Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველომ ვაშინგტონის ლობისტურ ფირმებთან 770 ათას დოლარიანი კონტრაქტები დადო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 მარ.'09 / 12:34

საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ში რამოდენიმე PR-საკონსულტაციო და ლობისტური ფირმა დაიქირავა, რათა ვაშინგტონში, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, საქართველოსადმი  მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიეროს, იტყობინება 19 მარტს, ვაშინგტონში გამომავალი გაზეთი The Hill.

გაზეთი, რომელიც ძირითადად ამერიკის კონგრესის თემატიკის და მასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ახდენს, იუწყება, რომ საქართველოს მთავრობამ ახლახანს 300 ათასი აშშ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა ლობისტურ ფირმა Public Strategies-სთან. კონტრაქტის ხანგრძლივობა ექვსი თვეა.

საქართველოს საკითხებზე ამ ფირმაში იმუშავებს რამოდენიმე გავლენიანი პირი დემკრატიული პარტიიდან, მათ შორის ჯეფ ელერი, რომელიც პრეზიდენტ კლინტონის დროს თეთრი სახლის მედია კამპანიას კურირებდა და რობერტ ლუდკე, რომელიც წარსულში დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური კომიტეტის საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხების ანალიტიკოსი იყო.

ამას გარდა, The Hill-ის ცნობით, საქართველომ 11 თვის ვადით დაიქირავა ორი კონსულტანტი - დენიელ კუნინი, რომელიც წლების განმავლობაში სააკაშვილის მრჩეველი იყო და გრეგორი მანიატისი. კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 470 ათასი აშშ დოლარია და ამ თანხას, გაზეთის ცნობით, კუნინი და მანიატისი გაიყოფენ.

”კონტრაქტის მიხედვით ჩვენ უნდა მივაწოდოთ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო ურთიერთობებზე, კერძოდ კი აშშ-სთან მიმართებაში სტრატეგიასა და კომუნიკაციებთან დაკავშირებული რჩევები,” - განაცხადა მანიატისმა გაზეთისადმი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში.

აღნიშნული ახალი საკონსულტაციო კონტრაქტები ემატება უკვე არსებულ ლობისტურ ფირმას Glover Park Group-ს, რომელიც როგორც The Hill-ი იტყობინება, საქართველოს მთავრობამ შარშან, აგვისტოში დაიქირავა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისადმი წარდგენილ დოკუმენტაციაში Glover Park Group-ი მიუთითებს, რომ მან საქართველოს მთავრობისგან გაწეული მომსახურეობისათვის 320 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

იმავე დოკუმენტაციის მიხედვით, დაქირავების შემდეგ Glover Park Group-მა 50-ზე მეტი კავშირი დაამყარა კონგრესმენებისა და სენატორების ოფისებთან, რათა საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისთვის ორგანიზება გაეწიათ, ან განეხილათ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ფირმას, საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით, კონტაქტები ქონდა სენატის უმრავლესობის ლიდერ ჰარი რიდის თანაშემწეებთან და ასევე რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ სარა პეილინთან. Glover Park Group-ის კიდევ ერთ-ერთი მიზანი ასევე იყო პრეზიდენტ სააკაშვილის მედიაში წარმოჩენა.

აღნიშნული ფირმების გარდა, საქართველოზე ასევე მუშაობდა Orion Strategies, რომელმაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, 2008 წელს საქართველოს მთავრობისგან 150 ათასი აშშ დოლარი მიიღო.  როგორც The Washington Post-ი 2008 წლის აგვისტოში იტყობინებოდა, Orion Strategies-მა 2004 წლიდან მოყოლებული საქართველოსგან მთლიანობაში 800 ათასი აშშ დოლარი მიიღო. ამჟამად ამ ფირმასთან საქართველოს კონტრაქტი აღარ გაუგრძელებია. აღსანიშნავია, რომ Orion Strategies არის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ჯონ მაკკეინის  საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლის რენდი შუნემენის მიერ დაფუძნებული.

ვაშინგტონის ლობისტურ ფირმებთან კონტრაქტებზე არსებული ინფორმაცია, The Hill-ის ცნობით, აშშ-ში საქართველოს საელჩომაც დაადასტურა.

აშშ-ის გარდა, საქართველოს მთავრობას ევროპაშიც ყავდა დაქირავებული PR-საკონსულტაციო ფირმა - ბრიუსელში განთავსებული Aspect Consulting-ი.

საქართველოს დაზვერვის ხელმძღვანელმა, გელა ბეჟუაშვილმა, 20 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი აქტიურად იყენებს საერთაშორისო ლობისტურ ჯგუფებს, PR-კომპანიებს და უცხოურ მედიას საქართველოს დისკრედიტაციისთვის და საქართველოზე დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.

მისი თქმით, რუსეთმა მხოლოდ 2008 წელს საქართველოსთან PR-ომში 20 მლნ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა.

მან ასევე დაასახელა ის კომპანიები, რომლებსაც, მისი თქმით, კრემლი პირდაპირ თუ ”გაზპრომის” მეშვეობით უკვეთავდა 2006 წლიდან საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას. ამ კომპანიებს შორის მან დაასახელა: Ketchum Ltd; Gavin Andreson; GPlusAlston&Bird, LLP.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39