საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა განცხადებით მომავალი კვირიდან პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით პროტესტის ”ბოლო ფაზა” დაიწყება, მათ შორის რეგიონებიდან მოსახლეობის მობილიზების გზით.
ეროვნული ფორუმის წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელით 16 აპრილს, აქციების დაწყებიდან მე-8 დღეს პარლამენტის წინ შეკრებილ ათასობით მომიტინგეს მომავალი კვირის სამოქმედო გეგმა გააცნო.
მისი თქმით, თბილისის მასშტაბით დღეიდან დაიწყება სამოქალაქო კომიტეტების შექმნა, რომლებშიც დარეგისტრირდებიან მხარდამჭერები იმისათვის, რომ ”ამ აქციებმა მიიღოს კიდევ უფრო ორგანიზებული ხასიათი” და ”ფართო მასშტაბები”. რეგისტრაცია იწარმოებს ყველა ორგანიზატორი პარტიის თბილისის ოფისებში.
გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერები გაემგზავრებიან რეგიონებში და ქალაქებიდან - ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, სენაკი, სამტრედია, ქუთაისი, გორი, მცხეთა, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო - უზრუნველყოფენ მოსახლეობის ორგანიზებულ ჩამოყვანას სამშაბათის აქციაზე.
”რადგან სააკაშვილმა ვერ გაიგო ის, რომ თბილისელებს არ სურთ მისი პრეზიდენტობა, ჩვენ გავაგებინებთ რომ მთელ საქართველოს არ სურს მისი პრეზიდენტობა,”- განუცხადა მელაშვილმა მომიტინგეებს, ”თუ ეს მისთვის საკმარისი არ იქნება, სამშაბათიდან ეს აქციები მიიღებს უფრო მწვავე, კონსტიტუციურ და კანონიერ ხასიათს”.
ამასთან, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში თბილისში აქციები სამ ადგილას ”მოკრძალებულად” გაგრძელდება - პარლამენტის წინ, ავლაბრის რეზიდენციასთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც კარვები და საკნებია განთავსებული.
”ჩვენ არ ვაპირებთ ავშალოთ ეს ადგილები,”- განაცხადა მელაშვილმა, ”პირიქით ლიდერები ვიქნებით ყოველდღე აქ და გაგაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმებს”.
ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, მომავალი კვირის სამშაბათს და ოთხშაბათს იქნება ”უმწვავესი” აქციები ”სიმწვავის სიურპრიზებით”. მისი თქმით, სამშაბათს მომიტინგეებთან გასვლას გეგმავს ასევე მისი ძმა, გიორგი გაჩეჩილაძე იგივე ”უცნობი”, რომელიც იანვარის ბოლოდან სატელევიზიო ’საკანში’ იმყოფება. ”უცნობი” აცხადებს, რომ ის პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომამდე ”პატიმრობაზე” უარის თქმას არ აპირებს. იგი ოპოზიციის ამჟამინდელი კამპანიის მნიშვნელოვან ნაწილად მოიაზრება.
”დავიწყოთ საბოლოო მობილიზაცია საბოლოო აკორდისთვის,”- მოუწოდა ლევან გაჩეჩილაძემ დღეს მომიტინგეებს.
ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ”ხელისუფლების დემონტაჟის ბოლო ფაზაში” ოპოზიცია ”დინამიურ და აგრესიულ მოქმედებას” გეგმავს. მისი თქმით, ”დაძაბულობის კერები” გაჩნდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
”ხელისუფლებამ უნდა ნახოს რა არის გამძვინვარებული, სამართლიანი საქართველო,”- განუცხადა მან მომიტინგეებს.