეთში უნდა გავაგზავნოთ თუ არა ჯარები?

მე ვთვლი, რომ ჩვენი სახელმწიფო სიძლიერე იმაშიც უნდა გამოიხატოს, რომ ჩვენ არა ვართ უსაფრთხოების მხოლოდ მომხმარებლები, არამედ უნდა ვიყოთ დონორებიც.

თქვენი აზრით რა არის ის ძირითადი პრობლემა, რომელიც საზოგადოებაში იჩენს თავს?

ჩემი აზრით, უმთავრესი პრობლემა, რასაც მე ვხედავ, ეს არის რეალურად დაბნეულობა საზოგადოებაში, ანუ არ არსებობს სწორი მორალური ორიენტირი საზოგადოების დიდ ნაწილში, რაც განაპირობა, სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის მართვის არასწორმა, ხშირ შემთხვევაში, უზნეო სტილმაც.

ამიტომაც, პირველ რიგში, სწორი მორალური მაგალითის ადამიანების, ლიდერების მოვალეობა იქნება საზოგადოებას მისცეს სწორი მორალური ორიენტირები. ბუნებრივია, აქ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და ექნება ყოველთვის საქართველოს ეკლესიასაც.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13